„ეჰლი სუნნეთის“ თანახმად, გარდა „ქუფრისა“ ანუ ღვთის დაგმობისა, დიდი ცოდვის ჩამდენი (მურთექიბი ქებირე) არც ურწმუნო (ქაფირი) და არც ფარისეველი (მუნაფიყი) შეიქმნება.
„ეჰლი სუნნეთის“ თანახმად, გარდა „ქუფრისა“ ანუ ღვთის დაგმობისა, დიდი ცოდვის ჩამდენი (მურთექიბი ქებირე) არც ურწმუნო (ქაფირი) და არც ფარისეველი (მუნაფიყი) შეიქმნება. თუკი მონანიების გარეშე გარდაიცვლება, უზენაესი გამჩენი თავისი უშრეტი წყალობით შეიწყალებს ან საზღაურს მიუზღავს, ბოლოს კი სამოთხეში დამკვიდრდება.
ხარიჯიტების მიხედვით, დიდი ცოდვის ჩამდენი „ქაფირია“ ანუ ურწმუნო.
მუ’თეზილეს თვალსაზრისით კი, დიდი ცოდვის ჩამდენი, რწმენის მიღმა აღმოჩნდება, თუმცა ურწმუნო არ შეიქმნება; თუკი მონანიების გარეშე მდგომარეობით გარდაიცვლება, მუდმივად ჯოჯოხეთში განწესდება. ჰასან ბასრი (ღვთის წყალობა იყოს მასზედ) წინათ დიდი ცოდვის ჩამდენთ მუნაფიყად მოიხსენიებდა, თუმცა შემდგომ, როცა ვასილ ბინ ათამ იუსუფის (ა.ს.) ძმების ამბავი შეახსენა, მას დაეთანხმა და თავისი შეხედულება შეცვალა: „ძმებმა იუსუფი (ა.ს.) ჭაში ჩააგდეს ანუ ამანათს უღალატეს, შემდეგ მამას უთხრეს ანუ იცრუეს, რომ ის „მგელმა შეჭამა“. ძმებმა მამაზე მიცემული სიტყვა დაარღვიეს ანუ უნდა დაეცოთ, მაგრამ აღთქმული დაარღვიეს“. მურჯიტებმა დასძინეს, რომ „როგორც რწმენის შემთხვევაში, ცოდვა რწმენას ზიანს არ აყენებს, ურწმუნოების შემთხვევაშიც, მადლის კეთება სიკეთეს არ მოიტანს.
ეჰლი სუნნეთის შეხედულება სწორია, ვინაიდან უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! შესთხოვეთ ალლაჰს მიტევება გულწრფელი მიტევებით.“ (66/8)
ამ აიათის თანახმად, უზენაესი გამჩენი ცოდვის ჩამდენთ მორწმუნედ მოიხსენიებს. სხვა აიათებში ვკითხულობთ: „ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! სავალდებულო გახდა თქვენდა სამაგიეროს გადახდა მოკლულთათვის.“ (2/178) „და თუ ორი ჯგუფი მორწმუნეთაგან ერთმანეთს შეებრძოლება, მაშინ გამოასწორეთ მათ შორის არსებული.“ (49/9) „ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თქვენგან ორი მოწმე შეარჩიეთ, თუკი სიკვდილის პირას შეიქმნებით. ორმა მართალმა დაამოწმოს თქვენი უკანასკნელი ნება.“ (5/106)
პირველ აიათში განზრახ მკვლელობაზეა საუბარი. როგორც ვიცით, კაცის კვლა დიდი ცოდვაა. მეორე აიათში ორ მორწმუნე ჯგუფს შორის ბრძოლაზეა საუბარი, რომელთაც უზენაესი ალლაჰი მორწმუნედ მოიხსენიებს, ხოლო მესამე აიათში სამართლიან მოწმეზეა საუბარი ანუ უსამართლობიდან გამომდინარე, რწმენის მიღმა რომ აღმოჩენილიყო ადამიანი, სამართლიანი მოწმედ არ იქნებოდა დასახელოებული აიათში და მხოლოდ მორწმუნედ იქნებოდა მოხსენიებული.
რა თქმა უნდა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ასრი საადეთიდან“ (ბედნიერების ხანა-შუამავალის პერიოდი) მოყოლებული დღემდე, თუკი ადამიანი მორწმუნედ გარდაიცვლება, მიუხედავად ჩადენილი დიდი ცოდვებისა, მისთვის ვედრება და მიტევება აღევლინება.
