
პატივცემულო მუსლიმებო!
უზენაესი გამჩენი სურა „ჰუდში“ ასე ბრძანებს:
„და სემუდის ხალხთან მათი ძმა სალიჰი. უთხრა: „ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით ალლაჰს, რამეთუ არ არს თქვენთვის სხვა ღვთაება, გარდა მისი! მან გაგაჩინათ თქვენ მიწისგან და მასზევე დაგაბინავათ. პატიება შესთხოვეთ მას და მერე მოინანიეთ მის წინაშე. უეჭველად, ჩემი ღმერთი ძალზე ახლოა და ლოცვა-ვედრების შემსმენია!“ [1]
ძვირფასო მორწმუნეებო!
უზენაესმა ალლაჰმა ადამიანი დედამიწაზე განმგებლად განაწესა და მას ცხოვრების აღშენების პასუხისმგებლობა დააკისრა. ეს პასუხისმგებლობა გულისხმობს ისეთი ცხოვრების დამკვიდრებას, სადაც ქალაქების მშენებლობასთან ერთად დაცულია ზნეობა და სათნოება. სწორედ ცივილიზაცია ჰქვია იმ მსოფლმხედველობას, რომელიც მატერიალურ ნაგებობებთან ერთად სულიერ ღირებულებებსაც ცოცხლად ინახავს.
ძვირფასო მუსლიმებო!
ყურანისა და სუნნეთის შესაბამისი ისლამური ცივილიზაცია ამაღლდა იმით, რომ გააერთიანა ცოდნა თაყვანისცემასთან, შრომა პატიოსნებასთან, ძალაუფლება სამართლიანობასთან და სიმდიდრე გაზიარებასთან. ისტორიის მანძილზე აგებული მეჩეთები, საქველმოქმედო ფონდები (ვაყფები) და ბიბლიოთეკები იმ ცივილიზაციის სიმბოლოებად იქცნენ, რომლებიც ჩვენს ხალხსა და საზოგადოებას ემსახურებიან.
ძვირფასო მორწმუნეებო!
ისლამური ცივილიზაციის მთავარი მიზანი ამ აიათის ნორმების დანერგვაა:
„…უეჭველად, ალლაჰი ბრძანებს სამართლიანობას, სიკეთის კეთებას და ნათესავებზე დახმარებას. და კრძალავს სიძვას, გასაკიცხ ქმედებებს და უსამართლობას…“ [2]
ეს საღვთო საზომები ამ ცივილიზაციის საძირკველია, ვინაიდან საზოგადოებას, რომელსაც ავიწყდება სიკეთე და უგულებელყოფს ზნეობას, არ ძალუძს მყარი მომავლის აშენება.

ძვირფასო მუსლიმებო!
ჩვენი მეჩეთები ჩვენი ძმობის გამამტკიცებელი უნდა იყოს; ჩვენი სკოლები — ადგილი, სადაც ცოდნასთან ერთად სათნოებაც ისწავლება; ხოლო ჩვენი სამუშაო ადგილები — სივრცეები, სადაც ცოცხლობს პატიოსნება, შრომისმოყვარეობა და ლეგალური შემოსავალი. თუ თითოეული ჩვენგანი, სადაც არ უნდა ვიყოთ, სიკეთის წარმომადგენელი გახდება, ჩვენი ცივილიზაციაც გაძლიერდება.
ჩვენი მოვალეობაა: დავიცვათ წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიღებული ეს განძი, გავამდიდროთ იგი და გადავცეთ მომავალ თაობებს. შუამავლის (ს.ა.ს.) ბრძანებისამებრ:
„სადაც არ უნდა იყოთ, ღვთის წინაშე მოკრძალებული იყავით! ცუდი საქმის შემდეგ გააკეთეთ სიკეთე, რათა მან წაშალოს იგი. ადამიანებს კი კარგი ზნეობის შესაბამისად მოექეცით!“ [3]
გამჩენის წინაშე ჩვენი მსახურების აღსრულებასთან ერთად, კაცობრიობისთვის სარგებლის მოტანა ჩვენი ცხოვრების მთავარ მიზნად უნდა ვაქციოთ. ასევე, ჩვენი ვალია, ჩვენი ცივილიზაციით შთაგონებულებმა, მომავალი ავაშენოთ რწმენით, ცოდნით, სიბრძნითა და მაღალი ზნეობით.
ძვირფასო ძმებო!
მეჩეთები ჩვენი სულიერი საყრდენია, სადაც ხიდებს ვაგებთ წარსულსა და მომავალს შორის. ეს წმინდა სალოცავები, რომლებიც ერთ ჭერქვეშ აერთიანებენ საზოგადოების ყველა ფენას — ახალგაზრდას, მოხუცსა და ბავშვს — თავის გაერთიანების სულს მარადისობამდე შეინარჩუნებენ.
იმის ვედრებითა და ლოცვით, რომ ჩვენი მეჩეთებიდან აღვლენილი ლოცვა-ვედრება მარადიულად ეხმიანებოდეს ჩვენს ცისკამარას, ხუტბას სურა თევბეს შემდეგი აიათით დავასრულებ:
„მხოლოდ ის ააგებს ალლაჰის სამლოცველოებს, ვინც ირწმუნა ალლაჰი, დღე უკანასკნელი და აღავლინა ლოცვა, გაიღო ზექათი და არ აქვს შიში, გარდა ალლაჰისა. ეგების ჭეშმარიტ გზაზე მავალნი იყვნენ ეგენი!“ [4]
[1] ჰუდი, 11/61.
[2] ან-ნახლი, 16/90.
[3] თირმიზი, ბირრი, 55.
[4] ათ-თავბა, 9/18.





Comment here