სათაურებიხუტბა

მოწყალება და
თანაგრძნობა

პატივცემულო მუსლიმებო!
ჩვენ ვართ ყოვლადმოწყალე და მწყალობელი უზენაესი ალლაჰის მსახურნი. ჩვენ ვართ სამყაროთათვის წყალობად მოვლენილი შუამავალი მუჰამმედის (ს.ა.ს.) უმმეთი, რომელმაც უჰუდის მთასაც კი მოწყალებითა და სიყვარულით შეხედა.

ჩვენ ვართ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი, იმ საზოგადოების წევრები, რომლისთვისაც ადამიანობა, მოყვასის პატივისცემა, თანადგომა და ურთიერთმოწყალება ყოველთვის მნიშვნელოვანი ზნეობრივი ღირებულებები იყო:

„ადამიანის გული ისეთი რამაა, რომ ერთხელ თუ დაიკოდა, იარა ადვილად არ უშუშდება.“

„სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!“

„რასაცა გასცემ, შენია, რას არა, დაკარგულია.“

ძვირფასო მორწმუნეებო!
ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა (ს.ა.ს.), რომელიც მოწყალებისა და თანაგრძნობის ცოცხალი მაგალითი იყო, ერთხელ კაცს, რომელიც გაკვირვებული უყურებდა, თუ როგორ ეფერებოდა იგი შვილიშვილებს და გულში იხუტებდა მათ, ასე უპასუხა: „თუ ღმერთმა შენი გულიდან მოწყალება ამოიღო, მე რა შემიძლია გავაკეთო შენთვის?!“ [1]

როდესაც დაინახა, რომ ბეღურა შეშფოთებული დაფრინავდა, იკითხა: „ვინ ატკინა ამ ფრინველს გული?“ და მოითხოვა, დაუყოვნებლივ დაებრუნებინათ მისთვის ბარტყები.[2] ამით მან გვასწავლა, რომ მოწყალებით უნდა მოვექცეთ არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ მთელ ქმნილებას.

ღირსეულო მუსლიმებო!
დღეს ზოგიერთ ოჯახში სიმშვიდის დაკარგვის, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გახშირებული თანატოლთა შორის ბულინგის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სამუშაოსა და პროფესიულ გარემოში არსებული ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ურთიერთშეუწყნარებლობის საფუძველში მოწყალების ნაკლებობა დგას.

იქ, სადაც მოწყალება არ არის, ჩნდება ბრაზი, ხოლო იქ, სადაც ბრაზი არ კონტროლდება, ძალადობა იჩენს თავს.

ზოგიერთს შესაძლოა მოღუშული სახე, უხეში სიტყვები და მკაცრი ქცევა აღზრდის ხერხად ეგონოს, მაგრამ ძვირფასო ძმებო და დებო — ძალადობით ვერავის აღვზრდით და ვერც გულებს მოვიგებთ. ხმის აწევა ადამიანს სიმართლეს არ აძლევს, ხელის აღმართვა — სიძლიერეს, ხოლო სხვებში შიშის დათესვა — პატივისცემას.

ერთი რამ ცხადი და უცვლელია: არავითარი გამართლება არ მოეძებნება ქალის, ბავშვის, მოხუცის — ნებისმიერი ადამიანის მიმართ ძალადობას. ძალადობა არც კანონიერად და არც ზნეობრივად გამართლებულია, საიდანაც უნდა მოდიოდეს და ვის წინაშეც უნდა ხდებოდეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით მოწყალების შუამავალი მუჰამმედის (ს.ა.ს.) გაფრთხილება სრულიად ნათელია: „ვინც ადამიანებს არ შეიწყალებს, მას ღმერთიც არ შეიწყალებს.“ [3]

ძვირფასო ძმებო და დებო!
მოწყალება ადამიანის ბუნებაში ჩადებული ძვირფასი განძია, რომელსაც ოჯახსა და სკოლაში კარგი მაგალითებით განვითარება და განმტკიცება სჭირდება.

ამიტომ, ძვირფასო დედებო და მამებო! თქვენმა შვილებმა მოწყალების გამოვლენა, უპირველეს ყოვლისა, თქვენგან უნდა ისწავლონ. მათ თქვენს თბილ მზერაში და ხმის ტონში უნდა იგრძნონ თანაგრძნობა. შვილებმა თქვენში უნდა დაინახონ, როგორ შეიძლება ბრაზის დროს სიმშვიდის შენარჩუნება და სიძულვილს სიყვარულით დაპირისპირება.

პატივცემულო მასწავლებლებო!
სწორედ თქვენ ხართ ისინი, ვისაც შეუძლია აღზარდოს ისეთი მოწყალე თაობა, რომელიც სხვის ტკივილს გაიზიარებს, სუსტს დაიცავს და მთელ ქმნილებას სიყვარულით მოეპყრობა.

ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ თანაგრძნობისა და მოწყალების ის თესლი, რომელსაც თქვენ მოთმინებით თესავთ ჩვენი შვილების გულებში, ერთ დღეს აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს. თქვენი ძალისხმევით აშენდება მოწყალებაზე დაფუძნებული საზოგადოება, რომელიც მთელი კაცობრიობისთვის იმედის წყაროდ იქცევა.

და თქვენ, ძვირფასო ახალგაზრდებო!

პატივი ეცით თქვენს მასწავლებლებს, რომლებიც ცოდნას გაწვდიან და ცხოვრებისთვის გამზადებენ. საკუთარ ცხოვრებისეულ გზამკვლევად გაიხადეთ ალი იბნი ებუ ტალიბისადმი მიწერილი სიტყვების შინაარსი: „ვინც ერთი ასო-ბგერა მასწავლა, მის წინაშე ორმოცი წლის განმავლობაში მონად ყოფნას ვისურვებდი.“

ხუტბას კი ამ ღვთიური აღთქმით დავასრულებ: „ისინი, ვინც ირწმუნეს, ერთმანეთს მოთმინებასა და მოწყალებას ურჩევენ, სწორედ ისინი არიან მემარჯვენე ხალხი.“ [4]

[1] ბუხარი, „ედები“, 18.
[2] ებუ დავუდი, „ედები“, 163–164.
[3] მუსლიმი, „ფედაილი“, 66.
[4] სურა ბელედი, 90/17–18.

Comment here