
პატივცემულო მუსლიმებო!
ჩვენი უზენაესი რელიგიის, ისლამის, უმთავრესი მიზანი ადამიანთა ამქვეყნიური და მარადიული ბედნიერების უზრუნველყოფაა. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი კი მორწმუნეთა შორის ძმობის, სიყვარულის, თანაგრძნობისა და ურთიერთპატივისცემის განმტკიცებაა. ამიტომაც ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ერთმანეთის სიყვარული სრულყოფილი რწმენის აუცილებელ ნიშნად წარმოაჩინა. (მუსლიმი, იმანი, 93)
ძვირფასო მორწმუნეებო!
დღეს, როდესაც სამყაროს მრავალ კუთხეში ომები, ძალადობა და უსამართლობა ადამიანებს ტკივილსა და განსაცდელში აგდებს, კიდევ უფრო ნათლად ვაცნობიერებთ, თუ რაოდენ დიდი წყალობაა ძმობა, ერთიანობა და მშვიდობა. მორწმუნეთა ძალა არა სიმრავლეში, არამედ მათი გულების ერთობაში, ურთიერთსიყვარულსა და ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობაშია.
ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) მორწმუნეები ერთ სხეულს შეადარა: როდესაც მისი ერთი ნაწილი ტკივილს განიცდის, მთელი სხეული უძილობითა და ცხელებით ეხმიანება მას. ამიტომ მორწმუნის სიხარული ჩვენი სიხარულია, მისი მწუხარება — ჩვენი მწუხარება, ხოლო მისი გასაჭირი — ჩვენი საზრუნავი. სწორედ ასეთი თანაგრძნობა, თანადგომა და ურთიერთპასუხისმგებლობა აყალიბებს იმ საზოგადოებას, რომელსაც დიადი ღმერთი თავისი წყალობითა და მადლით ამკობს.
ძმობის დაცვა მხოლოდ კეთილი ზნეობის გამოვლინება არ არის — ეს ღვთის ბრძანებაა. ამიტომ ვალდებულნი ვართ, პატივი ვცეთ ერთმანეთის ღირსებას, დავიცვათ ერთმანეთის უფლებები, ვაპატიოთ შეცდომები, დავეხმაროთ გაჭირვებულს და სიკეთესა და ღვთისმოსაობაში ერთმანეთს ხელი შევუწყოთ.

ძვირფასო მუსლიმებო!
ყოველ ეპოქაში არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც შუღლის, სიძულვილისა და განხეთქილების დათესვას ცდილობდნენ. ამიტომ მორწმუნეს მართებს სიფხიზლე, სიბრძნე და თავშეკავება, რათა არც სიტყვით და არც საქციელით არ გახდეს უთანხმოების მიზეზი.
არასოდეს დავივიწყოთ უზენაესი ალლაჰის ბრძანება: „მტკიცედ ჩაეჭიდეთ ყველანი ალლაჰის (რწმენის) თოკს და არ დაიყოთ.“ (ალი იმრანი, 3/103)
როდესაც ამ ღვთაებრივ მოწოდებას ვემორჩილებით, გულებში სიყვარული მტკიცდება, ურთიერთობა მყარდება და შუღლის მთესველნი თავიანთ მიზანს ვეღარ აღწევენ.
ასევე, ყურადღებით მოვუსმინოთ ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ს.) შეგონებას: „ნუ გაწყვეტთ ურთიერთობას, ნუ შეაქცევთ ზურგს ერთმანეთს, ნუ ატარებთ სიძულვილს და ნუ შეგშურდებათ ერთმანეთის. ღვთის მონა–მორჩილნო, იყავით ძმები!“ (თირმიზი, ბირრი და სილა, 24)
თუ ამ ჰადისის სულისკვეთებით ვიცხოვრებთ, ჩვენს გულებში სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და გულწრფელობა განმტკიცდება.
უზენაესი ალლაჰი ასევე ბრძანებს: „მორწმუნენი მხოლოდ ძმები არიან. მაშ, შეარიგეთ თქვენი ძმები და გეშინოდეთ ალლაჰისა, რათა შეწყალებულ იქმნეთ.“ (ჰუჯურათი, 49/10)
ამ აიათის მიხედვით, მორწმუნე არა განხეთქილების, არამედ შერიგების, არა სიძულვილის, არამედ სიყვარულის, არა დაპირისპირების, არამედ ძმობის მთესველი უნდა იყოს.
ძვირფასო მორწმუნეებო!
დღეს თითოეულმა საკუთარ თავს ვკითხოთ: ვაძლიერებთ თუ არა ჩვენს სიტყვასა და საქციელში ძმობას? ვცდილობთ თუ არა ერთმანეთის პატიებას? ვაშენებთ თუ არა სიყვარულს იქ, სადაც შუღლის დათესვა სურთ?
შორს დავიჭიროთ თავი ყოველივე იმისგან, რაც გულებს ერთმანეთს აშორებს, ენებს ამწვავებს და ძმობას ასუსტებს. პირიქით, გავუწოდოთ ერთმანეთს დახმარების ხელი, შევამსუბუქოთ ერთმანეთის ტვირთი და სიკეთესა და ღვთისმოსაობაში შევეწიოთ ერთმანეთს. არ დაგვავიწყდეს, რომ „ერთობაშია წყალობა, ხოლო განხეთქილებაში — ტანჯვა.“ (იბნი ჰანბელი, IV, 278)
ძვირფასო ძმებო!
როდესაც ჩვენს გულებს რწმენა აერთიანებს, ურთიერთობას გულწრფელობა ამყარებს და ჩვენს ცხოვრებას ყურანი და სუნნეთი წარმართავს, მაშინ ჩვენი საზოგადოებაც მშვიდობით, სიყვარულითა და ალლაჰის წყალობით ივსება.
ხუტბას კი უზენაესი ალლაჰის ამ ბრძანებით დავასრულებ: „და დაემორჩილეთ ალლაჰსა და მის შუამავალს, ნუ შეედავებით ერთმანეთს, თორემ დასუსტდებით და ძალას დაკარგავთ. იყავით მომთმენნი, რადგან უეჭველად, ალლაჰი მომთმენებთანაა.“ (ენფალი, 8/46)





Comment here