ამბებისათაურები

რამადანი დასვენებისა და წყალობის თვეა

რელიგიის საქმეთა მინისტრმა  პროფ. დოქტორმა ალი ერბაშმა რამადანის დაწყებასთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს: „რამადანი შვებისა და წყალობის თვეა. დიად ღმერთს ვთხოვ, ჩვენი გულებისათვის სიმშვიდე და სიწმინდე, ჩვენი ოჯახებისთვის ხვავი და ბარაქა, ხოლო ჩვენი ქვეყნისა და სრულიად მუსლიმური სამყაროსთვის სიკეთე მოეტანოს“.

რელიგიის საქმთა მინისტრმა პროფ.  დოქტორმა ალი ერბაშმა რამადანის თვის მობრძანებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილში შემდეგი რამ თქვა:

ძვირფასო ძმებო!
უზენაესის წყალობით კიდევ ერთხელ მოვესწარით რამადანის თვეს, რომელიც წყალობისა და ბარაქის დროა. უსაზღვრო მადლიერება მინდა გამოვხატო უზენაესის მიმართ, რადგან კიდევ ერთხელ დაგვასწრო ამ ძვირფას თვეს.

უეჭველია, რომ რამადანის სხვა თვეებისგან გამორჩეულობის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება ისაა, რომ ჩვენი წმინდა წიგნის, ყურანის მოვლინება ამ თვეში დაიწყო.

რამადანის თვე ჩვენს ცხოვრებას, მრავალი, მხოლოდ მისთვის მახასიათებელი  სილამაზით  რთავს. საჰური, იფთარი, მარხვა, თარავი, ყურანის კითხვა და სხვა მსახურებანი ჩვენს გულებში, ჩვენს ოჯახებში და ზოგადად მთელ დედამიწაზე განსხვავებულ სულიერ ატმოსფეროს ქმნიან. ამ თვეში გაცემული ზექათი, ფითრა, საჩუქრები და სხვა სახის ქველმოქმედება მუსლიმებს შორის განსაკუთრებულ სიყვარულსა და თანაგრძნობას აყალიბებს. ძლიერდება ძმობისა და თანადგომის საფუძველზე დამყარებული ურთიერთობები.

მეორეს მხრივ, რამადანი ყოველდღიური ორომტრიალისგან მცირედით მაინც ჩამოგვაშორებს და საკუთარ გულში ჩახედვის საშუალებას მოგვცემს. ამ თვეში საკუთარ სულიერ სამყაროს უფრო მეტი მონდომებით ვუღრმავდებით და საკუთარი ქმედებების განსჯას ვახერხებთ. რამადანი ის ხელსაყრელი დროა, როდესაც სულიერ წრთვნას, ცდუნებებზე გამკლავებასა და მოთმინებას ვსწავლობთ.

მწუხარება უნდა გამოვთქვა იმის თაობაზე, რომ პანდემიის გამო  იძულებული ვართ წელსაც ამ ძვირფას თვეს შეზღუდულ პირობებში შევხვდეთ. აღნიშნული მდგომარეობა დროებითია და ამან ჩვენს განწყობებზე ნეგატიურად არ უნდა იმოქმედოს და იმედის დაკარგვა არ უნდა გამოიწვიოს. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ყოველგვარი სიძნელე დროებითია და ღვთის ნებით მალე ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება.

ჩვენი ვალია, ყველა ეს განსაცდელი ღვთისგან მომდინარე გამოცდად მივიღოთ და ისე მოვიქცეთ, როგორც მართლმორწმუნე მუსლიმებს შეგვეფერება. მოგეხსენებათ, ახლა განსაკუთრებით სენსიტიური მდგომარეობაა და სიტუაციის გათვალისწინებით ყველაფერი სწორად და გააზრებულად უნდა გავაკეთოთ. ჩვენზე დაკისრებული მოვალეობები პირნათლად უნდა შევასრულოთ და რაც მთავარია, უნდა დავიცვათ ის რეგულაციები, რასაც ჯანდაცვის სისტემა გვიდგენს.

ყველა სირთულე და განსაცდელი მხოლოდ ღვთის დახმარების შედეგად დასრულდება, ამიტომ ჩვენი ცხოვრების ცენტრალურ მიმართულებად დადგენილი ღვთის კმაყოფილების მოპოვების მცდელობა მუდმივად უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენი ყოველი გადაწყვეტილების საფუძველი წმინდა ყურანი და შუამავლის სუნნეთი უნდა იყოს. არ უნდა დავკარგოთ იმედი და  შემართება. გონიერებით ყველანაირი თადარიგი უნდა დავიჭიროთ და შემდეგ მოთმინებითა და გამძლეობით ღმერთის უზენაეს ნებას უნდა მივეკედლოთ.  რამადანის, ესოდენ ძვირფასი  დროის მაქსიმალურად გამოყენებისათვის საკუთარი თავის განსჯა უნდა ვისწავლოთ. უნდა გავაძლიეროთ და გავამრავლოთ ღვთისმსახურება, რათა ღვთის წყალობით სულიერ სიმშვიდესა და განწმენდას ვეზიაროთ.

უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე დიდი განსაცდელიც კი ღვთური წყალობის გამოვლინებაა და ის ჩვენთვის სასიკეთო შედეგით დასრულდება. გამომდინარე აქედან, კიდევ ერთხელ გულისხმიერად დავფიქრდეთ განვლილ ცხოვრებაზე, ჩვენს შეცდომებზე, ჩადენილ ცოდვებზე და მომავალი უკეთესი გათვლებით დავგეგმოთ. გავაძლიეროთ ოჯახური ურთიერთობები და შვილები მორწმუნე და ღირსეულ ადამიანებად აღვზარდოთ. ეს განსაცდელის პერიოდი ოჯახთან ბევრი დროის გატარებით, შვილებზე სასულიერო განათლების მიცემით და სხვა კარგი საქმეებით, საინტერესო და სასარგებლო გავხადოთ.  ასევე სასურველია რამადანის თვე ოჯახის წევრებთან გავატაროთ. განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ღვთისმსახურების ერთად შესრულებას. ასევე, ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ, რომ ლოცვები ერთად შევასრულოთ. საჰურის ბარაქიანობა, იფთრის სიხარული, თარავის სიმშვიდე და სხვა მრავალი სილამაზე, რაც რამადანს ახასიათებს, ბავშვებსაც გავუზიაროთ და ვეცადოთ, რომ ამ ყველაფერში ისინიც ჩავრთოთ. ამ თვეში ოჯახები სასწავლო ცენტრებად გადავაქციოთ და ღვთისმსახურებასთან ერთად ცოდნის მიღებაზეც ვიზრუნოთ.

ამ გრძნობითა და განწყობით,  ამ ძვირფასი თვის, შვებისა და წყალობის თვედ წოდებული რამადანის დადგომისას  დიად ღმერთს ვთხოვ, ჩვენი გულებისათვის სიმშვიდე და სიწმინდე, ჩვენი ოჯახებისთვის ხვავი და ბარაქა, ხოლო ჩვენი ქვეყნისა და სრულიად მუსლიმური სამყაროსთვის სიკეთე მოეტანოს“.

Comment here