ისე ვცხოვრობთ, თითქოს არასოდეს ველით სიკვდილს, არა?! წმინდა ყურანში სურა „ანქებუთის“ 57-ე აიათში უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „ყოველი სული სიკვდილს იგემებს, მერე კი ჩვენთან იქნებით მობრუნებულნი!“ ვფიქრობთ, სიკვდილი ჩვენგან ძალიან შორს არის, თითქოს ასობით, ათასობით კილომეტრით, ასობით წლით შორს. ისე გვგონია, თითქოს ჩვენ სამყაროს აღსასრულამდე უნდა ვიცოცხლოთ. ყურანი ხომ გვამცნობს, რომ მთავარი აღსასრული ადამიანის სიცოცხლის დასასრულია, ადამიანის სიკვდილია. სხვა უფრო დიდი აღსასრული გაცილებით რთულია, ის განკითხვის დღეა, ჩაგრულის მიერ მჩაგვრელისგან კუთვნილის აღების, შელახული უფლებების გამო, პასუხისგების აღსასრულია. ეს ის დღე იქნება, როცა ადამიანი ლოცვასა და მარხვაში, ღვთისმსახურებაში გატარების დროის სანაცვლოდ, ჯილდოს მიიღებს. ეს დრო სამყაროს ბატონ-პატრონის წინაშე პასუხისგების დღეა. ხელახლა გაცოცხლების შემდეგ უზენაესი ალლაჰისგან ჯილდოს მიღების დღეა. ისე ვცხოვრობთ, თითქოს არასოდეს ველით სიკვდილს, არა?! აბა, დაფიქრდით, ახლა საფლავში მყოფი ადამიანებიც ერთ დროს ჩვენნაირად ცხოვრობდნენ. გუშინ ისინი ჩვენნაირად ცოცხალი იყვნენ. ვფიქრობთ წელს ნეტავ, სად წავიდეთ, სად დავისვენოთ, ვამბობთ, ხვალ რა ჩავიცვათ არა? მაგრამ ოდესმე გვიფიქრია, რომ ხვალ შესაძლოა სუდარა ჩაგვაცვან? ვფიქრობთ საღამოს ვახშამზე რა მივირთვათ. მაგრამ თუ გვიფიქრია იმაზე, რომ შესაძლოა საღამოს ჩვენ თვითონ ვიქცეთ მღრღნელების საკვებად? დედამიწა ხშირად გვახსენებს: ეი, ადამის შვილო, დღეს ჩემს ზურგზე იცინი, მაგრამ ხვალ ჩემში უნდა ატირდე. ძალიან საინტერესოა, ადგილი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ მშვენიერი მინდორი ან ფერდობი იყო, დღეს სასაფლაოდ ქცეულა და ყოველდღე მის უბეში ახალი მიცვალებული მიჰყავთ. იქნებ ხვალ, ან ხვალის შემდეგ შენ იქნები, ის იქნება, ან კიდევ მე ვიქნები ის, ვისაც იქ მიასვენებენ. მაშ, რა არის მეგობარო, რაც შენ ალლაჰის გზას გაშორებს? ნუთუ ძალიან ძნელია ალლაჰის გზით ცხოვრება? ათობით და ასობით კვადრატულმეტრიანი სახლები არ გვყოფნის არა? მაგრამ ნახეთ საფლავი, რომელიც მხოლოდ ორი კვადრატული მეტრია და გვინდა თუ არა, იქ მოგვათავსებენ. გაიხსენეთ ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ ჩვენნაირად სიცოცხლით სავსე იყვნენ, სუნთქავდნენ, მიირთმევდნენ, დადიოდნენ, მაგრამ დღეს მათ მხოლოდ სუდარაღა აცვიათ ან მიწად ქცეულან. მათგან ზოგი მდიდარი, ზოგი ღარიბი, ზოგი ძლიერი და ზოგიც სუსტი იყო. იქ ხომ უსარგებლოა ყველაფერი: ქონება, სიმდიდრე, ძალა, გავლენა და სხვა. ისე ვცხოვრობთ, თითქოს არასოდეს ველით სიკვდილს, არა? ჩემო მეგობარო, შეხედე ადგილს, სადაც ხვალ უნდა წახვიდე, სადაც ქვეყნიერების აღსასრულამდე უნდა დაჰყო. მაშ, რა არის ის, რაც შენ ალლაჰის მსახურებას გაშორებს? თითქოს ქვეყნიერების აღსასრულამდე უნდა იცოცხლო. სამყაროს წყალობად მოვლენილი შუამავალი მუჰამმედიც (ს.ა.ს.) კი გარდაიცვალა და გგონია შენ არ მოკვდები? მოდით, ძვირფასებო, შევთხოვოთ დიად გამჩენს, პირობა მივცეთ და მივატოვოთ ცოდვები, აღარ შევლახოთ ადამიანთა უფლებები, არ მივითვისოთ სხვისი კუთვნილი არაკანონიერად, თავი დავანებოთ ორპირობას, ენის მიტან-მოტანას, ყურანი ვიკითხოთ, სეჯდე აღვასრულოთ და ვევედროთ ალლაჰს, მოგვიტევოს, რამეთუ შევცოდეთ.
