
პატივცემულო მუსლიმებო!
ჰალალი (ნებადართული) და ჰარამი (აკრძალული) არის საღვთო საზომები, რომელთაც მონა-მორჩილი ღვთის კმაყოფილების მოპოვებამდე მიჰყავთ. ისინი გზამკვლევებია, რომლებიც ადამიანს ცხოვრებისეულ მოგზაურობაში კარგსა და ცუდს უჩვენებენ. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს: „ჰალალიც ცნობილია და ჰარამიც ცნობილია…“ [1] — ჩვენ ვიცით, რომ ჰალალი და ჰარამი ჭეშმარიტად გაცხადებულია.
ძვირფასო მორწმუნეებო!
ჩვენი რელიგიის — ისლამის მიერ უწყებული თითოეული ბრძანება თუ აკრძალვა შეიცავს ისეთ სიბრძნეს, როგორიცაა ადამიანის ღირსების, თაობათა უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი მშვიდობის დაცვა. მაგალითად, ჩვენმა უზენაესმა გამჩენმა ჰალალად გამოაცხადა ქორწინება, რომელიც უზრუნველყოფს მოდგმის გაგრძელებას, ხოლო აიათით:
وَلَا تَقۡرَبُواْ ٱلزِّنَىٰٓۖ إِنَّهُۥ كَانَ فَٰحِشَةٗ وَسَآءَ سَبِيلٗا
“და არ მიუახლოვდეთ მრუშობას! უეჭველად, იგი ზნედაცემულობა და ცუდი გზაა!“ [2], ჰარამად გამოაცხადა მრუშობა, რომელიც ანადგურებს საზოგადოებას. იმავდროულად, უზენაესმა ღმერთმა ჩვენთვის ჰალალად დაადგინა ვაჭრობა, საკუთარი შრომითა და ოფლით ლუკმა-პურის მოპოვება, რაც საზოგადოებაში წესრიგსა და სამართლიანობას უზრუნველყოფს; ხოლო ჰარამად გამოაცხადა მევახშეობა (პროცენტი), რომელიც ანადგურებს ბარაქას, სასწორსა და ზომაში მოტყუება, გასაყიდი საქონლის ნაკლის დამალვა და, მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანების მოტყუება.
პატივცემულო მუსლიმებო!
ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ჰალალისა და ჰარამის ცნობიერება მხოლოდ სუფრაზე დადებული ლუკმის სისუფთავით არ შემოიფარგლება. მაგალითად, აიათები: “უთხარი მორწმუნე კაცებს, მოარიდონ თვალნი მათნი აკრძალულს და დაიცვან ნამუსი მათნი… და უთხარი მორწმუნე ქალებს, მოარიდონ თვალნი მათნი აკრძალულს და დაიცვან ნამუსი მათნი…” [3], მიუთითებენ ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, როგორიცაა ნამუსი და სირცხვილის გრძნობა, რომლებიც ამაღლებენ ადამიანის ღირსებას. შესაბამისად, თითოეული მუსლიმი — კაცი თუ ქალი — ვალდებულია დაიცვას საკუთარი ღირსება, ყურადღება მიაქციოს ჩაცმულობას და მოერიდოს ისეთ ქცევებს, რომლებიც ლახავს ადამიანის პატივისცემას. მუსლიმის ვალია გაიაზროს, რომ სირცხვილის გრძნობა, ნამუსი და ზნეობა მხოლოდ ერთად ყოფნისას იძენენ ნამდვილ აზრს. როგორც სოციალურ ცხოვრებაში, ისე ციფრულ სივრცეში აუცილებელია პირადულობისა და მორალური საზღვრების დაცვა — ენის სიცრუისგან, ხოლო თვალის ჰარამისგან დისტანცირება.

ძვირფასო მორწმუნეებო!
ასევეა ზღვარგადასულობითა და გაფლანგვით გამოწვეული ზიანიც, რომელიც აქრობს გაზიარების გრძნობას და უდიდეს დაბრკოლებას წარმოადგენს დოვლათის სამართლიანად გადანაწილების გზაზე. მაშინ, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მილიონობით ადამიანი ერთი ლუკმა პურისა და ერთი ყლუპი წყლის საჭიროებას განიცდის და ჩვენც გვეკრძალება გადაჭარბებული ხარჯვა [4], ჩვენს ქვეყანაში ტონობით პურის სანაგვეში გადაყრა და წყლის რესურსების უპასუხისმგებლოდ ხარჯვა იმის ნიშანია, რომ ჰალალისა და ჰარამის საზღვრები დარღვეულია.
პატივცემულო ძმებო!
ჩვენ ვმოწმობთ ეპოქას, რომლის შესახებაც წყალობად დადგენილმა შუამავალმა (ს.ა.ს.) შემდეგი სიტყვებით გაგვაფრთხილა: „…დადგება დრო, როდესაც ადამიანი აღარ ინაღვლებს, ჰალალით მოიპოვა ქონება თუ ჰარამით!“ [5]. ჩვენ ვდგავართ იმ დროს არსებული სირთულეების წინაშე, სადაც ჰალალს არაფრად თვლიან, ჰარამს უწევენ პოპულარიზაციას, ხოლო უკანონო/უზნეო სიტყვებსა და ქცევებს მისაღებად მიიჩნევენ. ნუ დავივიწყებთ, რომ ადამიანების სიცოცხლეზე, ქონებაზე, ღირსებასა და პატივზე თავდასხმისგან თავის შეკავება, საზოგადოებრივი ქონებისადმი მოკრძალების გამოჩენა, ქრთამის, მევახშეობის, ქურდობის, ალკოჰოლის, ნარკოტიკისა და აზარტული თამაშების მსგავსი ბოროტებებისგან განრიდება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი უზენაესი გამჩენის მიერ ჰალალ-ჰარამის საზომებით დადგენილ სწორ გზაზე სიარულითაა შესაძლებელი.
ჩვენს ხუტბას ყოვლისშემძლე ალლაჰის ამ მოწოდებით ვასრულებთ:
”ჰეი, ადამიანებო! ჭამეთ რაც არის ნებადართული და სუფთა ამ ქვეყანაზე და არ გაყვეთ ეშმაკის კვალთ, უეჭველად, იგი აშკარა მტერია თქვენი.” [6]
[1] მუსლიმი, მუსაყათი, 107.
[2] ისრა, 17/32.
[3] ნური, 24/30,31.
[4] არაფი, 7/31.
[5] ბუხარი, ბუიუღ’ი, 23.
[6] ბაყარა, 2/168.





Comment here