ძვირფასო მუსლიმებო!
კიდევ ერთ ყურბანის ბაირამს ვუახლოვდებით. სულ ცოტა დრო დარჩა, ამ ღვთისმსახურების აღსრულებამდე, რომელიც ისლამის სიმბოლოთა შორისაა და ჩვენს ერთობას, თანადგომასა და ძმობას გამოხატავს. უკვე დაწყებულია საყურბნე ცხოველების შეძენა. შევთხოვთ უზენაეს ალლაჰს, მოგვასწრას ყურბანის ბაირამი ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაში!
ძვირფასო მორწმუნეებო!
ყურბანი ნიშნავს იმას, რომ გონიერმა, სრულწლოვანმა და შარიათის მიხედვით შეძლებულმა მუსლიმმა ბაირამის დღეებში, შესწიროს შესაბამისი ცხოველი ღვთის კმაყოფილების მოპოვებისთვის. ეს არის თაყვანისცემის სახეობა, რომელიც კაცობრიობის ისტორიის ტოლფასია და გამოხატავს მადლიერებას ყოვლისშემძლე უფლის წყალობათა მიმართ. ეს არის განცხადება იმისა, რომ ჩვენი სიყვარული ალლაჰისადმი ყველა სხვა სიყვარულზე მაღლა დგას. ეს არის იმის მტკიცება, რომ მისი კმაყოფილება ყველაფერზე უპირატესია. მოკლედ რომ ვთქვათ, ყურბანი სიმბოლოა იმისა, რომ ჩვენ მზად ვართ ჩვენი ქონება, სიცოცხლე და ყველაფერი რაც გაგვაჩნია, ღვთის გზაზე სიამოვნებით დავთმოთ.
ძვირფასო მუსლიმებო!
ყურბანი მხოლოდ ცხოველის დაკვლა ან მისი ხორცით სარგებლობა როდია — ის ბევრად ღრმა აზრსა და სიბრძნეს მოიცავს.
ყურბანი არის ღვთისმოშიშეობა — გულწრფელი სრული მორჩილება ალლაჰის ყველა ბრძანებისადმი. ეს არის განდგომა სიხარბის, წუთისოფლის ამაო სურვილებისა და ცოდვებისგან, რომლებიც გვაშორებენ ღვთის კმაყოფილების დამსახურებას. დიადი ღმერთი ბრძანებს:
لَنْ يَنَالَ اللّٰهَ لُحُومُهَا وَلَا دِمَٓاؤُ۬هَا وَلٰكِنْ يَنَالُهُ التَّقْوٰى مِنْكُمْۜ
„უსათუოდ ვერ მიაღწევს ალლაჰთან ხორცნი შესაწირისა და ვერც სისხლნი მისი. მაგრამ მიუვა მას მხოლოდ თქვენი ღვთისმოშიშობა. ასე დაგიმორჩილათ მან ისინი თქვენ, რათა ადიდოთ ალლაჰი იმისთვის, რომ დაგაყენათ სწორ გზაზე. მაშ, ახარე სიკეთისმქმნელთ!“ (სურა ჰაჯი, აიათი 37)
ყურბანი არის ერთიანობა; როდესაც ენა, კანის ფერი ან გეოგრაფია არ წარმოადგენს დაბრკოლებას და როდესაც მთელი უმმეთი მუჰამმედი (მუსლიმები) ერთად ვიზიარებთ სიხარულსა და მწუხარებას. ეს არის მცდელობა, რომ თანაგრძნობა და სიყვარული ვაქციოთ სამეზობლოს, ქალაქის და მთელი მსოფლიოს რეალობად.
ყურბანი არის ვედრება — ღიმილი ობოლთა და მიუსაფართა სახეებზე. სიხარულისა და სიყვარულის მიტანა გაჭირვებულთა ოჯახებში; სხვების გახარებისას სიხარულის განცდა, გაზიარებისას კი შინაგანი სიმშვიდის პოვნა.
ძვირფასო მორწმუნეებო!
