Genelსათაურებიხუტბა

მუსლიმების ერთმანეთის წინაშე
უფლება-მოვალეობები

 

ძვირფასო მორწმუნენო!
უსაზღვრო მადლიერებას გამოვხატავთ უზენაესის მიმართ, რადგან კიდევ ერთხელ დაგვასწრო მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს. ერთად შევასრულეთ ლოცვა, რომელიც ჩვენი ერთიანობისა და სიმტკიცის გამომხატველია. ასევე შევწირეთ მსხვერპლი, რომელიც ისლამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლოა.

ბაირამი, ერთის მხრივ, ღვთისადმი მსახურებისთვის ხელსაყრელი დროა, ხოლო მეორეს მხრივ ერთმანეთის მიმართ ძმობის, თანადგომისა და სიყვარულის განმტკიცების საშუალება. მოდით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ შუამავლის შეგონება, რომელიც თანამორწმუნეთა ძმობას და მათ ზნეობრივ ღირებულებებს შეეხება.

ძვირფასო მორწმუნენო!
შუამავალი გვასწავლის ყველა იმ სასიკეთო საქმეს, რომლებიც ადამიანთა შორის სიყვარულისა და თანადგომის გრძნობებს განამტკიცებს. ამის შესახებ ის ბრძანებს: „ყოველ მუსლიმს სხვა მუსლიმის წინაშე შემდეგი ხუთი ვალდებულება გააჩნია: მისალმება, ავადმყოფის მონახულება, გასვენებაში მისვლა, მიპატიჟებაზე თანხმობა და დაცემინებისას დალოცვაა“. (ბუჰარი, „ჯენაიზ“ 2)

დიახ, ძვირფასი შუამავალი გვასწავლის, რომ მუსლიმთა პირველი მოვალეობაა ერთმანეთს მიესალმონ. მისალმება ადამიანთა გულებს შორის სიყვარულის პირველ ხიდს აგებს. ეს არის ნდობისა და კეთილი დამოკიდებულების გამოხატულება. ეს არის მარტივი გზა იმისა, რომ ადამიანთა შორის მეგობრობა და ძმობა გაძლიერდეს.

ძვირფასო მორწმუნენო!
მეორე ვალდებულება, რომელსაც შუამავალი გვასწავლის, ავადმყოფის მონახულებაა. ავადმყოფის მონახულება კეთილი საქმეა, რომელიც ერთის მხრივ გვახსენებს, რომ ჩვენთვის ესოდენ ძვირფასი რამ, ჯანმრთელობა, შეიძლება ნებისმიერ დროს დავკარგოთ, ამიტომ მისი ფასი უნდა ვიცოდეთ. ამასთანავე, თანამორწმუნე ძმის მონახულება, მისი გამხნევება, მის მიმართ ყურადღებისა და მზრუნველობის გამოხატვა, როგორც რელიგიური ისე ადამიანური ვალდებულებაა. ადამიანს, რომელიც ღვთის გულისათვის ავადმყოფს მოინახულებს, ანგელოზები დალოცავენ. (იხ. თირმიზი, „ბირ“ 64)

მესამე ვალდებულება, რომელსაც შუამავალი გვასწავლის, მიცვალებულის გასვენებაში მონაწილეობაა. გასვენებაში მისვლა, ლოცვის შესრულება, ჭირისუფლის გამხნევება ის ქცევებია, რომლებიც მორწმუნე ძმების მიმართ ჩვენი ვალდებულებაა. აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ პანდემიიდან გამომდინარე გასვენებებში აუცილებლად დავიცვათ ყველა ის რეგულაცია, რომლებიც საჭიროა და ყველამ ვიცით. ძირითადში ესენია: სამედიცინო პირბადის გამოყენება და სოციალური დისტანციის დაცვა. ამ გზით გავუფრთხილდებით როგორც საკუთარ, ისე სხვების ჯანმრთელობასაც.

მორწმუნე ადამიანი გამჩენზეა მინდობილი. ის ღვთის სიტყვას წარმოთქვამს და ამით ნუგეშს ჰპოვებს:

„უეჭველად, ჩვენ ალლაჰს ვეკუთვნით და უეჭველად,  მისდა მივიქცევით ჩვენ“. (ბაყარა 2/156)

ძვირფასო მორწმუნენო!
შუამავლის შემდეგი რჩევა მიპატიჟების მიღება და თანამორწმუნე ძმასთან სტუმრობაა. როდესაც სულიერი ძმა გეპატიჟება, ეს უნდა დავაფასოთ და ვეწვიოთ.

რაც შეეხება მეხუთე რჩევას, როდესაც ადამიანი დააცემინებს წესისამებრ უნდა დავლოცოთ. ვისაც დააცემინებს უნდა წარმოთქვას „ელჰამდულილლაჰ“, ხოლო იქ მყოფი მორწმუნე ძმებმა უნდა უთხრან „იერჰემუქელლაჰ“. (იხ. ბუჰარი, „ედებ“ 126)

ძვირფასო მორწმუნენო!
რა თქმა უნდა, მორწმუნეთა ძმობა ამ ხუთი რაიმით არ შემოიფარგლება. ჩვენ მრავალი და მრავალფეროვანი ვალგაგვაჩნია, რომლებიც მორწმუნეთა შორის ურთიერთობებს განამტკიცებს და ძმობას აძლიერებს.

ამრიგად, მოდით ერთიმეორეს მხარში დავუდგეთ და სიყვარულს ნუ მოვაკლებთ. ყოველთვის გავიზიაროთ ერთმანეთის ჭირი და ლხინი. ჩვენი ეს ძმობა ყოველთვის განსაკუთრებულ ხარისხში გვქონდეს აყვანილი და უკანსაკნელ ამოსუნთქვამდე ამ ძმობის მიმართ ერთგულება შევინარჩუნოთ.

ხუტბას დასასრულს კი შემოგთავაზებთ ვედრებას, რომელსაც უზენაესი ყურანში გვასწავლის:

და რომელნიც მოვიდნენ მათ შემდგომ, ამბობენ: „ღმერთო ჩვენო! შეგვინდე ცოდვები ჩვენი და ჩვენ ძმებს, რომელთაც ჩვენ გაგვასწრეს რწმენით. და არ ჩაგვინერგო გულებში შური მათ მიმართ, რომელთაც ირწმუნეს. ღმერთო ჩვენო, უეჭველად, შენ ლმობიერი და მწყალობელი ხარ! (ჰაშრ 59/19)

  

 

 

Comment here