რაც არ უნდა ძლიერი და შეძლებული იყო მეგობარო, თუგინდ უთვალავი ფული მოგცენ საფლავში ჩაწექიო, უკუნ სიბნელეში, სადაც სინათლის ნასახი არსაიდან ჩანს, ერთი ღამითაც კი დარჩენას ვერ შეძლებ. მაგრამ იცოდე, იქ აუცილებლად მოგიწევს ქვეყნიერების აღსასრულამდე დარჩენა. ჩვენ ხომ ისე ვცხოვრობთ, თითქოს არასოდეს ველით სიკვდილს არა? დიახ, საფლავია ის ადგილი, რომელიც ზოგისთვის სამოთხის ბაღთაგან ერთ-ერთია, ხოლო ზოგისთვის ჯოჯოხეთის ორმოთაგან ერთ-ერთი. მართალია, დღეს ძლიერი და შეძლებული ხარ, მაგრამ როცა გარდაიცვლები და შენი ახლობელი, შვილი, ძმა, მეგობარი თუ მეზობელი მიწას დაგაყრის და შენს საფლავს პირამდე ამოავსებს, როცა ყველა თავის ოჯახში წავა და შენ საფლავში მარტოდმარტო, საკუთარი ნამოქმედარის ამარა დარჩები, გექნება იმის ძალა, რომ შენზე დაყრილი მიწა გაფანტო? საფლავი, რომელსაც მხოლოდ სიკვდილის სუნი ასდის, თითოეულ მათგანს მხოლოდ სუდარა აცვია, სადაც მკაცრი წყვდიადია და სადაც ადამიანის სხეული მიწად იქცევა. იცით, რას ამბობს შუამავალი ისა (იესო)? „ნუ გაცდუნებთ საფლავის მდუმარება და სიჩუმე. საფლავში არსებული ტანჯვის ხმის მოსმენა რომ შეგძლებოდათ, ვფიცავ არცერთი თქვენგანი მიცვალებულს საფლავისთვის არ გაიმეტებდით“.
მოდით, სანამ დროა და სანამ სიცოცხლე ჩვენთანაა, ვეცადოთ გავხდეთ უზენაესი ალლაჰის მონა-მსახური, რითაც ის კმაყოფილი იქნება, შევთხოვოთ და პირობა მივცეთ, რომ მივატოვებთ ცოდვებს, აღარ შევლახავთ ადამიანთა უფლებებს, არ მივითვისებთ სხვის კუთვნილს არაკანონიერად, თავს დავანებებთ ორპირობას, ენის მიტან-მოტანას, ყურანს ვიკითხავთ, სეჯდეს აღვასრულებთ და შევევედრებით ალლაჰს ჩვენი შეცოდებები მოგვიტევოს. უზენაესი ალლაჰი სურა „ზუმერის“ 53-ე აიათში გვამცნობს:
„თქვი: ჰეი, მსახურნო ჩემო, რომელთაც ზღვარს გახვედით საკუთარი თავის საზიანოდ! არ მოიწყვიტოთ იმედი ალლაჰის წყალობისგან. უეჭველად, ალლაჰი მიუტევებს ცოდვებს სრულად, რამეთუ იგია შემნდობი, მწყალობელი“.
საფლავი ის ადგილია, სადაც მატერიალურ სიმდიდრეს არანაირი ღირებულება და სარგებელი არ გააჩნია. იქ არც შვილებს, არც მშობლებს, არც ახლო მეგობრებს და არც არავის, არანაირი დახმარებისა და სარგებლის მოტანა არ შეეძლებათ. რამდენად ცოდვილიც არ უნდა იყოთ, რამდენი ბოროტებაც არ უნდა გქონდეთ ჩადენილი, რამდენადაც არ უნდა გრცხვენოთ დიად გამჩენზე პატიების თხოვნა, ნუ დაივიწყებთ, რომ არცერთი ცოდვა უზენაესი ალლაჰის მოწყალებაზე დიდი არ არის.
განა რამდენად ხანგრძლივი შეიძლება იყოს ამქვეყნიური სიამოვნება? შეძლებდი საფლავში სასჯელს გაუძლო? იქედან თუგინდ მთელ დედამიწას, სრულიად კაცობრიობას სთხოვოთ დახმარება, მას ვერავინ შეძლებს, გვერდით არავინ გეყოლებათ.
იცით, რას ბრძანებს უზენაესი ალლაჰი სურა „ნისას“ 78-ე აიათში?
„სადაც არ უნდა იყოთ, სიკვდილი მოგწვდებათ თქვენ, თუნდაც რომ იყოთ მტკიცე კოშკებში“.
ასევე სურა „ენბიას“ 34-ე აიათში ვკითხულობთ:
„და შენ უწინ არც ერთი კაცისთვის უკვდავება არ დაგვიდგენია ჩვენ. მაშ, შენ რომ მოკვდე, ისინი უკვდავები შეიქმნებიან? “
ამასთან ერთად, სურა „ჰაშირის“ 20-ე აიათში გვამცნობს:
„ერთმანეთის თანასწორნი არ არიან ცეცხლის ბინადარნი და სამოთხის მკვიდრნი. სწორედ, რომ სამოთხის ბინადარნი არიან ნეტარნი!“
უდავოა, რომ ალლაჰის მოწყალება უკიდეგანოა, მაგრამ ნუ დარწმუნდებით, რომ ის აუცილებლად მოგიტევებთ შეცოდებებს. დიადი გამჩენი სწორედ სუფთა გულის მქონეთაგან მოითხოვს ლოცვას, მარხვას, ზექათის გაცემას, ჰაჯობას, სიკეთის კეთებას. მოდით, შევთხოვოთ გამჩენს, ის ხომ მიმტევებელია და პატიება უყვარს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ცოდვა ბევრი გვაქვს, მაგრამ სხვა არავინ გაგვაჩნია, ვისაც მიტევებას ვთხოვთ. მოგვიტევე დიადო, ყოვლისშემძლე და მიმტევებელო, ღმერთო სამყაროთა! აამიინ!
Comment here