თუკი ამ თემას ჩავუღრმავდებით, მაშინ შევიმეცნებთ, რომ რწმენის არსი გულით დამოწმებაა, აღიარებაც ხომ ამ დამოწმების გამოვლინებაა. ამიტომაც, რომელ ადამიანშიც გამოჩნდება გულში არსებული დამოწმების გამოვლინება ანუ აღიარება, იგი მორწმუნედ აღიქმება. მაშასადამე თუკი მასში არსებული მოწმეობა – სიცრუედ, აღიარება კი უარყოფად არ გარდაიქცევა ეს პიროვნება ურწმუნოდ არ შეირაცხება. ვინაიდან მოწმეობასა და ცრუდ შერაცხვას შორის მხოლოდ ეჭვი არსებობს, რომლის ურწმუნოდ აღიარებისთვის აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს.
ახლა რაც შეეხება ღვთიური ბრძანების წინაშე შეუსაბამო მოქცევას და აკრძალულის ქმნას. თუკი ადამიანი თავის შეუსაბამო ქცევას ალალად არ ჩათვლის და ჩადენილ ცოდვას ამაოდ არ აღიქვამს, ეს სიტუაცია არც ცრუ შერაცხვად და არც ღვთისგმობად არ ჩაითვლება. მისი ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი ვნებებზე მორჩილებას, ერთგვარ აღვირახსნილობას და სიზარმაცეს უფრო ჰგავს. ადამიანი, რომელიც ამგვარი სულიერი მდგომარეობით ცოდვას სჩადის, მაგრამ სასჯელის ეშინია, მიტევების იმედი აქვს და მონანიების სურვილი მუდამ თან ახლავს. ყველა ეს ჩამოთვლილი რწმენის ერთგვარი ნაყოფი, გულში არსებული ღვთიური ჯილდოს და სასჯელის მოწმეობის გამოვლინებაა. ამ მდგომარეობის მაგალითი შემდეგია: ექიმი პაციენტს რეცეპტს გამოუწერს და დაარიგებს, რომ წამლები სრულად მიიღოს და თან ურჩევს, რაც მისი ორგანიზმისთვის საზიანოა, განუდგეს. პაციენტი, რა თქმა უნდა, ექიმის რჩევა- დარიგებებს სრულებით ამოწმებს, მაგრამ ხანდახან ისეთ საკვებს მიიღებს, რომელიც მის ორგანიზმს ავნებს ან შეიძლება ის წამალი სულაც არ დალიოს. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, იმის შიში მაინც აქვს, რომ ორგანიზმს არ ევნოს. ასეთ შემთხვევაში ის აუცილებლად სინანულს მიეცემა, სინდისის ქენჯნა შეაწუხებს, ექიმისა და ახლობლების მიმართ სირცხვილის გრძნობა გაუჩნდება, რათა მისი შეუფერებელი საქციელი არ დაგმონ და უმალ ყველას გულის მოგებას შეეცდება. როგორც ამ ავადმყოფის საქციელი არ ნიშნავს ექიმის რჩევების უარყოფას, ჩვენი „ავადმყოფის“ საქციელიც, რა თქმა უნდა, ღვთისგმობად ვერ იქნება აღქმული.
დიდი ცოდვის ჩამდენი ადამიანი მორწმუნეა და თუ ამ მდგომარეობით გარდაიცვლება, სამოთხის მკვიდრი გახდება, რამეთუ დიადი გამჩენი მორწმუნე კაცებსა და ქალებს სამოთხეს აღუთქვამს (9/72). აქედან გამომდინარე, რახან სამოთხის მკვიდრია მისი ჯოჯოხეთში მარადიულად განწესება ალოგიკურია. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯოჯოხეთში მარადიულად განწესება ურწმუნოთა ხვედრია, რომელიც უმაღლესი სასჯელის ზომაა. რა თქმა უნდა ჯოჯოხეთში მარადიულად წამება ღვთისმგმობთათვის დადგენილი სასჯელია და არა ცოდვილთათვის, რამეთუ სასჯელის ეს ფორმა გაცილებით მძიმეა, ვიდრე მათი ჩადენილი ცოდვა, რომელიც ღვთიურ სამართალს არ შეეფერება.
ჭეშმარიტად, უზენაესმა ალლაჰმა უკეთ უწყის.
რეზო მიქელაძე
Comment here