სათაურებიხუტბა

მევლიდი ნები:
შუამავლის დაბადება
ძვირფასო მორწმუნენო!

მომავალი სამშაბათი რებიულ ევველის მთვარის მეთორმეტე ღამე, ანუ შუამავლის დაბადების ღამეა. ეს არის თარიღი, როდესაც სამყაროს წყალობად მოვლენილი შუამავალი დაიბადა. უსაზღვრო მადლობას ვწირავთ უზენაეს გამჩენს, რათა მოგვმადლა წყალობა და ამ მნიშნელოვან თარიღს ისევ დავესწარით. მთელ ისლამურ სამყაროს ვულოცავთ ამ ღირშესანიშნავ თარიღს.  

ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა აიათში, რომელიც ხუტბას დასაწყისში წავიკითხე, უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

ჰეი, შუამავალო! უეჭველად, ჩვენ წარგგზავნეთ მოწმედ, მახარობლად და შემგონებლად! და მომწოდებლად ალლაჰისკენ, ნებითა თვისა და მანათობელ ლამპრად! და უმახარობლე მორწმუნეებს, რომ მათთვისაა ალლაჰთან უდიდესი წყალობა!“ (აჰზაბ, 33/45-46)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე გვმოძღვრავს:

ვინც გამჩენად ალლაჰს, სარწმუნოებად ისლამს და შუამავლად მუჰამმედს აღიარებს ჭეშმარიტი რწმენის სიტკბოებას ეზიარება“. (იხ. იბნ ჰანბელი, 1, 208)

ძვირფასო მორწმუნენო!
ალლაჰის შუამავალმა შემწყნარებლობა ასწავლა მთელ კაცობრიობას, როდესაც ადამიანთა გულებში თანაგრძნობა თითქმის გამქრალი იყო. მისი მოსვლით უნაყოფო გულები ისევ გაცოცხლდა. ის გახდა უმეცრების მორევში ჩაძირული კაცობრიობის გზამკვლევი და იმედი ყველა დაჩაგრულისთვის. მან გამოიყვანა ხალხი ჩაგვრის სიბნელიდან და ისლამის ნათელს აზიარა.

შუამავალმა მთელ კაცობრიობას მოუწოდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი გამჩენის მსახურნი ყოფილიყვნენ. მან ასევე მოუწოდა სამართლიანობის, სიკეთის, ძმობისა და კარგი ზნეობისკენ. მან ასწავლა კაცობრიობას რწმენა და ღვთისმსახურება, სამართლიანობა და სწორად ცხოვრება. მან აღჭურვა საზოგადოება საუკეთესო ზნეობითა და შემწყნარებლობით.  

ძვირფასო მორწმუნენო!
შუამავალმა მიიღო ღვთიური გზავნილი, შეგვასწავლა ის და მისით ცხოვრება გვასწავლა. ჩვენი შუამავლის სუნა წმინდა ყურანის განსახიერებაა. ყურანი და სუნა ერთი მთლიანობაა. შუამავლის მოძღვრების გარეშე ისლამის გაგება შეუძლებელია.  

ალლაჰისადმი მორჩილების გზა ჩვენი შუამავლის მიერ ნაჩვენები ცხოვრების წესით ცხოვრებაა. ჩვენი უფლის სიყვარულის მიღება ჩვენს შუამავალზე დაჯერებითაა შესაძლებელი. ყურანში ეს ჭეშმარიტება ნათლადაა გადმოცემული:

უთხარი შენ (მუჰამმედ): თუ გიყვართ ალლაჰი, გამომყევით მე,რომ ალლაჰმა შეგიყვაროთ თქვენ და შეგინდოთ ცოდვები თქვენი, რადგან ალლაჰი შემწყნარებელი და მწყალობელია!“ (ალი იმრანი, 3/31)

ძვირფასო მორწმუნენო!
გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას და შუამავლის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა დიდ შესაძლებლობად მივიჩნიოთ.  მოდით ვეცადოთ, რომ ჩვენს სახლებში, სამუშაო ადგილებზე, გარემოსა და ადამიანურ ურთიერთობებში ჩვენი შუამავლის მიერ მოტანილი პრინციპები დომინანტური გავხადოთ. მოდით, ისე ვიცხოვროთ, რომ დედამიწა მშვიდობითა და კეთლდღობით აივსოს, ხოლო საიქიოში სამოთხეს ვეზიაროთ.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ ყოველწლიურად შუამავლის დაბადების დღესთან დაკავშირებით მთელ კვირას, ანუ შუამავლის დაბადების კვირეულს აღვნიშნავთ. ამ კვირეულის ფარგლებში ჩატარდება სხვა და სხვა სახის ღონისძიებები, სადაც ბავშებს, ახალგაზრდებს და ასევე ყველა დაინტერესებულ პირს შუამავლის ცხოვრებას გავაცნობთ. უზენაეს გამჩენს ვევედრებით, რომ ეს კვირეული ჩვენი ერისა და მთელი ისლამური სამყაროსთვის სიკეთის მომტანი ყოფილიყოს.

Comment here