
პატივცემულო მუსლიმებო!
უზენაესმა ღმერთმა ადამიანი გამორჩეულ არსებად შექმნა. მიანიჭა გონება, რათა იაზროვნოს, გული, რათა იგრძნოს, თავისუფალი ნება, რათა არჩევანი გააკეთოს და საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა აიღოს. ადამიანად დაბადება დიდი წყალობაა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, მთელი სიცოცხლის განმავლობაში შევინარჩუნოთ ადამიანური ღირსება, ვესწრაფოდეთ გამჩენის კმაყოფილების მოპოვებას და ვიცხოვროთ ჩვენი გაჩენის მიზნის შესაბამისად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გულში სიკეთისთვის ყოველთვის დავტოვოთ ადგილი და ბოროტებას ჩვენი სულის დაუფლების საშუალება არ მივცეთ.
ძვირფასო მორწმუნეებო!
ადამიანობას ხშირად დიდ საქმეებსა და გამორჩეულ ღვაწლში ვეძებთ, თუმცა მისი ნამდვილი გამოვლინება ყოველდღიური ცხოვრების უბრალო მომენტებშიც ჩანს. „ბედნიერების ეპოქაში“ მომხდარი ერთი შემთხვევა ამ მხრივ მნიშვნელოვან გაკვეთილს გვასწავლის.
ერთხელ შუამავალ მუჰამმედთან (ს.ა.ს.) ხანდაზმული კაცი მივიდა, თუმცა იქ მყოფებმა მისთვის ადგილის დათმობა დროულად ვერ მოახერხეს. რაზეც სამყაროთათვის წყალობად დადგენილმა შუამავალმა (ს.ა.ს.) ბრძანა: „ჩვენიანი არ არის ის, ვინც ჩვენს პატარებს არ შეიწყალებს და უფროსებს პატივს არ მიაგებს.“ [1]
ეს სიტყვები გვახსენებს, რომ ადამიანობა მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება. იგი ჩვენს დამოკიდებულებაში ჩანს: როგორ ვექცევით ხანდაზმულებს, როგორ ვზრუნავთ ბავშვებზე, რამდენად ვუფრთხილდებით მშობლებს, ვნახულობთ ავადმყოფებს თუ არა და რამდენად მზად ვართ, გაჭირვებულებს ჩვენი სიკეთე გავუზიაროთ.
როდესაც ხანდაზმულებს პატივს ვცემთ, საზოგადოებაში ურთიერთპატივისცემის კულტურას ვამკვიდრებთ. როდესაც ბავშვებს სიყვარულითა და თანაგრძნობით ვეპყრობით, მათ გულებში სიკეთის მარცვლებს ვთესავთ. როდესაც მშობლებს პატივს მივაგებთ და მათზე ვზრუნავთ, ოჯახურ კავშირებს ვაძლიერებთ. ავადმყოფის მონახულებით მას მარტოობის განცდას ვუმსუბუქებთ, ობლებისა და გაჭირვებულების დახმარებით კი ჩვენს ცხოვრებაში თანაგრძნობასა და სულიერ სიხარულს ვამრავლებთ. მეზობლის მოკითხვა და მისდამი კეთილგანწყობის გამოხატვა კი სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის გავრცელების მიზეზია.

ძვირფასო მუსლიმებო!
უზენაესი გამჩენი შეგვაგონებს: „ნუთუ ეგონა ადამიანს, რომ უპასუხისმგებლოდ იქნებოდა დატოვებული?“ [2]
ეს აიათი გვაფიქრებს ჩვენი არსებობის მიზანზე და გვახსენებს, რომ ცხოვრება პასუხისმგებლობის გარეშე არ არის მოცემული. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ ადამიანი ივიწყებს იმ ღირსებას, რომლითაც ღმერთმა დააჯილდოვა, და საკუთარ შესაძლებლობებს არასწორად იყენებს. თანამდებობა შეიძლება უპირატესობის განცდის მიზეზად აქციოს, სიმდიდრე — ამპარტავნების წყაროდ, ცოდნა — სხვების დამცირების საშუალებად, ხოლო ძალაუფლება — ადამიანების გულების ტკენის იარაღად.
ისლამი კი გვასწავლის, რომ ადამიანის ჭეშმარიტი ღირსება გარეგნობით, სიმდიდრით, თანამდებობითა თუ საზოგადოებრივი მდგომარეობით არ განისაზღვრება. ჭეშმარიტი სიმდიდრე მხოლოდ დაგროვილ ქონებაში კი არა, გაჭირვებულზე ზრუნვასა და ხელგაშლილობაში ვლინდება. ჭეშმარიტი ძალა სხვის დამარცხებაში კი არა, საკუთარი რისხვის მოთოკვასა და პატიების უნარში ჩანს. ხოლო ადამიანის უმთავრესი ღირსება გამჩენის წინაშე მის ღვთისმოშიშებასა და კეთილ საქმეებში გამოიხატება.
ძვირფასო მორწმუნეებო!
ზოგჯერ გარეგნობაზე ზრუნვას იმდენ დროს ვუთმობთ, რომ შინაგანი სამყაროს მოწესრიგება გვავიწყდება. სარკეში ხშირად ვაკვირდებით საკუთარ გარეგნობას, მაგრამ იშვიათად ვჩერდებით, რათა ჩავიხედოთ საკუთარ გულში, დავფიქრდეთ ჩვენს საქციელზე და გულწრფელად შევაფასოთ საკუთარი თავი.
ზოგჯერ დაუფიქრებლად ნათქვამი ერთი სიტყვა ადამიანს გულს ტკენს, ეს წყენა კი დროთა განმავლობაში უფრო ღრმავდება. პატიებისა და შერიგების ნაცვლად წყენას გულში ვინახავთ და ერთმანეთს ვშორდებით. ქონებრივი დავის გამო შესაძლოა ღვიძლ ძმასთან ურთიერთობაც კი გავწყვიტოთ. მეჩეთში, ლოცვისას, გვერდიგვერდ მდგომ მორწმუნეებს კი ყოველდღიურ ცხოვრებაში მოკითხვაც აღარ ვაღირსოთ. ზოგჯერ ნათესაურ კავშირებსაც ვწყვეტთ და გვავიწყდება, რომ ნათესავებთან ურთიერთობის შენარჩუნება, მათდამი სიკეთის გამოჩენა და ურთიერთპატივისცემა ისლამური ზნეობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

