სათაურებიხუტბა

სიტყვის ეთიკა და
სოციალური მედია

ძვირფასო მუსლიმებო!
სიტყვა ადამიანის შინაგანი სამყაროს სარკეა. კეთილი სიტყვა სულის მკურნალი და ნატკენი გულის მალამოა. სათნო საუბარი სულის მშვენებაა, რომელიც შეცდომას უხეშობის გარეშე, სათუთად ასწორებს. როგორც ჩვენმა ძვირფასმა შუამავალმა (ს.ა.ს.) ბრძანა: კეთილი სიტყვა ქველმოქმედებაა. (ბუხარი, ჯიჰადი, 128)

ძვირფასო მორწმუნეებო!
სიტყვის ძალა ხმის სიმაღლეში კი არა, გულწრფელობის სიღრმესა და გამოხატვის დახვეწილობაშია. თუკი უახლოეს ადამიანებამდეც კი ვერ მიგვაქვს სათქმელი, თუ ნათესავებთან საერთო ენის პოვნა გვჭირს და მეზობლებთან თბილი ურთიერთობის აგებას ვერ ვახერხებთ, ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ ჩვენი საუბრის მანერაა. საყვარელი შუამავალი (ს.ა.ს.) მორწმუნეს ასე ახასიათებს: მორწმუნე არ არის ცილისმწამებელი, მაწყევარი, უხეში, უხამსი ენით მოსაუბრე და უსირცხვილო“. (თირმიზი, ბირრი, 48)

პატივცემულო მუსლიმებო!
გულის კარი შიგნიდან ჩაკეტილ საკეტს ჰგავს, რომლის ერთადერთი გასაღები თბილი და კეთილი სიტყვაა. უზენაესი ალლაჰი ყურანში გვამცნობს: უთხარი ჩემს მსახურთ, უთხრან კეთილი სიტყვა! თორემ ეშმაკი განხეთქილებას ჩამოაგდებს მათ შორის. უეჭველად, ეშმაკი ადამიანის ცხადი მტერია!“ (სურა ისრა, 17/53)

ამიტომ, ვისაც ოჯახში სიმშვიდისა და სიყვარულის დამკვიდრება სურს, საკუთარი ენა სინაზით, თავაზიანობითა და თბილი სიტყვით უნდა შეამკოს. ვისაც შვილთან დაახლოება სურს, ჯერ მისი გულის კარი ტკბილი სიტყვებით უნდა გააღოს. ვისაც პატივისცემა სურს, თავისი სიტყვა სიმართლითა და სანდოობით უნდა განამტკიცოს, ხოლო ვისაც ბარაქის მოპოვება სურს — გულწრფელობითა და სისწორით უნდა ილაპარაკოს. მოკლედ, როგორც ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს: ვისაც ალლაჰისა და უკანასკნელი დღისა სწამს, ან სიკეთე თქვას, ან გაჩუმდეს. (ბუხარი, ედები, 31)

ძვირფასო მორწმუნეებო!
ციფრული პლატფორმები, სამწუხაროდ, იმ სფეროთა შორისაა, სადაც სიტყვისა და ქცევის ეთიკა ყველაზე ხშირად ირღვევა. ზოგიერთი ადამიანი, ვირტუალური აზარტული თამაშებისა და ნარკოტიკების პროპაგანდით, ყოველდღიურად უმზადებს ნიადაგს ბოროტების გავრცელებას; ზოგი კი ამას ძალადობის წამახალისებელი ციფრული თამაშებით აკეთებს. არიან ისეთებიც, რომლებიც საკუთარი ვინაობის მალვით სხვათა გულების ტკენას, მოყვასის პატივისა და ღირსების შელახვას დიდ „ოსტატობად“ მიიჩნევენ. სხვები კი, ყალბი ამბების გავრცელებით, საზოგადოებაში შუღლისა და უთანხმოების თესლს თესავენ. ჩვენი ყოვლისშემძლე გამჩენის გაფრთხილება ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად ნათელი და მკაფიოა: ადამიანთან ყოველთვის არის თანმხლები (ანგელოზი), რომელიც მის ყოველ ნათქვამ სიტყვას იწერს“. (სურა ყაფი, 50/18)

ძვირფასო მუსლიმებო!
თუკი ნათლად გავაცნობიერებთ ტექნოლოგიურ პროგრესთან თანმდევ საფრთხეებსა და იმ ფარულ მახეებს, რომლებიც ხშირად აშკარა სარგებლის მიღმა იმალება, შევძლებთ ვირტუალური სამყაროს ზიანი მინიმუმამდე დავიყვანოთ. ციფრული ტექნოლოგიების ეთიკური ღირებულებების დაცვით გამოყენება დაგვეხმარება, დავიცვათ საკუთარი თავი და ოჯახები იმ სიტყვებისა თუ შინაარსისგან, რომლებიც ჩვენს კულტურასა და მორალს ეწინააღმდეგება.

ხუტბას შუამავლის (ს.ა.ს.) შემდეგი ჰადისით ვასრულებთ: უსარგებლო სიტყვებისა და ქმედებების მიტოვება ადამიანის კარგი მუსლიმობის ნიშანია“. (თირმიზი, ზუჰდი, 11)

Comment here