ისლამი სოციალურ ცხოვრებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ამიტომ მლოცველების მიერ ჯემა’Eეთით ლოცვის შესრულება და მეჩეთში სისტემატიური სიარული განსაკუთრებით ყურადსაღებია. ისლამი მორწმუნეებს ურჩევს დღეში ხუთჯერ მივიდეს მეჩეთში და ლოცვა აღასრულოს. კვირაში ერთხელ, კერძოდ პარასკევს მეჩეთში მისვლა და ლოცვა ფარზია (აუცილებელია). სადღესასწაულო დღეებში, წელიწადში ორჯერ ლოცვის მეჩეთში შესრულება ვაჯიბია. გარდა ამისა, ყოველ წელს, მთელი მსოფლიოს მუსლიმთა მექაში შეკრება სავალდებულო ღვთისმსახურებაა.
ერთ-ერთ ჰადისში ვკითხულობთ, რომ ჯემა’ეთით (კოლექტიურად) შესრულებული ლოცვა 27- ჯერ მეტ მადლის მომტანია, ვიდრე მარტო შესრულებული ლოცვა.
ამით ხაზგასმულია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ერთად საქმის კეთება და ერთად მუშაობა. ჯემა’ეთით შესრულებული ლოცვის დროს იმამის შერჩევა, შერჩეულ იმამზე უპირობოდ მიყოლა, მლოცველთა მიერ რიგების სწორად დაკავება და ერთიანი მოძრაობები, ლოცვის პროცესში არსებული დისციპლინა და ერთსულოვნება ერთობ მნიშვნელოვანია, როგორც სულიერი ისე სოციალური თვალსაზრისით. იმამზე მიყოლა და მოძრაობების ერთად შესრულება უპირველესად ერთად ყოფნის და ერთიანობის სიმბოლოა. მუსლიმთა ერთად შეკრება, მათ სულიერად, აზრობრივად, გრძნობით, გულით ერთად ყოფნას და ერთიანობას წარმოშობს. რიგების სისწორე და ჰარმონია მათი გულების სისწორესა და სულების ჰარმონიაზე მიუთითებს. იმამის თექბირზე ერთიანად მიყოლა, ერთიანი მოძრაობები, პირადი ნებასურვილის უმნიშვნელობაზე მეტყველებს. მეორეს მხრივ, იმამის მეთაურობით სწორი და ერთნაირი მოძრაობები, ერთსულოვნება და ერთად ქმედების ფორმეები მიუთითებს, რომ მუსლიმები როგორც მეჩეთში, ისე მეჩეთს გარეთ, სოციალურ ცხოვრებაში ასე ერთსულოვნად უნდა მოქმედებდეს და ყველგან და ყველაფერში ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს. მეჩეთში არსებული დისციპლინა მეჩეთის გარეთაც უნდა გაგრძელდეს.
მეჩეთში ყველა თანასწორია. მდიდარი და ღარიბი, ძლიერი და სუსტი, უფროსი და უმცროსი, მოხუცი და ახალგაზრდა, ყველა ერთიანად მიდის მეჩეთში, ერთად დგებიან რიგებში, ყოველგვარი უპირატესობის და პრივილეგიის გარეშე ერთნაირად ასრულებენ ლოცვას. ეს ნიშნავს, რომ ისლამში ადამიანები თანასწორნი არიან. იგივენაირი თანასწორობა და სამართლიანობაა მარხვის, ზექათის და ჰაჯობის შესრულებისას.
მეჩეთში მისვლა და იქ ლოცვის ერთიანად შესრულება დღეში ხუთჯერ სასურველი, მაგრამ ნებაყოფილობითი, კვიარაში ერთხელ კი სავალდებულოა. ამ მოვლენას სოციალური თვალსაზრისით გარკვეული სარგებელი მოაქვს. ადამიანები ერთად იკრიბებიან და საერთო პრობლემებს განიხილავენ. იღებენ ერთიან გადაწყვეტილებებს. ყურადღებას აქცევენ მიღებული გადაწყვეტილებების პრაქტიკაში განხორციელების პროცესს. ეცნობიან სიახლეებს და სამომავლო გეგმებს.
