
პატივცემულო მუსლიმებო!
ჩვენს დროში, როდესაც საკომუნიკაციო ტექნოლოგიები განსაკუთრებული სისწრაფით ვითარდება, ადამიანური და საზოგადოებრივი ურთიერთობები სულ უფრო მეტად გადადის ვირტუალურ სივრცეში, რომელსაც სოციალურ მედიას ვუწოდებთ. ეს არის გარემო, სადაც ინფორმაცია წამებში ვრცელდება, ადამიანები ხშირად ციფრული ნიღბის მიღმა მალავენ საკუთარ ვინაობას, ხოლო სიმართლისა და სიცრუის ერთმანეთისგან გარჩევა სულ უფრო რთულდება. სამწუხაროდ, ამგვარი გარემო ხშირად ხელს უწყობს ზნეობრივი ღირებულებების გაუფასურებასა და საზოგადოებაში ზნეობრივი ნორმების შესუსტებას.
ჩვენს ირგვლივ მიმდინარე ცვლილებები გვავალდებულებს, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ საკუთარ პასუხისმგებლობებზე და გვახსოვდეს, რომ ზნეობრივი პრინციპები ციფრულ სივრცეშიც ისევე უნდა დავიცვათ, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს გულისხმობს თავაზიანობას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პატივისცემას, პატიოსნებასა და სიმართლის დაცვას.
ძვირფასო ახალგაზრდებო!
ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მისატანად ციფრული სივრცის აქტიურად გამოყენება ჩვენი დროის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და აუცილებლობაცაა. თუმცა ზოგიერთი ადამიანი, რომელიც საკუთარ ღირსებას სხვების მოწონებითა და შეფასებით ზომავს, სოციალური მედიის გავლენით შესაძლოა საკუთარ ნამდვილ ღირებულებებს დაშორდეს, მოწონების მოპოვების სურვილს აჰყვეს და თავის გამოჩენისა თუ გადაჭარბებული მოხმარების ტყვეობაში აღმოჩნდეს.
გარდა ამისა, ციფრულ სივრცეში ანონიმურობისა და დაუსჯელობის განცდამ შესაძლოა ზოგიერთი ადამიანი სხვების პირად ცხოვრებაში ჩარევისკენ, სიცრუის, შეურაცხყოფისა და ცილისწამებისკენ უბიძგოს. არადა, ეკრანის მეორე მხარესაც ადამიანია, რომელსაც გული აქვს და რომლის გრძნობებსაც პატივისცემა სჭირდება; ადამიანია, რომლის ღირსებაც დაცული უნდა იყოს.
მორწმუნე რეალურ ცხოვრებაშიც და სოციალურ მედიაშიც პრინციპული, თანმიმდევრული და თავშეკავებული უნდა იყოს. ციფრულ სივრცეში რაიმეს გამოქვეყნებამდე კი კარგად უნდა დაფიქრდეს და საკუთარი სიტყვები თუ ქმედებები ზნეობრივი საზომით შეაფასოს.
ჩვენი საყვარელი შუამავალი მუჰამმედი (ს.ა.ს.) ერთ-ერთ ჰადისში გვასწავლის: „ადამიანისთვის ცოდვად ისიც საკმარისია, რომ ყველაფერი, რასაც მოისმენს, სხვებს გადასცემდეს.“ [1]

პატივცემულო დედებო და მამებო! ძვირფასო ძმებო და დებო!
ციფრული სამყაროს გაუაზრებელი გამოყენება განსაკუთრებით უარყოფითად აისახება ბავშვებსა და ახალგაზრდებზე. სოციალურ მედიაში ხანგრძლივად ყოფნამ შესაძლოა ჩვენი შვილები რეალურ ცხოვრებას დააშოროს, ყურადღება გაუფანტოს და უსარგებლო მასალების ყურებასა თუ კითხვაში ძვირფასი დრო დააკარგვინოს.
არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებელია შვილებისა და ახალგაზრდების ციფრული სამყაროს საფრთხეებისგან დაცვაზე. ჩვენი მოვალეობაა, მათ ტექნოლოგიების გონივრულად და პასუხისმგებლობით გამოყენებაში დავეხმაროთ, სწორი მაგალითი მივცეთ და საჭირო მიმართულება ვუჩვენოთ.
ძვირფასო მორწმუნეებო!
უზენაესი ღმერთი შეგვაგონებს: „არ მისდიო იმას, რისი ცოდნაც არ მოგეპოვება შენ. უეჭველად, ყურის, თვალის და გულისგან, ყველასგან პასუხი მოეკითხება!“ [2]
ჩვენი მოვალეობაა, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი გვხედავს და ჩვენი ყოველი სიტყვა თუ ქმედება მის წინაშე პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ ის შედეგები, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს ჩვენს ნათქვამს, გავრცელებულ ინფორმაციასა და გამოთქმულ მოსაზრებებს. ვეცადოთ, ციფრული სივრცე გულწრფელობის, ძმობის, ჭეშმარიტებისა და კეთილზნეობის გავრცელების საშუალებად ვაქციოთ.
ძმებო და დებო!
შესაძლოა, ამ ხუტბის მოსმენის დროსაც კი ჩვენი ყურადღება ტელეფონის ეკრანებისკენ იყოს მიპყრობილი, გონება კი ვირტუალური სამყაროს ხმაურმა ისე მოიცვას, რომ ნათქვამი სათანადოდ ვეღარ გავიაზროთ.
ამ სიტყვებს იმიტომ კი არ გეუბნებით, რომ გული გატკინოთ, არამედ იმისთვის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა მეტი ყურადღებითა და პასუხისმგებლობით შეხედოს ამ საკითხს.
საქმე ისაა, რომ ჩვენს ხელთ არსებული ეკრანები ხშირად შეუმჩნევლად გვართმევს დროის დიდ ნაწილს და გვაკარგვინებს იმ სითბოსა და სიხარულს, რომელსაც ახლობლებთან პირისპირ საუბარი გვანიჭებს. გვაშორებს ოჯახთან ერთად გატარებულ ძვირფას წუთებს და გვაკლებს იმ მოგონებებს, რომლებიც ჩვენს შვილებთან ერთად უნდა შევქმნათ და მათ მომავალში ლამაზ მოგონებებად დავუტოვოთ.
ხუტბას კი სურა მუ’მინუნის მე-3 აიათის მნიშვნელობით დავასრულებ: „ჭეშმარიტად, ნეტარ არიან მორწმუნენი, რომლებიც ფუჭ საქმეებსა და ამაო სიტყვებს განერიდებიან“. [3][1] ებუ დავუდი, ედები, 80. [2] სურა ისრა, 17/36. [3] სურა მუ’მინუნი, 23/3.





Comment here