
პატივცემულო მუსლიმებო!
ერთ დღეს ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) საჰაბეებს შემდეგნაირად მიმართა: „გამჩენს ჰყავს ისეთი მონა–მსახურნი, რომლებიც არც შუამავლები არიან და არც შეჰიდები, მაგრამ განკითხვის დღეს გამჩენთან მათი სიახლოვის გამო შუამავლები და შაჰიდები მათ მდგომარეობას შენატრებენ.“
როდესაც საჰაბეებმა ჰკითხეს: „ღვთის შუამავალო, ვინ არიან ისინი?“, მან (ს.ა.ს.) უპასუხა: „ისინი არიან ადამიანები, რომელთაც ერთმანეთთან არც ნათესაური კავშირი აქვთ და არც რაიმე მატერიალური ინტერესი აკავშირებთ, არამედ ერთმანეთი მხოლოდ გამჩენის კმაყოფილების მოპოვებისთვის უყვართ.“[1]
ჩვენთვის, საქართველოს მუსლიმებისთვის, სამშობლოს სიყვარული, ისლამური ღირებულებების ერთგულება და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ერთმანეთთან განუყოფლად არის დაკავშირებული. ჩვენი მეჩეთები, ეზნები, წინაპართა ტრადიციები და სულიერი მემკვიდრეობა იმ ისტორიის ნაწილია, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ვქმნიდით და რომელსაც დღესაც ვაგრძელებთ.
ჩვენ, მუსლიმი სასულიერო პირები, ჩვენი საქმიანობის ყველა მიმართულებასა და შესაძლებლობას ადამიანებს შორის ურთიერთპატივისცემის, ურთიერთსიყვარულის, მშვიდობისა და თანაცხოვრების კულტურის განმტკიცებას ვუთმობთ. ვცდილობთ, ჩვენი სიტყვითა და საქმით ხელი შევუწყოთ ადამიანთა დაახლოებას, დავიცვათ თითოეული ადამიანის ღირსება და პატივი ვცეთ სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს. მიგვაჩნია, რომ რწმენის ერთგულება სხვისი რწმენისა და უფლებების პატივისცემაშიც უნდა გამოიხატებოდეს.
ყოვლისშემძლე ღმერთი ბრძანებს: „უეჭველად, გამჩენს უყვარს ისინი, რომელნიც იბრძვიან მის გზაზე მწკრივებად, მტკიცე შენობის დარნი.“[2]
ეს აიათი გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთგულება, სიმტკიცე და საერთო მიზნისთვის ერთად დგომა.
ამიტომ თითოეულ ჩვენგანს თავისი წვლილი უნდა შეჰქონდეს ერთობის განმტკიცებაში. ვისაც კალამი უჭირავს, თავისი ნაშრომით უნდა ემსახუროს სიკეთეს; ვისაც სიტყვა ეთქმის, თავისი სიტყვით უნდა ამყარებდეს ურთიერთპატივისცემასა და თანხმობას; ხოლო თითოეულმა ჩვენგანმა ლოცვით, კეთილი საქმითა და ადამიანებისადმი გულწრფელი დამოკიდებულებით უნდა გააძლიეროს ძმობის კავშირი.
ოჯახებმა შვილები რწმენის, ეროვნული თვითმყოფადობისა და სულიერი ღირებულებების პატივისცემით უნდა აღზარდონ. ახალგაზრდებმა კი ცოდნით, შრომითა და პასუხისმგებლობით უნდა იზრუნონ სამშობლოს კეთილდღეობაზე და მომავალი თაობებისთვის უკეთესი გარემოს შექმნაზე.

ძვირფასო მორწმუნეებო!
ცოტა ხანში მეჩეთს დავტოვებთ და თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურ საქმიანობას დაუბრუნდება. თუმცა მეჩეთში განცდილი ერთობა აქ არ უნდა დასრულდეს. როგორც ლოცვის დროს ვდგავართ გვერდიგვერდ, ასევე უნდა დავუდგეთ ერთმანეთს მხარში ყოველდღიურ ცხოვრებაში.
თითოეულ ჩვენგანს თავისი საზრუნავი, პასუხისმგებლობა და ცხოვრებისეული გამოცდა აქვს. ზოგჯერ ადამიანს მხოლოდ თანადგომა, გამამხნევებელი სიტყვა ან იმის განცდა სჭირდება, რომ მარტო არ არის. სწორედ ასეთ დროს იჩენს თავს ძმობის ნამდვილი მნიშვნელობა.
ნუ დავტოვებთ ერთმანეთს გასაჭირში. ნუ მივცემთ უთანხმოებას უფლებას, რომ ჩვენს შორის არსებული სიყვარული და პატივისცემა დააზიანოს. ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა, განსხვავებული აზრის პატივისცემა და საერთო სიკეთისთვის თანამშრომლობა. რადგან მტკიცე საზოგადოება იქმნება არა მაშინ, როდესაც ყველას ერთნაირი აზრი აქვს, არამედ მაშინ, როდესაც ადამიანები განსხვავებულობის მიუხედავად ერთმანეთის პატივისცემასა და თანადგომას ინარჩუნებენ.
ხუტბას კი ჩვენი შუამავლის (ს.ა.ს.) შეგონებით დავასრულებ: „…ჩაეჭიდეთ ერთობასა და ერთსულოვნებას; ერიდეთ განცალკევებასა და დაყოფა–დაქსაქსვას…“ [3]
[1] ებუ დავუდი, ბუიუღ‘ი (იჯარე), 76.
[2] სურა საფფი, 61/4.
[3] თირმიზი, ფითენი, 7.





Comment here