სათაურებიხუტბა

სწავლა-განათლება

ძვირფასო მუსლიმებო!
ადამიანის მიერ ღმერთთან, საკუთარ თავთან, საზოგადოებასა და გარემომცველ სამყაროსთან ჯანსაღი და პოზიტიური ურთიერთობის დამყარებაში, ზომიერი და დაბალანსებული ცხოვრების წარმართვაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი სწავლა-განათლებაა. ცოდნის შეძენისა და სწორი ინფორმაციის მიღების ღვთიურ მნიშვნელობას ყველაზე უკეთ შემდეგი აიათი გამოხატავს: უთხარი: განა თანასწორნი არიან განსწავლულნი და უვიცნი?!“ [სურა ზუმერი, 39/9]

ძვირფასო მორწმუნეებო!
განათლების საფუძველი უნდა იყოს ისეთი ადამიანის აღზრდა, რომლის ცხოვრების მთავარი დევიზი იქნება გამჩენის თაყვანისცემა და ქმნილებების მიმართ წყალობისა და სიკეთის გამოჩენა, რომელიც დაფუძნებულია ეროვნულ და სულიერ ფასეულობებზე.

განათლების მიზანია, აღვზარდოთ თაობა, რომელიც რწმენით იკვებება, ცოდნით ძლიერდება, თავისი სიკეთითა და წყალობით მთელ კაცობრიობას გულში იტევს და იმედის სხივად იქცევა ჩვენი ერის, ჩვენი უმმეთისა (თემი) და მთელი კაცობრიობისთვის.

განათლების მიზანია, ჩამოვაყალიბოთ საზოგადოება, რომელიც ზეშთაგონების შუქზე სიბრძნეს, ხოლო ჩვენი საყვარელი შუამავლის (ს.ა.ს.) მაგალითზე კეთილ ზნეობას გამოავლენს.

განათლების მიზანია ისიც, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმაში, რათა ჩვენმა ქვეყანამ მეცნიერებაში, ტექნოლოგიაში, ხელოვნებასა და, ერთი სიტყვით, ცხოვრების ყველა სფეროში საკუთარი ღირსეული სიტყვა თქვას და დამსახურებული ადგილი დაიმკვიდროს ერთა შორის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაშინაც კი, როდესაც მსოფლიოს მრავალ კუთხეში ელემენტარული ცოდნა და ჰიგიენის საკითხები ჯერ კიდევ სერიოზულ გამოწვევად რჩებოდა, ჩვენს ქვეყანაში პოემები იწერებოდა და მაღალი კულტურა იქმნებოდა.

ძვირფასო დედებო და მამებო! პატივცემულო მასწავლებლებო!

ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც ყველაფერი დიდი სისწრაფით იცვლება. ამ ცვლილებებთან ერთად სწრაფად იცვლება ახალგაზრდების ინტერესები, აღქმა და მოლოდინებიც.

ამიტომ, კარგი განათლებისთვის, პირველ ყოვლისა, კარგად უნდა ვიცნობდეთ ჩვენს შვილებს, მათ სამყაროს, ინტერესებსა და საჭიროებებს. უნდა დავეხმაროთ მათ, გაიაზრონ ეპოქა, ფეხი აუწყონ დროის მოთხოვნებს და მომავლისთვის საჭირო ცოდნითა და უნარებით აღიჭურვონ.

ამასთანავე, ღვთიური ბრძანების შესაბამისად: ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაიცავით თქვენი სულნი და თქვენი ოჯახები ცეცხლისგან, რომლის საწვავი ადამიანები და ქვებია.“ [სურა თაჰრიმი, 66/6]

ჩვენი შვილები და ახალგაზრდები უნდა დავიცვათ მავნე იდეოლოგიების, მცდარი შეხედულებებისა და ყოველგვარი მავნე დამოკიდებულებისგან, ამასთანავე კი მათ უნდა შევუქმნათ ისეთი გარემო, სადაც ცოდნა, რწმენა, კეთილი ზნეობა და ჯანსაღი აზროვნება ერთმანეთთან ჰარმონიულად იქნება შერწყმული.

პატივცემულო მუსლიმებო!
დღეს ჩვენი მოვალეობაა, ჩვენს შვილებს საუკეთესო ფორმით გავაცნოთ ჩვენი რწმენა, ტრადიციები, ისტორია და კულტურა. იმდენად, რამდენადაც ვზრუნავთ მათ ამქვეყნიურ წარმატებაზე, და კიდევ უფრო მეტადაც, ხელი უნდა შევუწყოთ მათ, რომ მოიპოვონ მარადიული ცხოვრებისათვის საჭირო საზრდო.

არ დაგვავიწყდეს, რომ მათთვის, ვისაც მარადიული სამყაროს არსებობის სწამს, ჭეშმარიტი წარმატება მხოლოდ ამქვეყნიური მიღწევებით არ განისაზღვრება. ჭეშმარიტი წარმატება ღვთის კმაყოფილების მოპოვებაა.

ამასთან დაკავშირებით, შევთხოვ ყოვლისშემძლე ალლაჰს, რომ ახალი სასწავლო წელი წარმატებული, ნაყოფიერი და ბარაქიანი გამოაყენოს ჩვენი შვილების, ახალგაზრდების, მასწავლებლების, მშობლებისა და მთელი ერისთვის.

ხუტბას კი ჩვენი საყვარელი შუამავლის (ს.ა.ს.), შემდეგი სამახარობლოთი დავასრულებ: „ვინც ცოდნის შესაძენად გზას დაადგება, დიადი ღმერთი გაუადვილებს მას სამოთხისკენ მიმავალ გზას.“ [თირმიზი, „ილიმი“, 19]

Comment here