
ძვირფასო მუსლიმებო!
დღეს ზილჰიჯჯეს მეათე დღეა. როგორც ძვირფასი შუამავალი ბრძანებს, ეს არის ღვთის წინაშე ყველაზე ძვირფასი დღე. (იხ. ებუ დავუდ, „მენასიქ“ 19). დღეს მსხვერპლშეწირვის დღესასწაულია. დღეს შესრულებული ღვთისმსახურებით, ვედრებით, ხსენებითა და მადლიერებით ღვთისადმი ერთგულებას და მსახურებას გამოვხატავთ. ეს არის ძვირფასი დრო, როდესაც ვწირავთ შესაწირს და გამჩენს ვუახლოვდებით. უსაზღვრო დიდება და მადლიერება გამჩენს, რათა კიდევ ერთხელ გვაღირსა დავსწრებოდეთ ესოდენ მნიშვნელოვან დღეს. ვლოცავთ და ვესალმებით ძვირფას შუამავალს, რომელმაც ისლამი შეგვასწავლა.
ძვირფასო მორწმუნენო!
დღეს ჩვენი პირველი საქმე ბაირამის ლოცვის შესრულება იყო. ამის შემდეგ მსხვერპლშეწირვას შევასრულებთ. ღვთის შუამავალი მსხვერპლშეწირვის დღესასწაულის შესახებ ბრძანებს: „მსხვერპლშეწირვის დღეს ადამიანი მსხვერპლის შეწირვაზე უკეთეს საქმეს ვერ გააკეთებს“. (იხ. თირმიზი, „ედაჰი“ 1)
მსხვერპლის შეწირვა ღვთის კმაყოფილების მოპოვების მიზნით ხდება. ეს არის გამოხატულება იმისა, რომ ჩვენი სული და ქონება, ყველაფერი მას ეკუთვნის და მისი კმაყოფილების მოპოვებისათვის უნდა დავხარჯოთ.
დღესასწაულები წყალობისა და ბარაქის დროა. ეს არის მომენტები, როდესაც ჩვენი ძმობა, ჩვენი ერთობა უნდა განმტკიცდეს. ეს არის სიხარულის, სხვებზე სიხარულის მინიჭების, თანადგომის, ხელის გაწოდების, ქველმოქმედებისა და მშვიდობის პერიოდი. ეს არის დრო, როდესაც ჩვენი მშობლების, ძმების, ნათესავების, მეზობლებისა და მეგობრების მიმართ განსაკუთრებულ სითბოს გამოვხატავთ.

ძვირფასო მორწმუნენო!
ეს დღესასწაული ურთიერთდახმარებითა და გაზიარებით ლამაზდება. ამრიგად, ამ სიხარულის გასაზიარებლად, თქვენი შესაწირიდან პატივი ეცით ახლობლებს, მეგობრებს, მეზობლებს და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ ღარიბებისა და ობლების მიმართ. უზენაესი გამჩენი ყურანში ბრძანებს:
„დაე, დაამოწმონ მათ ის, რასაც სარგებელი მოაქვს მათთვის და ახსენონ ალლაჰის სახელი პირუტყვზე დანიშნულ დღეს[1], რომელიც მან სარჩოდ უბოძა. ჭამეთ მისგან და უწყალობეთ გაჭირვებულ ღატაკებს!“ (ჰაჯ 22/28)
ძვირფასო მორწმუნენო!
დღესასწაულები ძმობისა და სიყვარულის განტკიცების პერიოდია. ამრიგად, გამოვიყენოთ ეს ძვირფასი დრო და ვიზრუნოთ მშვიდობისა და სიყვარულის განმტკიცებისთვის. შევარიგოთ დამდურებულები განვმუხტოთ კონფლიქტური სიტუაციები. უნდა გვახსოვდეს, რომ მუსლიმისთვის თანამორწმუნე ძმაზე სამ დღეზე მეტი ხნით დამდურება მიუღებელია. (იხ. ბუჰარი, „ედებ“ 62)
დღესასწაულები ნათესავებისა და მეგობრების მონახულების დროა. აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ პანდემიის გამო აუცილებლად დაიცავით რეგულაციები. გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე და დაიცავით სოციალური დისტანცია. უყურადღებობის გამო ეს სადღესასწაულო დღეები ავადმყოფობის გავრცელებით არ დაჩრდილოთ.
ამ ძვირფასი დღეების განმავლობაში ჩვენი სხვა მოვალეობებიც პირნათლად უნდა შევასრულოთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ არაფა დღის დილის ლოცვიდან დაწყებული ბაირამის მეოთხე დღის სამხრობის ლოცვამდე ყოველი ფარზის შესრულების შემდეგ თეშრიყ თექბირები უნდა წარმოვთქვათ.
ხუტბას ბოლოს კიდევ ერთხელ მოგილოცავთ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს. მშვიდობა, სიკეთე, ხვავი და ბარაქა არ მოგკლებოდეთ.

[1] ეს არის ზილჰიჯჯას მე-10 დღე, მსხვერპლშეწირვის დღესასწაული, მდიდარი მუსლიმებისთვის აუცილებელი პირობა (სურა „ქევსერი“ 108/2)




Comment here