მაშ, რა სარგებლობა აქვს ჩვენს გარეგნულ მოწესრიგებას, თუ გულში წყენას ვატარებთ? რა ფასი აქვს ჩვენს ცოდნას, თუ იგი სხვების პატივისცემას არ გვასწავლის? და რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს ღვთისმსახურებას, თუ მის გავლენას ჩვენს ურთიერთობებსა და ყოველდღიურ ქცევაში ვერ ვხედავთ?
ეს კითხვები იმისთვის კი არ უნდა დავისვათ, რომ საკუთარი თავი განვსაჯოთ, არამედ იმისთვის, რომ უკეთ შევიცნოთ ჩვენი ნაკლოვანებები და მათი გამოსწორება შევძლოთ. ნამდვილი ადამიანობა ხომ იმაში ვლინდება, როდესაც საკუთარ შეცდომებს ვაღიარებთ, პატიებას ვითხოვთ, სხვისთვის მიყენებული წყენის გამოსწორებას ვცდილობთ და სიკეთეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ვაქცევთ.
პატივცემულო მუსლიმებო!
ხუტბის დასაწყისში გამოთქმულ მთავარ სათქმელს კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს: ადამიანად დაბადება დიდი წყალობაა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, მთელი სიცოცხლის განმავლობაში შევინარჩუნოთ ადამიანური ღირსება და ჩვენი სიტყვითა თუ საქმით დავამტკიცოთ, რომ ამ წყალობის დაფასება შეგვიძლია.
ამიტომ, დავიწყოთ საკუთარი თავიდან და ჩვენი ოჯახებიდან. ვეცადოთ, ჩვენს სახლებში სიყვარული და ურთიერთპატივისცემა სუფევდეს, ჩვენს ქუჩებში თანაგრძნობა და ურთიერთდახმარება იგრძნობოდეს, ხოლო ჩვენს საქმიანობასა და ვაჭრობაში პატიოსნება და სამართლიანობა სუფევდეს.
ენა ჭორაობისა და შეურაცხყოფისგან დავიცვათ, გული კი ამპარტავნებისა და შურისგან განვწმინდოთ. ჩვენი ძალა სუსტთა დასახმარებლად მოვიხმაროთ, ცოდნა — სიკეთის გასავრცელებლად, ხოლო სიტყვა — გულნატკენთა სანუგეშებლად და ადამიანთა შესარიგებლად. ნუ დაველოდებით დიდ შესაძლებლობებს სიკეთის საკეთებლად, რადგან ზოგჯერ გულწრფელად ნათქვამი კეთილი სიტყვა, თბილი მოკითხვა ან გაჭირვებულისთვის გაწვდილი დახმარების ხელი საკმარისია, რომ ადამიანს იმედი დავუბრუნოთ და მის ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილების მიზეზად ვიქცეთ.
დავიმახსოვროთ, რომ ამქვეყნად ჩვენი სიცოცხლე დროებითია, თუმცა სიკეთე, რომელსაც ადამიანების გულებში ვტოვებთ, ჩვენს შემდეგაც შეიძლება გაგრძელდეს. ამიტომ ვეცადოთ, ჩვენი ცხოვრების კვალი თანაგრძნობით, სამართლიანობით, პატიებითა და სიყვარულით აღიბეჭდოს, რათა ამქვეყნად გაკეთებული სიკეთე იმქვეყნადაც ჩვენი ბედნიერებისა და გამჩენის წყალობის დამსახურების მიზეზად იქცეს.
დაე, ჩვენი ადამიანური ღირსების გაცნობიერება, ერთმანეთის უფლებების დაცვა, გულის განწმენდა და ისეთი ცხოვრებით ცხოვრება, რომელიც ადამიანებს სიკეთეს მოუტანს, თითოეული ჩვენგანის ზნეობრივ მიზნად იქცეს.
[1] თირმიზი, ბირრი, 15.
[2] სურა ყიამეთი, 75/36.





Comment here