
პატივცემულო მუსლიმებო!
ყოვლადძლიერ გამჩენთან ჩვენი კავშირის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება სწორედ ღვთიმსახურება და თაყვანისცემაა. ღვთიმსახურება ჩვენი შექმნის ჭეშმარიტი მიზნის გაცნობიერება და რწმენის ყოველდღიურ ცხოვრებაში ასახვაა. იგი ჩვენი შემოქმედის მიერ ბოძებული უთვალავი სიკეთისადმი მადლიერების გამოხატულება და მისი უსაზღვრო წყალობის მოპოვებისკენ სწრაფვაა. გულწრფელად აღსრულებული ყოველი ღვთიმსახურება ჩვენს ენას ღვთის ხსენებით ავსებს, ხოლო ცხოვრებას — სულიერი სიმშვიდითა და სიხარულით.
ძვირფასო მორწმუნეებო!
ალლაჰის მიერ დაწესებული ვალდებულებები, რომელთა აღსრულების წესიცა და დროც მკაცრადაა განსაზღვრული, ჩვენი რელიგიის უმთავრესი საფუძვლები გამჩენისადმი მორჩილების უმთავრესი გამოვლინებაა.
ლოცვები გვიცავს უზნეობისა და ბოროტებისგან, გვწმენდს ცოდვებისგან და გულებს სიმშვიდეს ანიჭებს. მარხვა გვასწავლის ღვთისმოშიშებას, მოთმინებასა და გაჭირვებულთა მდგომარეობის გაზიარებას. ზექათი ჩვენს ქონებას წმენდს და გვიცავს სიძუნწისგან, ამასთანავე, საზოგადოებაში ურთიერთდახმარებისა და თანადგომის კულტურას ამტკიცებს. ჰაჯი კი გვახსენებს, რომ თავი უნდა შევიკავოთ უჯერო სიტყვებისგან, კამათისა და უსარგებლო დავისგან. იგი ასევე გვასწავლის, რომ ყველა ადამიანი გამჩენის წინაშე თანასწორია.

ძვირფასო მუსლიმებო!
„ალლაჰის კმაყოფილების მოპოვების მიზნით შესრულებული ყოველი სიკეთე და კეთილი საქმე ამავდროულად ღვთისმსახურებაა.[1] ჩვენი და ჩვენი ოჯახის სარჩოს ჰალალი გზით მოპოვება, ვაჭრობაში პატიოსნება, შრომა და წარმოება ღვთიმსახურებაა. ასევე ღვთისმსახურებაა ოჯახთან, ნათესავებსა და მეზობლებთან კეთილი ურთიერთობის შენარჩუნება, მათზე ზრუნვა, მათი სიხარულისა და მწუხარების გაზიარება.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის ცხოვრების გამარტივება, ნიჭიერი ან გაჭირვებული სტუდენტის განათლების ხელშეწყობა, გასაჭირში მყოფი მეზობლის დახმარება – ეს ყველაფერი კეთილი საქმე და ღვთისმსახურებაა.
რა დიდი ბედნიერებაა, მივყვეთ ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ს.) ამ მახარობელ სიტყვებს: „ვინც თავის ძმას ეძმარება, ალლაჰიც თავისი მონი-მსახურის შეწევნაშია“. [2]
ძვირფასო მორწმუნეებო!
ზოგჯერ ადამიანისთვის ღიმილის ჩუქება, ზოგჯერ გზიდან შემაფერხებელი დაბრკოლების მოცილება, ზოგჯერ კი დაჩაგრულისა და გაჭირვებულის დახმარება – ეს ყველაფერი სადაყაა, ანუ მოწყალებაა. ყოველი სადაყა კი ღვთისმსახურებაა.
ზოგჯერ ავადმყოფისთვის სისხლის გაღებით მისი სიცოცხლის გადარჩენა, ზოგჯერ კი მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანის დახმარება, მათ შორის, შესაბამისი სამედიცინო და ეთიკური პრინციპების დაცვით ორგანოს დონაცია, კეთილი საქმეა. ყოველი კეთილი საქმე კი ღვთისმსახურების სახეს იღებს.
გამჩენი ყურანში გვამცნობს: „…და ვინც ერთ ადამიანს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს, თითქოს მთელი კაცობრიობისთვის შეუნარჩუნებია სიცოცხლე…“ [3]
ძვირფასო ძმებო!
ჩვენი სიცოცხლე ხანმოკლეა, ეს ქვეყანა კი წარმავალი, ხოლო იმიერი სამყოფელი – მარადიული. დადგება დღე, როცა ჩვენი სუნთქვა შეწყდება, ნაბიჯები გაჩერდება და ამქვეყნიურ ყველაფერს უკან მოვიტოვებთ.
ამიტომ მთავარი ის კი არ არის, რამდენ ხანს ვიცხოვრებთ ამქვეყნად, არამედ ის, თუ როგორ ვიცხოვრებთ, რამდენად ერთგულნი ვიქნებით გამჩენისადმი და რამდენ კეთილ საქმეს გავაკეთებთ მისი კმაყოფილების მოსაპოვებლად.
მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ჩვენი საყვარელი შუამავლის (ს.ა.ს.) რჩევა: „ღვთის წიაღ ყველაზე საყვარელი საქმე ის არის, რომელიც მცირეც რომ იყოს, მუდმივად სრულდება“. [4]
მაშ, ვეცადოთ, ჩვენი ცხოვრება ალლაჰისადმი მორჩილებით, გულწრფელი თაყვანისცემითა და კეთილი საქმეებით შევავსოთ. ნუ დაველოდებით დიდ შესაძლებლობებს: სიკეთის კეთება შეგვიძლია ყოველდღე, თუნდაც მცირე ნაბიჯებით.
ხუტბას კი სურა ნაჰლის 97-ე აიათით დავასრულებ: „ვინც კეთილ საქმეს იქმს, კაცი იქნება თუ ქალი, და იგი მორწმუნეა, მაშინ, უთუოდ, მას ტკბილი ცხოვრებას ვუბოძებთ და უთუოდ მივაგებთ მათ თავიანთ საზღაურს უფრო უკეთესით, რაც უკეთებიათ!“ [5]
[1] ებუ დავუდი, თეტევვუღ‘ი, 12.
[2] ებუ დავუდი, ედები, 60.
[3] სურა მაიდე, 5/32.
[4] ებუ დავუდი, თეტევვუღ‘ი, 27.
[5] სურა ნაჰლი, 16/97.





Comment here