
ყოველი ბავშვი სურვილია, დედისა და მამის სიყვარულით გაიზარდოს. თუმცა არიან ბავშვები, რომლებიც ჯერ კიდევ ცხოვრების გაზაფხულზე კარგავენ მშობლებს და მონატრებას ადრეული ასაკიდანვე ეცნობიან. ზოგი მათგანი ჩვენი ძვირფასი გმირების მიერ სამშობლოსა და წმინდა ღირებულებების დასაცავად გაღებული სიცოცხლის შემდეგ ჩვენთვის დატოვებული ამანათია. ზოგი ავადმყოფობის ან უბედური შემთხვევის გამო დარჩა მშობლის მზრუნველობის გარეშე. ზოგიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმდინარე უსამართლობისა და ომების მსხვერპლი უდანაშაულო ბავშვია.
ყოველ ობოლ ბავშვს ცხოვრების ნებისმიერ საფეხურზე სჭირდება თანაგრძნობის ხელი, გულწრფელი თანადგომა, რომელიც მის მდგომარეობას გაუგებს, და ისეთი მხარდაჭერა, რომელიც მომავლის იმედით შეხედვაში დაეხმარება.

ყურანის ამ აიათში ნათლად ჩანს, რომ ამ საქმეზე პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგანს ეკისრება:
„გეკითხებიან შენ ობლების შესახებ. უთხარი: მათი მდგომარეობის გაუმჯობესება საუკეთესო საქმეა…“ [1]
ამრიგად, მშობლის არყოფნით გაჩენილი სიცარიელე საზოგადოების თანადგომითა და ზრუნვით უნდა შეივსოს.
ვინც ობლის საჭიროებებზე ზრუნავს და მეურვეობს, მოწყალების კარს გაიხსნის. ვინც ობოლს საკუთარ სახლს გაუღებს, გულში ჩაიკრავს და ლუკმას გაუზიარებს, მის ოჯახში ბარაქა დაისადგურებს. ხოლო ვინც ობლის მოვლასა და მფარველობას საკუთარ თავზე აიღებს, მის განათლებას შეუწყობს ხელს და მის სიხარულსა თუ მწუხარებას გაიზიარებს, სამოთხეში ჩვენს საყვარელ შუამავალ მუჰამმედთან (ს.ა.ს.) ერთად იქნება. [2]

ობლის კუთვნილი ქონების მითვისება იმ დიდ ცოდვათაგანია, რომლებიც ადამიანს დაღუპვისკენ მიაქანებს. [3]
ობლის ქონების უკანონო მითვისება ჯოჯოხეთის ცეცხლის მომტანია. [4]
ხოლო ის ოჯახი, სადაც ობოლს ამცირებენ, გულს სტკენენ და ცუდად ეპყრობიან, ყველაზე უმწეო და უნაყოფო ოჯახია. [5]
„მუსლიმებს შორის ვინც ობლის მფარველობას საკუთარ თავზე აიღებს და მის საკვებსა და სასმელზე იზრუნებს, გამჩენი მას აუცილებლად სამოთხეში დაამკვიდრებს...“ [6]
უნდა ვეცადოთ, თანაგრძნობით მოუშუშოთ ობლებს ჭრილობები და შევუქმნათ უსაფრთხო, თბილი გარემო.
მაშინ არა მხოლოდ ობლები გაიღიმებენ, არამედ თითოეული ჩვენგანიც გაიხარებს. ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება კეთილდღეობით აივსება, ხოლო საიქიო ცხოვრება ბედნიერებით დაგვირგვინდება.
[1] ბაყარა, 2/220.
[2] ბუხარი, ტალაყი, 25.
[3] მუსლიმი, იმანი, 145.
[4] ნისა, 4/10.
[5] იბნი მაჯე, ადაბი, 6.
[6] თირმიზი, ბირრი, 14.





Comment here