
სამთვეულის სულიერ გარემოს ვუახლოვდებით
ძვირფასო მუსლიმებო!
აქ წარმოდგენილ აიათში უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:
„ესწრაფეთ მიტევებისკენ თქვენი ღმერთისგან და სამოთხეს, რომლის სივრცე ცანი და დედამიწაა, რომელიც გამზადებულია ღვთისმოშიშთათვის“, (ალი იმრან 3/133)
ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასეთ ვედრებას გვასწავლის:
„ღმერთო! შენ მიმტევებელი ხარ. მწყალობელი ხარ. მიტევება გიყვარს. მეც მომიტევე“. (იხ. თირმიზი, „დეავათ“ 84)
ძვირფასო მორწმუნენო!
დიადი ღმერთის ნებითა და წყალობით ჩვენს ცხოვრებაში კიდევ ერთხელ დადგა ის სულიერი ხვავისა და ბარაქის მომტანი პერიოდი, რომელსაც სამთვეული ჰქვია. მომავალი კვირის სამშაბათ დღეს რეჯების მთვარე იწყება. ხუთშაბათის საღამოდან პარასკევის დილამდე კი რეღაიბის ღამის მომსწრენი გავხდებით.
დიდება ალლაჰს, რომელმაც ამ ძვირფას დღეებს კიდევ ერთხელ დაგვასწრო. ვლოცავთ შუამავალს, რომელმაც ღვთისადმი თაყვანისცემა, ღვთისმსახურება, მონანიება და ვედრება შეგვასწავლა.

ძვირფასო მუსლიმებო!
სამთვეული გამოღვიძების, მსახურებისა და განწმენდის დროა. ეს არის ძვირფასი დრო, რომელსაც მთელი წელი ასე მოუთმენლად ველოდებით. ეს ის თვეებია, როცა ხვთიური წყალობა უხვად ევლინება სამყაროს და მორწმუნეები ერთიანად აღავლენენ ლოცვას.
ძვირფასი სამთვეულის პირველი თვე რეჯებია. ეს თვე ღვთისადმი რწმენისა და თაყვანისცემის, ხოლო შუამავლისადმი სიყვარულისა და მიმდევრობის გამოხატულების ერთ-ერთი საუკეთესო დროა.
ძვირფასო მორწმუნენო!
რეჯების თვეში ჩვენი სულიერების სავანეს ორი ძვირფასი ღამე ეწვევა. მათგან პირველი რეღაიბის ღამეა. რეღაიბი ნიშნავს, რომ მორწმუნე ადამიანმა მთელი სურვილები და მისწრაფებები ღვთის კმაყოფილების მოპოვების მცდელობას უნდა დაუქვემდებაროს. ამ თავბრუდამხვევი სისწრაფით მიმავალ ცხოვრებაში რეღაიბი გვასწავლის, თუ რა არის ნამდვილი სარგებლობის მომტანი ქმედება. ეს არის ღვთისადმი მინდობა და იმ პირობის შესრულება, რაც გამჩენზე ოდითგანვე გვაქვს მიცემული.
მეორე ძვირფასი ღამე მირაჯია. მირაჯის სასწაულით შუამავალმა თავის მიმდევრებს ძვირფასი გზავნილი მოუტანა. მირაჯის ღამე ასევე ასოცირებულია მესჯიდი აყსასთან. მირაჯი ხორციელი სურვილებიდან სულიერებისკენ გარდასვლაა. მირაჯი გვახსენებს, რომ ამქვეყნიური, წარმავალი, ფუჭი რაღაცაები უმნიშვნელოა და მორწმუნემ საიქიო, მუდმივი სასუფევლისთვის უნდა იზრუნოს.
ძვირფასო მორწმუნენო!
რეჯების თვის შემდეგ შაღბანის თვე მოდის. ამ თვეში მორწმუნეები სულიერადაც და ფიზიკურადაც სამარხვო სამზადისში არიან. შაღბანის თვის შუაში ბერათის ღამეა, რომელიც განწმენდის, მიტევების და ღვთიური სასჯელისგან გადარჩენის დროა.
სამთვეულის მესამე თვე კი, რა თქმა უნდა რამადანია. რამადანის დასაწყისი ღვთიური წყალობაა, შუა ნაწილი- განწმენდა, ბოლოს კი – ჯოჯოხეთისგან გადარჩენაა. რამადანი მარხვის, ყურანის, ზექათის, განწმენდისა და „თეფექქურის“ თვეა. რამადანის ბოლოსკენ ყადირის ღამე მოდის, რომელიც მისი ფასის მცოდნეთათვის ათას თვეზე უფრო სასარგებლოა. ბოლოს კი ბაირამის სიხარული გვეწვევა, რომელიც ღვთისადმი მორჩილების გამო განცდილ ბედნიერებას მოგვიტანს.
ძვირფასო მუსლიმებო!
ვიცოდეთ, რომ სამთვეული ის ხელსაყრელი დროა, როცა თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ღვთისადმი რწმენა გავიძლიეროთ, მას უფრო მეტად მივენდოთ, უფრო მეტი გულწრფელობით ვილოცოთ და ცხოვრება მაღალი ზნეობის შესაბამისად დავგეგმოთ. მოვინანიოთ ყველა ის შეცდომები და ცოდვები, რომლებიც ჩაგვიდენია. მავნე ჩვევები თუ გვაქვს მოვინანიოთ და მივატოვოთ. ცხოვრების ახალი ფურცელი უნდა გადავშალოთ, რომელიც რწმენით, სიკეთითა და სიმართლით იქნება სავსე. უნდა დავთმოთ ეგოიზმი და „მე“-ს მაგივრად ვთქვათ „ჩვენ“. ამ გზით ამქვეყნადაც და საიქიოშიც სიმშვიდეს ვპოვებთ.
დიად ღმერთს ვთხოვ, ეს ძვირფასი სამთვეული და რეღაიბის ღამე ყველა მუსლიმის, ჩვენი ერისა და საერთოდ მთელი კაცობრიობისათვის სიკეთის მომტანი ყოფილიყოს. ღმერთმა დალოცოს რეჯებისა და შაღბანის თვეები და სიკეთით მიგვაღწევინოს რამადანს.





Comment here