თაყვანისცემა უნდა შესრულდეს იმ ფორმით, როგორც ალლაჰმა გვიბრძანა და როგორც ჩვენი შუამავალი მუჰამმედი (ს.ა.ს.) ასრულებდა. ამდენად, ქველმოქმედებაში ფულის ჩარიცხვით ან დახმარების ორგანიზაციებისთვის გადაცემით ვერ სისრულეში ვერ მოვა მსხვერპლშეწირვა.
ერთი წვრილფეხა საქონელი (ცხვარი ან თხა) შეიძლება შესწიროს ერთმა ადამიანმა. ხოლო ერთი მსხვილფეხა საქონელი (ძროხა, აქლემი) – ერთდროულად მაქსიმუმ შვიდმა ადამიანმა, იმ პირობით, რომ თითოეულ მათგანს ყურბანის შეწირვის განზრახვა გააჩნია. თითოეულ წილში მხოლოდ ერთი ადამიანი შეიძლება ჩაერთოს — ერთ წილში რამდენიმე ადამიანის მონაწილეობა არ არის ნებადართული. როგორც ეს ზოგიერთ ორგანიზაციაში ხდება, სხვადასხვა ცხოველის ხორცის ერთმანეთთან შერევა და შემდეგ წილებად გადანაწილება (წონის მიხედვით), შარიათის მიხედვით დაუშვებელია.
ყურბანი აუცილებლად უნდა დაიკლას ბაირამის ლოცვის შემდეგ. ლოცვამდე დაკლული ცხოველი არ ითვლება ყურბანად. ასევე, არ არის ნებადართული შეკრიბო მრავალი ადამიანის შემოწირულობა ერთ წილზე და მათი სახელით, ან შუამავალის (ს.ა.ს.) სახელით, ე.წ. „საერთო ყურბანის“ დაკვლა. ეს არის ღვტიმსახურებაში ახალი რაღაცის დანერგვა და წარმოადგენს რელიგიისა და თაყვანისცემის ინსტრუმენტალიზაციას.
ძვირფასო მუსლიმებო!
ყურბანის თაყვანისცემაში არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მორწმუნემ თავისი ყურბანი თავისი ხელით დაკლას ან დაკვლაში თვითონვე მიიღოს მონაწილეობა. თავად ალლაჰის შუამავალი მუჰამმედი (ს.ა.ს.) პირადად ასრულებდა ყურბანის მსახურებას (თირმიზი, ედაჰი, 11) და ასე ბრძანებდა: „ადამის შვილი ბაირამის დღეს ვერ შეძლებს იმაზე უკეთეს საქმეს, ვიდრე ყურბანის დაკვლა.“ (თირმიზი, ედაჰი, 1)
ძვირფასო მორწმუნეებო!
ყოველგვარი ქება-დიდება გამჩენს ეკუთვნის, რომელმაც მოგვმადლა ძალა, გულმოდგინება და გონივრული ხედვა. როგორც წარსულში — როცა ჩვენი წინაპრები განსაცდელს პირად ღირსებად მიიჩნევდნენ და თავიანთი შესაძლებლობების მიხედვით ეხმარებოდნენ გაჭირვებულებს, — ასევე დღესაც, როცა მეტი საშუალება გვაქვს, ჩვენი ხალხი კვლავ რჩება მოწოდების სიმაღლეზე. არც ახლა ვივიწყებთ გაჭირვებულებს და ღვთის ნებით, წელსაც მთელი გულით ვეცდებით დავდგეთ მათ გვერდით, შევუმსუბუქოთ გაჭირვება და გავუზიაროთ დღესასწაულის სიხარული.
შევევედროთ გამჩენს, რომ ჩვენი ღვთიმსახურება მიღებულ იყოს მის წიაღ. ხუტბას კი სურა ჰაჯის 34-ე აიათით მინდა დავასრულო: „ყოველი თემისთვის ჩვენ დავადგინეთ მსხვერპლშეწირვის ადგილი, რათა მათ ახსენონ ალლაჰის სახელი საქონელზე, რომელიც მან უბოძა. თქვენი ღვთაება ერთადერთი ღმერთია! მაშ, იყავით მისი მორჩილნი!“
Comment here