სათაურებიხუტბა

მეჩეთი და
სოციალური
ცხოვრება

პატივცემულო მუსლიმებო!
მეჩეთი ჩვენი ძმობის ნიშანია, ჩვენი თავისუფლების სიმბოლო და ჩვენს ცხოვრებაში რწმენის ხილული სახე. ეს არის წმინდა ადგილი, სადაც მორწმუნეთა გულები ერთი რწმენისა და ერთი იდეალის გარშემო ერთიანდება. თითოეული მეჩეთი ჭეშმარიტი გზის მაჩვენებელი, ერთიანობის ნიშანი და ერთსულოვნების კერაა. იგი სიყვარულისა და ურთიერთთანადგომის სივრცეა, რომელიც აძლიერებს ჩვენს ერთობასა და სოლიდარობას და მორწმუნეთა გულებს ერთმანეთთან აახლოებს.

ძვირფასო მორწმუნეებო!
ისლამურ ცივილიზაციაში მეჩეთები არასდროს ყოფილა მხოლოდ ლოცვის ადგილები. პირიქით, ისინი ყოველთვის საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრში იდგნენ. ჩვენი ქალაქები მეჩეთების გარშემო ვითარდებოდა; რელიგიური სასწავლებლები, ბიბლიოთეკები და საქველმოქმედო დაწესებულებები მეჩეთების გარშემო ადამიანთა განათლებასა და კეთილდღეობას ემსახურებოდა.

ყოვლისშემძლე ალლაჰის ბრძანება: „მორწმუნე კაცები და მორწმუნე ქალები ერთმანეთის დამხმარენი არიან. უბრძანებენ ერთმანეთს სიკეთეს და უკრძალავენ უკეთურობას, აღასრულებენ ლოცვას, გაიღებენ ზექათს და ალლაჰსა და მის შუამავალს ჰმორჩილებენ…“ [1]

ეს სულისკვეთება მეჩეთებიდან იღებდა სათავეს და საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ვრცელდებოდა. ქორწილების სიხარულს მეჩეთების ირგვლივ იზიარებდნენ, დაკრძალვების მწუხარებაში ერთმანეთს ანუგეშებდნენ, უპოვართა იმედი მეჩეთების გარშემო იფურჩქნებოდა, ხოლო ობლები და გაჭირვებულნი იქ პოულობდნენ მზრუნველობასა და მფარველობას.

პატივცემულებო!
სინანულით უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეს სწრაფი ურბანიზაცია, მატერიალიზმი და ინდივიდუალიზმი თანდათან გვაშორებს იმ ღირებულებებს, რომელთა განმტკიცებასაც მეჩეთი ემსახურება. შედეგად, ერთი რწმენით გაერთიანებულ ადამიანებს შორის უხილავი მანძილი იზრდება, სოციალური კავშირები სუსტდება და ადამიანი ხშირად საკუთარ მარტოობასთან პირისპირ რჩება.

არადა, მეჩეთი მხოლოდ ლოცვის ადგილი არ არის. იგი სულიერი სიმშვიდის, ძმობის, ურთიერთთანადგომისა და საზოგადოებრივი ერთიანობის კერაა. სწორედ მეჩეთებში უნდა ვპოვოთ ერთმანეთთან დაახლოების, გულების გაერთიანებისა და ძმური კავშირების განმტკიცების შესაძლებლობა.

ამიტომაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შუამავლის (ს.ა.ს.) მოწოდება, რომლითაც იგი ლოცვისთვის შეკრებილ მორწმუნეებს რიგების გასწორებისა და ერთმანეთთან მჭიდროდ დგომისკენ მოუწოდებდა: „გაასწორეთ თქვენი რიგები და ნუ იქნებით გაფანტულნი, თორემ თქვენი გულებიც გაიფანტება!“ [2]

ეს მოწოდება მხოლოდ ლოცვის დროს სწორად დგომას არ ეხება. იგი გვახსენებს, რომ გარეგნული ერთიანობა შინაგანი ერთობის გამოხატულებაც უნდა იყოს. როგორც ლოცვისას არ უნდა დავუშვათ ჩვენს რიგებში დაშორება, ისე არ უნდა დავუშვათ, რომ გულებს შორის ძმობის, თანადგომისა და სიყვარულის მანძილი გაიზარდოს.

ძვირფასო მუსლიმებო!
მოდით, განვაახლოთ ჩვენი მეჩეთების ისტორიული ფუნქცია და ისინი ჩვენი სოციალური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ვაქციოთ. ვიზრუნოთ, რომ მეჩეთი იყოს ადგილი, სადაც ჩვენი ბავშვები მოკრძალებასა და კეთილ ზნეობას შეიძენენ, ახალგაზრდები ცოდნისა და განათლების წრეებს შექმნიან, უფროსები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ, ხოლო ოჯახები ერთად ყოფნის სიხარულსა და სითბოს განიცდიან.

მოდით, ჩვენი მეჩეთები მხოლოდ იმ ადგილებად ნუ დავტოვებთ, სადაც ლოცვისთვის მივდივართ და შემდეგ ერთმანეთისგან ვიშლებით. ვაქციოთ ისინი იმ სივრცეებად, სადაც ერთმანეთს გავიცნობთ, ერთმანეთს მხარში ამოვუდგებით, გაჭირვებულს დავეხმარებით, ახალგაზრდას გზას ვუჩვენებთ, ბავშვს კეთილ ზნეობას ვასწავლით და ჩვენი საზოგადოების სიხარულსა თუ გასაჭირს ერთად გავიზიარებთ.

ძვირფასო მუსლიმებო!
დაე, გამჩენმა ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ბარაქა მიჰმადლოს ყველას, ვინც ჩვენი თემის სულიერ აღმშენებლობასა და მეჩეთების მშენებლობაში თავისი წვლილი შეიტანა, ხოლო ჩვენს გარდაცვლილებს წყალობა, მიტევება და თავისი უსაზღვრო მოწყალება არ მოაკლოს.

[1] სურა თევბე, 9/71. [2] მუსლიმი, სალათ, 122.

Comment here