
წმინდა აიათის მიხედვით უზენაესი გამჩენი ბრძანებს:
„რამადანის თვეა, რომელშიც ზემოვლინებული იქნა ყურანი ჭეშმარიტ გზად ხალხისთვის და ცხად ცნობარად ჭეშმარიტი გზისა და განმასხვავებლად ჭეშმარიტებისა ბათილისგან. და თქვენგან ვინც იხილოს ეს თვე, იმარხულოს მასში. და ვინც ავად იყოს ან მგზავრობაში, ამდენივე სხვა დღეებში. ალლაჰის ნებაა თქვენთვის შვება და არა ვნება და რომ შეასრულოთ ეს რაოდენობა და ადიდოთ ალლაჰი იმისათვის, რომ ჭეშმარიტ გზას დაგადგინათ. ეგებ მადლიერნი იყოთ!“ (ბაყარა 2/185)
ჰადისის მიხედვით კი, ძვირფასი შუამავალი ბრძანებს:
„რამადანის მოსვლისას სამოთხის კარები იხსნება, ჯოჯოხეთის კარები იხურება და ეშმაკი დაბმულია“. (იხ. მუსლიმ, „სიამ“ 1)
ძვირფასო მორწმუნენო!
მოგესხენებათ, სამთვეული წყალობის, სულიერი ამაღლებისა და გადარჩენის პერიოდია და რამადანი ამ სამთვეულის ბოლო თვეა. ეს არის ნანატრი თვე, რომელსაც ასეთი სიყვარულით ვეგებებით. მომავალ ორშაბათს, ღამით, პირველ თარავს ვილოცავთ და სამშაბათს, ალიონის დადგომამდე პირველ საჰურზე ავდგებით.

ძვირფასო მორწმუნენო!
რამადანი ჩვენი წმინდა სტუმარია, რომელიც ჩვენი გამჩენისგანაა მოვლენილი. რამადანი მოგვიწოდებს, რომ ჩვენი გადარჩენის გზამკვლევი, ყურანი, უფრო ხშირად უნდა ვიკითხოთ და უფრო ხშრად უნდა ვიფიქროთ ჭეშმარიტებაზე. მარხვა მენტალური განვითარებისა და სულიერი წრთვნის საუკეთესო საშუალებაა. ყოველ საჰურსა და იფთარს ჩვენს ოჯახებში სიმშვიდე და ბარაქა შემოაქვს. ხუთი დროის ლოცვასთან ერთად თარავსაც ვასრულებთ, რაც ჩვენი სხეულების სიჯანსაღესა და სულიერ სისპეტაკეს მოგვიტანს. ზექათი, ფითრა და სხვა მოწყალება ჩვენს ახლობლებს, ნათესავებს, მეზობლებსა და სხვა თანამორწმუნე ძმებს შვებას და სიყვარულს ჰგვრის. ამ თვეში, ჩვენი უპირველესი მოვალეობა, ამ წმინდა სტუმრისსათვის მთელი გულის გახსნაა. ამ ღვთიურ მოწოდებას მთელი გულით უნდა მივყვეთ.
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი გადაღლილი სულები რამადანის მადლით უნდა დავიამოთ. ჩვენი ამ მღელვარე გულების დასამშვიდებლად ღმერთს შვება უნდა ვთხოვოთ. უნდა მივუბრუნდეთ ჩვენი გაჩენის არსსა და მიზანს და გამჩენის წინაშე გულწრფელი თაყვანისცემით დავკავდეთ. პირობა დავდოთ, რომ ჩვენს გულსა და სულს, ხელსა და ენას, თვალსა და გონებას ცოდვებისგან დავიფარავთ და საამისოდ ღმერთს შეწევნა შევევედროთ.
ძვირფასო მორწმუნენო!
გილოცავთ ძვირფასი რამადანის მობრძანებას! დალოცვილ იყოს ეს ძვირფასი თვე. დაე, ჩვენმა გულმა და გონებამ ყურანის მიერ მოტანილი შვება იგრძნონ. ამ ძვირფასი თვის მადლით, ღმერთმა ქნას დასრულდეს ყველანაირი გაჭირვება და განსაცდელი, განსაკუთრებით კი მსოფლიოში მიმდინარე კოვიდ ცხრამეტის ეპიდემია!





Comment here