სათაურებიხუტბა

ღვთისმსახურება
გვაახლოებს
ჩვენს გამჩენთან

ძვირფასო მუსლიმებო!
ჩვენი ღვთისმსახურებები არის მონა-მსახურებრივი მოვალეობა, რომელიც გვაახლოებს ჩვენს გამჩენთან, გვაზიარებს მის კმაყოფილებას და კეთილი ზნეობით გვამკობს. ამის ყველაზე ნათელი გამოხატულებაა უზენაესი ალლაჰის შემდეგი სიტყვები: უთხარი: უეჭველად, ჩემი ლოცვა და შესაწირი ჩემი და სიცოცხლე და სიკვდილი ჩემი სამყაროთა ღმერთის, ალლაჰისთვისაა.“ (სურა ენღ’ამი, 6/162)

ლოცვა გვაშორებს ცოდვებსა და ბოროტებას, გულს სიხარულს ჰგვრის და სულს სიმშვიდით ავსებს. ზექათი და სადაქა ჩვენს ქონებასა და სიცოცხლეს ბარაქას მატებს. ისინი საზოგადოებაში ურთიერთდახმარებისა და სოლიდარობის ცნობიერების განმტკიცებას უწყობს ხელს. მარხვა კი გულს ათავისუფლებს ამქვეყნიური ვნებებისა და გაუმაძღრობის მონობისგან, სრულყოფს ჩვენს ზნეობას და პიროვნულ ღირსებას გვძენს.

ძვირფასო მორწმუნეებო!
ჰაჯი და უმრა ასევე იმ ღვთისმსახურებათაგანია, რომლებიც ალლაჰისადმი ჩვენს მორჩილებას გამოხატავს. უზენაესი ღმერთი ბრძანებს: აღასრულეთ ჰაჯი და უმრა ალლაჰისთვის…“ (სურა ბაყარა, 2/196)

ამ დღეებში, როდესაც ჰაჯზე მიმავალ მომლოცველებს წმინდა მიწებისკენ ვაცილებთ, კარგად გვესმის, რომ ჰაჯი და უმრა ძმური შეკრებაა, რომელიც სხვადასხვა ენის, რასისა და მეზჰების მუსლიმებს აერთიანებს, მათში მონობის ცნობიერებასა და უმმეთის შეგრძნებას აძლიერებს.

ეს არის მადლმოსილი მოგზაურობა, სადაც მორწმუნე ალლაჰის უსაზღვრო წყალობასა და მოწყალებას აფარებს თავს, გულწრფელი მონანიებითა და ცრემლებით ცოდვების მიტევების იმედს ამყარებს. ეს არის განახლებისა და სულიერი აღორძინების დრო, რომელიც მორწმუნეს შესაძლებლობას აძლევს, წარსულს ანგარიში გაუწიოს და საკუთარი მომავალი უკეთ ააშენოს.

ძვირფასო მუსლიმებო!
კიდევ ერთი ღვთისმსახურება, რომელიც ჩვენს გამჩენთან სიახლოვეს ზრდის, არის ყურბანი. ყურბანის ღვთისმსახურება, რომლისთვისაც ამ დღეებში მზადებას ვიწყებთ, იმის მაჩვენებელია, რომ მზად ვართ, ჩვენი ქონება და სიცოცხლე უზენაესი ღმერთის გზაზე გავიღოთ.

უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: უსათუოდ ვერ მიაღწევს ალლაჰთან ხორცნი შესაწირისა და ვერც სისხლნი მისი. მაგრამ მიუვა მას მხოლოდ თქვენი ღვთისმოშიშობა.“ (სურა ჰაჯი, 22/37)

როგორც აიათშია ნათქვამი, ყურბანის მთავარი მიზანი ალლაჰის ბრძანებისადმი მორჩილებაა. ეს არის მისდამი ერთგულების გამოხატულება. ყურბანის მიზანია, განვიწმინდოთ ისეთი ცუდი თვისებებისგან, როგორიცაა ეგოიზმი, სიძუნწე და სიხარბე. ამასთანავე, მისი მიზანია, გულები ერთმანეთს გავუხსნათ, განვამტკიცოთ ერთობა და ძმობა და ვეცადოთ, სიკეთე მთელ დედამიწაზე გავავრცელოთ.

ძვირფასო მორწმუნეებო!
მსხვერპლშეწირვა (ყურბანი) სიკეთის აქტია. იგი არის გულების ხიდი, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ ჩვენსა და იმ ადამიანებს შორის, ვინც ჩვენში იმედს ხედავს. მსხვერპლშეწირვა ნიშნავს სიყვარულისა და თანადგომის მიტანას იმ ძმებისა და დების სახლებში, რომლებიც მოუთმენლად ელიან ჩვენს სტუმრობას, რათა მათ სუფრებზეც დაისადგუროს დღესასწაულის სიხარულმა.

უზენაეს ალლაჰს ვევედრებით, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაში მიგვაღწევინოს ყურბან-ბაირამამდე.

ხუტბას დავასრულებ ჩვენი საყვარელი შუამავალის შემდეგი ჰადისით: ღმერთო ჩემო! ეს ყურბანი შენგანა არის და და მუჰამმედმა (...) და მისმა თემმა შენი კმაყოფილების მოპოვების დამსახურებისთვის შესწირა“. (იბნი მაჯე, ედაჰი, 1)

Comment here