საყვარელო ბავშვებო, თქვენ უმწიკვლო და უცოდველი არსებები ხართ. თქვენ ხომ სპეტაკნი მოევლინეთ სამყაროს. თუმცა, იცოდეთ, რომ ასაკის ზრდასთან ერთად, გარემო და გარშემომყოფები თქვენ შეგცვლით, უფრო სწორად თქვენ შეცვლას შეეცდებიან, შეიძლება ცოდვის ჩადენისკენ გიბიძგონ და გამჩენი დაგავიწყოთ. ამის საპასუხოდ ყოველთვის გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები, რომლებიც მტკიცე ადამიანად, ჭეშმარიტ მორწმუნედ ჩამოგაყალიბებთ და თქვენში ღვთის მიერ მონიჭებული ბუნების შეცვლას ვეღარავინ შეძლებს:
1. ყოველი საქმე „ბესმელეთი“ ანუ ღვთის სახელით დაიწყეთ. შემდეგ გამჩენს მადლიერება შესწირეთ ანუ „ელჰამდულილლაჰ!“ – წარმოთქვით! (ყოველგვარი ქება-დიდება მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის!) დანაყრებისა თუ დარწყულებისას მადლიერება გამოხატეთ!
2. ყოველგვარი სიავისგან ალლაჰს მიეკედლეთ, მას შეეფარეთ! წარმოთქვით: „ე’უზუბილლაჰი მინეშშეიტანირრაჯიმ!“ ანუ (ალლაჰს მივეკედლები წყალობისგან მოშთობილი ეშმაკისგან!) ალლაჰი თქვენ დაგიცავთ.
3. საყოველთაო ჯუმის ლოცვას აუცილებლად დაესწარით! ის არასდროს გამოტოვოთ!
4. ხუთი დროის სავალდებულო ლოცვა რეგულარულად აღასრულეთ!
5. ყოველ წელს სავალდებულოდ დადგენილი ერთი თვე მარხვა შეინახეთ!
6. თუკი მდიდარი იქნებით,უთუოდ, ღარიბ-ღატაკს დაეხმარეთ, სავალდებულოდ დადგენილი „ზექათი“ გაიღეთ!
7. არასდროს იცრუოთ და ცილი არავის დასწამოთ!
8. ხელთარსებული ფული და ქონება იკმარეთ! თუკი ქონება მწირია, მაშინ მოთმინების გამოჩენა ისწავლეთ, ხოლო თუ უხვად გაქვთ, მაშინ – მადლიერების გამოხატვა! სხვის ქონებას თვალი არასდროს დაადგათ და რამე არავისგან ითხოვოთ! თუკი საპირისპიროდ მოიქცევით, მაშინ ყველანაირ დანაშაულსა და ცოდვას ჩაიდენთ: ქურდობას, შურიანობას, ყაჩაღობას, ტყუილის თქმას, ცილისწამებას და სხვა.
9. არავინ გაკილოთ! თუკი სხვის შეცდომას ხედავთ, წესისამებრ, მას მარტოდ აუხსენით ან გაჩუმდით!
10. ჩაცმა-დახურვას ყურადღება მიაქციეთ! არ დაივიწყოთ, რომ „თესეთთური“ ანუ შემოსვა ალლაჰის ბრძანებაა. არასდროს დაკარგოთ სირცხვილისა და მორცხვობის შეგრძნება!
11. ბევრი წიგნი იკითხეთ, მაგრამ საკითხავი შეარჩიეთ და ისე წაიკითხეთ! კარგი და ნაყოფიერი წიგნი აირჩიეთ! უფროსებიდან, მასწავლებლებიდან დახმარება ითხოვეთ, დაეკითხეთ მათ! წიგნის კითხვა ადამიანს განავითარებს, თვალთახედვის არეალს და მსოფხედველობას გაუფართოებს, რწმენასა და ლაპარაკს გამოაკეთებს. საკუთარ მეობას, სამშობლოს, რწმენასა და ინტელექტს უკეთ წარმოაჩენთ.
12. ყოველთვის რაღაც ახალი შექმენით, სიზარმაცეს შეეშვით. მიზანი დაისახეთ, ტექნოლოგია აწარმოეთ, პროექტები და ჩანაფიქრები განახორციელეთ! წარმატების მიღწევა ბევრი კითხვის, ფიქრისა და თავდაუზოგავი შრომის ნაყოფია.
13. ჯერ მშობლებს, შემდეგ კი მასწავლებლებს პატივი დასდეთ! თუკი თქვენგან ვინმე თქვენზე ზემოქმედებას მოისურვებს, რწმენის, სამშობლოსა და ერის წინააღმდეგ, მათ ჭეშმარიტებითა და სიკეთით წინ აღუდექით.
14. ღმერთი, რომელმაც გაგვაჩინა, ჩვენ ყოველგვარი საფრთხისგან გვიცავს და სარჩოს მომმადლებელია. მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ მას ეთაყვანეთ და შეწევნა მხოლოდ მისგან ითხოვეთ! თუკი ასე მოიქცევით, მაშინ, წარჩინებულ, მამაც, სამართლიან და შემწყნარებელ ადამიანად ჩამოყალიბდებით.
15. ვედრების აღვლენა არ დაივიწყოთ! ძილის წინ, როცა იღვიძებთ თუ სკოლაში მიდიხართ, ყოველთვის გამჩეს შეევედრეთ!
Comment here