სათაურებიხუტბა

ყოველი
ობოლი ამანათია

ძვირფასო მორწმუნეებო!
ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ს.) ბიძაშვილი, ჯაფერ იბნი ები თალიბი (რ.ა.), რომელსაც შუამავალი (ს.ა.ს.) „ჩემს ძმას“ უწოდებდა, მოწამეობრივად აღესრულა და უკან სამი ობოლი დატოვა. სამყაროსადმი წყალობად დადგენილი შუამავალი (ს.ა.ს.) მწუხარებაში მყოფი ობლების სახლში მივიდა, ბავშვები გულში ჩაიკრა და მათი მეურვეობის პასუხისმგებლობა აიღო. [ნესაი, ზინეთი, 57]

ერთხელ კი  შუამავალმა (ს.ა.ს.) საჩვენებელი და შუა თითი ზემოთ აღმართა და ბრძანა: ის, ვინც ობოლს პატრონობს, სამოთხეში ჩემთან ასე გვერდიგვერდ იქნება.“ [ბუხარი, ტალაყი, 25]

პატივცემულო მუსლიმებო!
ადამიანის ცხოვრება გამოცდებითა და სიძნელეებით არის აღავსე. ყოველდღიურ საზრუნავსა და ამქვეყნიურ საქმეებს გამოკიდებულთ, ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენ გვერდით არიან ადამიანები, რომელთაც განსაკუთრებული სითბო და მზრუნველობა სჭირდებათ. მორწმუნის გული ვერასოდეს იქნება გულგრილი უმწეოთა და ობოლთა ტკივილის მიმართ.

იმ სამყაროში, სადაც ბავშვები უზრუნველყოფილ და უსაფრთხო გარემოს მოკლებულნი არიან, კაცობრიობა ნამდვილ მშვიდობასა და ჰარმონიას ვერ ჰპოვებს. ჩვენს ეპოქაში, როდესაც უმწეოებსა და ობლებს უჭირთ ისეთი მზრუნველი ხელის პოვნა, რომელიც თავზე ხელს გადაუსვამს და იარებს მოუშუშებს, შეუძლებელია მუსლიმი გულგრილი დარჩეს. ობლების პატრონობა, მზრუნველობა და მფარველობა ჩვენი შუამავლის (ს.ა.ს.) სუნნეთია, რომელიც თავადაც ობლად გაიზარდა.

ძვირფასო მორწმუნეებო!
ისევე როგორც ჩვენი ნათესავებისა თუ მეზობლების მიერ დატოვებული ობლები — ჩვენს უბანში, სოფელში, ქალაქსა თუ ქვეყანაში — ჩვენი მზრუნველობის ქვეშ არიან, ასევე ნებისმიერი უმწეო და ობოლი ბავშვი ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა და უზენაესი ალლაჰისგან ბოძებული ამანათია.

მოწყალებასა და სიკეთეს საზღვრები არ გააჩნია. ერად, თემად ყოფნა სწორედ ერთიანობას, ურთიერთთანადგომასა და ძმური კავშირის შენარჩუნებას ნიშნავს.

ჩვენს ხელთაა, არ გავხდეთ უგრძნობნი და ვიყოთ უმწეოთა შემწენი! უზენაესი გამჩენის ბრძანების შესაბამისად:

ობოლი არასოდეს დაჩაგრო!“ [დუჰა, 93/9]

ჩვენს ხელთაა, უმწეოდ არ მივატოვოთ ობლები — გავუხსნათ მათ ჩვენი სახლები და გულები, საჭიროების შემთხვევაში ვიყოთ მიმღები ოჯახი და მატერიალური თუ სულიერი თანადგომით ვუდგეთ გვერდით.

ძვირფასო ძმებო!
ხუტბას დავასრულებთ ჩვენი საყვარელი შუამავლის (ს.ა.ს.) შემდეგი სიტყვებით: მუსლიმთა სახლებს შორის საუკეთესოა ის სახლი, სადაც ობოლს კარგად ეპყრობიან…“ [იბნი მაჯე, ედები, 6]

Comment here