
პატივცემულო მუსლიმებო!
ღაზის მოსახლეობის წინააღმდეგ დაწყებული ძალადობიდან სამი წელი გავიდა. ნანგრევებად ქცეულ ქალაქში კვლავ ნადგურდება საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საავადმყოფოები და საკულტო ნაგებობები. ადამიანებს წაართვეს სახლ-კარი, განადგურდა მათი ბაღები, ვენახები და სამუშაო ადგილები. ირღვევა რელიგიური სიწმინდეების ხელშეუხებლობაც.
ბავშვები, მოხუცები, ქალები და შშმ პირები, მოკლედ, მშვიდობიანი მოსახლეობა, მთელი მსოფლიოს თვალწინ უმძიმესი მდგომარეობის წინაშე აღმოჩნდა და ყოველდღიურად უწევს სიცოცხლისა და ღირსების შენარჩუნებისთვის ბრძოლა.
ძვირფასო მორწმუნეებო!
ღაზაში დატრიალებული ტრაგედია არ არის მხოლოდ პალესტინელებზე თავსდატეხილი უბედურება. ეს არის ისტორიული გამოცდა, რომელზეც დედამიწაზე თითოეული ადამიანის სინდისი, მორალი და ღირსება მოწმდება. ამასთანავე, ღაზიდან ცაში აღვლენილი გოდება გულს უკლავს თითოეულ ადამიანს, ვისთვისაც სამართლიანობა, სამართლიანობის პრინციპი და მოწყალება უმაღლესი ღირებულებაა. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აჟღერებული ხმები და პროტესტი ხოცვა-ჟლეტის შესაჩერებლად, მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად და ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად — ცხადყოფს, რომ ადამიანის სინდისი ჯერ კიდევ ცოცხალია და კაცობრიობას არ დაუკარგავს თანაგრძნობის უნარი.

პატივცემულო მუსლიმებო!
დიახ, კაცობრიობის ისტორიას არაერთხელ უნახავს, რომ უსამართლობა, რაოდენ ძლიერიც უნდა ჩანდეს იგი, მარადიული არასოდეს ყოფილა. მისი ძალაუფლება დროებითია და დადგება დღე, როდესაც ის აუცილებლად დასრულდება.
რადგან, როგორი ძლიერებიც უნდა იყვნენ ზალიმები, როგორი დიდი ძალაც უნდა ჰქონდეთ მათ ხელში, ჩვენი ყოვლისშემძლე უფლის სიტყვა ურყევი ჭეშმარიტებაა: „რამდენჯერ მომხდარა, რომ მცირე რიცხოვან ჯგუფს დაუმარცხებია მრავალრიცხოვანი ჯგუფი ალლაჰის ნებით! უეჭველად, ალლაჰი იმათთანაა, რომელნიც მომთმენნი არიან…“ [1]
ძვირფასო მუსლიმებო!
ღაზა დღეს ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული და ადამიანური ტრაგედიის სიმბოლოდ იქცა.
მაშინ, როდესაც ჩვენი იქაური ძმები შვილების დაკარგვის მწუხარებას, სიცოცხლის მუდმივ საფრთხესა და მშობლიური სახლებისა და მიწების განადგურებას უძლებენ, ჩვენც, ჩვენი დამოკიდებულებითა და თანადგომით, საკუთარი პასუხისმგებლობის წინაშე ვდგავართ.
თუ ღაზელების გამოცდა მოთმინებაა, ჩვენი გამოცდაა, არ დავივიწყოთ ისინი; თუ მათი გამოცდა ბრძოლაა, ჩვენი გამოცდაა თანაგრძნობა და გულმოდგინება; თუ მათი გამოცდა სიღარიბესა და გაჭირვებასთან გამკლავებაა, ჩვენი გამოცდაა, შესაძლებლობის ფარგლებში ხელი გავუწოდოთ და სიკეთე გავუზიაროთ.

ამასთანავე, არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი შესაძლებლობებიც. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია საკუთარი სიტყვით, ყურადღებით, თანადგომითა და შესაძლებლობის ფარგლებში გაწეული დახმარებით გამოხატოს მხარდაჭერა გაჭირვებაში მყოფი ადამიანების მიმართ. ზოგჯერ ერთი კეთილი სიტყვა, გულწრფელი თანაგრძნობა ან მცირე დახმარებაც კი მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამოხატულებად შეიძლება იქცეს.
ამასთან დაკავშირებით, ყოვლისშემძლე უფალი გვახსენებს იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებიც უსამართლობისა და ჩაგვრისგან გათავისუფლებას ელიან: „და რა გემართებათ თქვენ , რომ არ იბრძვით ალლაჰის გზაზე უმწეო კაცთა, ქალთა და ბავშვთა გულისათვის, რომელნიც ამბობენ : ღმერთო ჩვენო! გვიხსენი ამ დაბისგან , რომლის მკვიდრნიც სასტიკნი არიან და ჩვენ დაგვიდგინე შენი წიაღიდან მფარველი და შემწეო!“[2]
ძვირფასო ძმებო!
როდესაც ადამიანები წინ აღუდგებიან უსამართლობას და ამ აიათის შესაბამისად იცხოვრებენ: „და აი ისინი, როცა ეწევათ უსამართლო მძლავრობა, ერთმანეთს შეეწევიან.“[3], და როდესაც ადამიანები ერთმანეთის გვერდით დადგებიან და ერთმანეთის დახმარებასა და მხარდაჭერას შეძლებენ, უსამართლობისა და ჩაგვრის ძალა აუცილებლად შესუსტდება, ხოლო ყველა დაჩაგრულისთვის, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, გაჩნდება იმედი მშვიდობის, სამართლიანობისა და თავისუფლებისა.
ხუტბას კი შუამავალი მუჰამმედის (ს.ა.ს.) შემდეგი ჰადისით დავასრულებ: „…მორწმუნენი ერთი მუშტივით არიან შეკრულნი. მათ შორის ძლიერნი სუსტებს იცავენ, ხოლო წარჩინებულნი უძლურებზე ზრუნავენ…“[4]
[1] ბაყარა, 2/249.
[2] ნისა, 4/75.
[3] შურა, 42/39.
[4] ებუ დავუდი, ჯიჰადი, 147; ნესაი, ყასამე, 9-10.





Comment here