
ძვირფასო მუსლიმებო!
ისლამი არის რელიგია, რომელიც აწესრიგებს ადამიანის პასუხისმგებლობებს არა მხოლოდ მისი გამჩენისა და საკუთარი თავის, არამედ ოჯახისა და იმ საზოგადოების წინაშე, რომელშიც იგი ცხოვრობს. დაფიქრდით, რამდენად მნიშვნელოვანია ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ს.) სიტყვები: „შენ გაგაჩნია პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, შენი გამჩენის, შენი სტუმრისა და შენი ოჯახის წინაშე. მაშ, ყოველი უფლების მქონეს მიეცი კუთვნილი უფლება!“ (თირმიზი, ზუჰდი, 63)
ძვირფასო მორწმუნეებო!
ოჯახი, სადაც მეუღლეები სიყვარულითა და პატივისცემით არიან დაკავშირებულნი, სადაც უფროსებს აფასებენ და შვილებს კურთხევად მიიჩნევენ — მისი დაცვა ჩვენი უპირველესი საზოგადოებრივი მოვალეობაა. ოჯახი არის პირველი სივრცე, სადაც ადამიანი პოულობს ემოციურ სიმშვიდეს და ეზიარება ცივილიზაციის ღირებულებებს.
ზნეობრივი საზოგადოებისა და მშვიდობიანი სამყაროს შენება სწორედ ოჯახზე გადის. უზენაესი გამჩენი ბრძანებს: „მისი სასწაულებიდანაა ისიც, რომ თქვენგანვე გააჩინა თქვენი მეწყვილე, რათა მასში ჰპოვოთ სიმშვიდე; დაგიდგინათ ერთმანეთს შორის სიყვარული და მოწყალება…“ (სურა რუმი, 21)
ეს აიათი გვახსენებს, რომ ოჯახი ღვთიური წყალობაა. მეუღლეებს შორის არსებული სიყვარული, შვილების მიერ მოტანილი სიხარული და მშობლების მზრუნველობა ქმნის იმ მთლიანობას, რომელიც ადამიანის ცხოვრებას სტაბილურობას ანიჭებს.
რელიგიის ერთგული და ფასეულობების პატივისმცემელი თაობების აღზრდა არის პასუხისმგებლობა, რომლის უგულებელყოფა დაუშვებელია. ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობა — იდენტობა, კუთვნილების გრძნობა და თავდადება — უნდა გადავცეთ ახალგაზრდებს, რათა მათ ღირსეულად გააგრძელონ ეს გზა.
შვილების დაფასება და მათი მოსმენა ჩვენი უმთავრესი მოვალეობაა. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) გვაფრთხილებს: „ადამიანისთვის ცოდვად ისიც კმარა, რომ უგულებელყოს ისინი, ვისი პასუხისმგებლობაც აკისრია.“ (ებუ დავუდი, ზექათი, 45)

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი სულიერი ვალია, განსაკუთრებული მზრუნველობით მოვეკიდოთ იმ ძმებსა და დებს, რომლებიც ფიზიკურ შეზღუდვებს დიდი მოთმინებით უმკლავდებიან. შუამავლის (ს.ა.ს.) დარიგების თანახმად: „ვინც თავისი ძმის საჭიროებას მოაგვარებს, ალლაჰიც მის საჭიროებას მოაგვარებს“ (მუსლიმი, ბირრი, 58) . ამიტომ, ჩვენი მეჩეთები, სკოლები და საზოგადოებრივი გარემო ისე უნდა აღიჭურვოს, რომ მათთვის ყოველი კარი ხელმისაწვდომი იყოს.
ძვირფასო მუსლიმებო!
დღეს კაცობრიობა მძიმე გამოწვევების წინაშე დგას. მავნე მიმდინარეობები და მცდარი იდეოლოგიები საფრთხეს უქმნის ახალგაზრდობის ცნობიერებას. ამ ფონზე, ჩვენი მოვალეობაა უზენაესი გამჩენის მცნებების ერთგულება და შუამავლური ზნეობის დაცვა. მხოლოდ ამ ფასეულობებზე დაყრდნობით შევძლებთ მომავალი თაობების სულიერ გადარჩენას.
ხუტბას კი დავასრულებ შემდეგი აიათით: „…ღმერთო ჩემო! შთამაგონე, რომ მადლიერი ვიყო იმ წყალობისთვის, რაც მე და ჩემს მშობლებს მოგვმადლე; მამყოფე კეთილი საქმეების მკეთებლად, რომელთაც მოიწონებ და მომმადლე სიკეთე ჩემს შთამომავლობაში…“ (სურა აჰყაფი, 15)





Comment here