წმ. შუამავალი ბრძანებდა: “ხახვს და ნიორს ვინც შეჭამს მეჩეთში არ მოვიდეს.” ამ აკრძალვის მიზეზი და მიზანი აშკარაა. მორწმუნემ სხვა ადამიანები უსიამოვნო სუნით არ უნდა შეაწუხოს. იგივე ეხება ჭუჭყიან და სუნიან წინდებს, ტალახიან შარვალს, აქოთებულ ფეხსაცმელებს და სხვა. სწორედ ამიტომ არის ნაბრანები ყურანში:
ჰეი, ადამის შვილნო! აიღეთ თქვენი მორთულობა ყოველ სალოცავთან, ჭამეთ და სვით, და არ გადახვიდეთ ზღვარს, უეჭველად, მას არ უყვარს ზღვარგადასულნი. (7/31)
ანუ, მეჩეთში წასვლისას მორწმუნემ სუფთა და ლამაზი ტანისამოსი უნდა ჩაიცვას. მორწმუნე მუსლიმი ნებისმიერ შეკრებაზე სუფთა ტანისამოსით და სასიამოვნო სურნელებით უნდა მივიდეს. ადამიანი, მდგომარეობით მასზე მაღლა მდგომთან მიღებაზე მისვლისას გარეგნობას, ქცევებს და სიტყვებს აკვირდება. ასევე ყველაფერს უნდა დააკვირდეს და გაითვალისწინოს მორწმუნემ, რომელიც მეჩეთში მიდის.
მეჩეთი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. ამიტომ ყურანში ნაბრძანებია:
“და ვინაა იმაზე დესპოტი, ვინც აუკრძალა ალლაჰის სალოცავებში მისი სახელი იხსენებოდეს და მოიწადინა მათი (სალოცავების) განადგურება? სწორედ ასეთებს მართებთ იქ შიშით შესვლა. მათთვისაა დამცირება სააქაოს და მძიმე სასჯელი საიქიოს!“ (2/114)
“და რომელთაც დაიდგინეს სამლოცველო ზიანის მისაყენებლად და ურწმუნოების გასამყარებლად, და განხეთქილების შესატანად მორწმუნეებს შორის და საგუშაგოდ, ვინც იმთავიდანვე ბრძოლა გამოუცხადა ალლაჰსა და მის შუამავალს, უეჭველად, დაიფიცებენ: არაფერი გვინდოდა, გარდა სიკეთისა! თუმცაღა ალლაჰი მოწმობს, რომ ეგენი ნამდვილად ცრუნი არიან.” (9/107)
მეჩეთში მისვლის მიზანი ღვთისმსახურების შესრულება, ერთიანობა და ერთსულოვნებაა. ამიტომ იქ ყოფნისას ინტრიგების ხლართვა, მორწმუნეთა შორის არეულობის შეტანა და პროვოკაციული საქციელი მიუტევებელ ცოდვად მიიჩნევა. მეჩეთი სოციალურ ფენებს შორის ურთიერთდაპირისპირების, ჩხუბის და დავიდარაბის ადგილი არ არის. ის შერიგების და მშვიდობის დამყარების ადგილია.
უპირველეს ყოვლისა მეჩეთი ღვთისმსახურების ადგილია. მლოცველები, იმამის წინამძღოლობით, გარკვეული დროის განმავლობაში მატერიალური ცხოვრების სიმძიმისგან თავისუფლდებიან და სულიერად ისვენებენ. მეჩეთი სკოლაა და იმამი- მასწავლებელი. ჯემა’ეთის ცოდნა და მსოფლმხედველობის არეალი აქ ვითარდება ხოლმე. მეჩეთი ოჯახია, ხოლო იმამი ოჯახის კარგი უფროსი. მორწმუნენი ზრდილობას და ქცევას სწორად, რომ აქ სწავლობენ. მეჩეთი საავადმყოფოა, ხოლო იმამი კი გულის ექიმი. მატერიალური და სულიერი დაავადებების მკურნალობა სწორედ აქ ხდება. მეჩეთი სამხედრო ყაზარმაა, ხოლო იმამი- მეთაური. სწორედ აქ ისწავლება დისციპლინა და ერთად მოქმედება. მეჩეთი სასამართლოა, ხოლო იმამი სამართლიანი მოსამართლეა. ადამიანები აქ სამართლიანობას სწავლობენ. მოკლედ რომ ვთქვათ, მეჩეთი ჯემა’ეთისთვის არის გულიც და გონებაც. მორწმუნეთა გონებასა და გულს სწორედ ეს ცენტრი კვებავს.
Comment here