
პატივცემულო მუსლიმებო!
ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ იმ ძვირფასი შუამავლის – მუჰამმედის (ს.ა.ს.) უმმეთი, რომელმაც უმეცრების ეპოქაში, როდესაც წარმართული მმართველობა კაცობრიობას სიბნელეში ამყოფებდა, თევჰიდის ანუ მონოთეისტური რწმენით ნათელი მოჰფინა სრულიად კაცობრიობას. იმ დროს, როდესაც ძალმომრეობა და ბოროტება ადამიანებს ტყვეობაში ამყოფებდა, იგი ჩაგრულთა და გასაჭირში მყოფთა, უძლურთა და სუსტთა იმედად იქცა. მართლმორწმუნეთა დედამ, ხადიჯამ (რ.ა.), ძვირფასი შუამავლის (ს.ა.ს.) ეს თვისება შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „ვფიცავ ალლაჰს, რომ ის არასოდეს შეგარცხვენს, რადგან შენ ხომ ინარჩუნებ ნათესაურ კავშირებს, ეხმარები გაჭირვებულებს, ზრუნავ ღარიბებსა და უსახლკაროებზე, პატივს სცემ სტუმრებს და ეხმარები უბედურებითა და განსაცდელით დაზარალებულთ.“ (ბუხარი, ბედულ ვაჰიი, 1)
ძვირფასო მორწმუნეებო!
კაცობრიობისთვის საჭირო კეთილი ზნეობის ყველა ძირითადი საფუძველი მოცემულია ალლაჰის წიგნში – ყურანსა და ჩვენი შუამავლის (ს.ა.ს.) სუნნეთში. ამიტომ, ვისაც საკუთარ ოჯახში სიმშვიდე და კეთილდღეობა სურს, დაე, იხელმძღვანელოს შუამავლის (ს.ა.ს.) შემდეგი დარიგებით: „თქვენ შორის საუკეთესო ის არის, ვინც საკუთარ ოჯახთან მიმართებით საუკეთესოა.“ (იბნი მაჯე, ნიქაჰი, 50) ხოლო ვისაც ჰალალი გზით მოპოვებული საარსებო საშუალება სურს, დაე, ცხოვრების პრინციპად დაიდგინოს შემდეგი სწავლება: „ალლაჰს მოსწონს, როდესაც ადამიანი თავის საქმეს კეთილსინდისიერად და სრულყოფილად ასრულებს.“ (ტაბერანი, ელ-მუღ’ჯემულ-ქებირი, XXIV, 306) ვინც ცდილობს, შეინარჩუნოს ნათესაური კავშირები, კეთილმეზობლური ურთიერთობა და საზოგადოებაში ძმობა დაამკვიდროს, დაე, ყურად იღოს შუამავალი მუჰამმედის (ს.ა.ს.) შემდეგი დარიგება: „მუსლიმია ის, რომლის ენისა და ხელისგანაც ადამიანები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.“ (ნესაი, იმანი, 8) ხოლო ვისაც სურს, იგრძნოს რწმენის სიტკბო და სრულყოფილებას მიაღწიოს რწმენაში, დაე, ცხოვრების გზამკვლევად დაიდგინოს შუამავლის შემდეგი სიტყვები: „მორწმუნეთა შორის რწმენით ყველაზე სრულფასოვანი ის არის, ვინც ზნეობით ყველაზე საუკეთესოა.“ (ებუ დავუდი, სუნნეთი, 15)

ძვირფასო მუსლიმებო!
დღეს კომუნიკაციის შესაძლებლობები ყოველდღიურად იზრდება, შესაბამისად, ინფორმაციამ რამდენიმე წამში შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ კუთხემდე მიაღწიოს. თუმცა, ყოველივე ამ ტექნოლოგიური განვითარების მიუხედავად, კაცობრიობას სიმშვიდე, სულიერი სიმყუდროვე და ურთიერთსიყვარული დღეს უფრო მეტად სჭირდება.
დღეს ადამიანებს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებლებთან შეუძლიათ კომუნიკაცია, თუმცა საკუთარ სახლში მცხოვრები მეუღლის, შვილების, დედისა და მამისთვის უცხოები ხდებიან. არიან ისეთებიც, რომლებიც ვირტუალურ სამყაროში იკარგებიან და ვეღარ ამჩნევენ საკუთარი მეზობლის გასაჭირს, ნათესავის მდგომარეობას ან მათ გვერდით მცხოვრები გაჭირვებული ადამიანის საჭიროებას. არ დაგვავიწყდეს: ჩვენს ეპოქაში არსებული მრავალი პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზა სწორედ ის შუამავლური ზნეობაა, რომლის ზოგიერთი საფუძვლის გახსენებაც დღეს ამ ხუტბაში შევეცადეთ.
ძვირფასო მორწმუნენო!
ეს თვე სამყაროთათვის წყალობად მოვლენილი შუამავალის (ს.ა.ს.) დედამიწაზე მოვლინების თვეა. ვეცადოთ, გავიხსენოთ და უკეთ გავიაზროთ ჩვენი საყვარელი შუამავლის ცხოვრება და სამაგალითოობა, ასევე, კაცობრიობას გავაცნოთ ის კეთილშობილური გზავნილები, რომლებიც მან მოიტანა.
ქება და დიდება უზენაეს ალლაჰს, რომელმაც ღირსი გაგვხადა, ვიყოთ შუამავალი მუჰამმედის (ს.ა.ს.) უმმეთის წევრები. მშვიდობა და წყალობა ჩვენს შუამავალს, ჩვენს გზამკვლევსა და საუკეთესო მაგალითს — მუჰამმედ მუსტაფას (ს.ა.ს.), მის ოჯახსა და მის მიმყოლებს.
ძვირფასო მუსლიმებო! ხუტბა მინდა დავასრულო სურა აჰზაბის შემდეგი აიათით: „ო, შუამავალო! უეჭველად, ჩვენ წარგგზავნეთ მოწმედ, მახარობლად და შემგონებლად! და მომწოდებლად ალლაჰისკენ, ნებითა თვისა და მანათობელ ლამპრად!“ (აჰზაბი, 33/45-46)





Comment here