სათაურებიხუტბა

მორწმუნე უსარგებლო სიტყვებისა
და საქმისაგან შორს დგას

ძვირფასო მორწმუნენო!
მოცემულ აიათში უზენაესი გამჩენი ბრძანებს:

„უეჭველად, ნეტარ არიან მორწმუნენი!
ისინი, რომელნიც თავიანთი ლოცვაში მოკრძალებულნი არიან!
და ისინი, რომელნიც პირს იბრუნებენ ფუჭსიტყვაობისგან!“ (მუმინუნ 23/1-3)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ბრძანებს: „უსარგებლო საქმეებზე თავის დანებება კარგი მუსლიმობის მაჩვენებელია“. (იხ. თირმიზი, ზუჰდ, 11; იბნ მაჯე, ფითენ, 12)

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი სარწმუნოება ისლამი ჩვენი ცხოვრების ნებისმიერი მიმართულებით მხოლოდ და მხოლოდ კარგი და სასარგებლო საქმეების კეთებისკენ მოგვიწოდებს. ის მოგვიწოდებს ვაკეთოთ ისეთი საქმენი, რომლებიც ჩვენი გაჩენის უმთავრეს მიზანს შეესაბამება. ისლამი ასევე გვასწავლის თავი ავარიდოთ ისეთ უსარგებლო საქმეებს, რომლებიც ამქვეყნიური და საიქიო ბედნიერებისთვის არაფერს მოგვიტანს და ტყულად დროისა და ენერგიიის ხარჯვაა. საკითხთან დაკავშირებით შეგვიძლია გავიხსენოთ შემდეგი აიათი:

„ვფიცავ, ღესვრს[1]!
უეჭველად, ადამიანი წაგებულია!
გარდა მათი, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, და ერთმანეთს ჭეშმარიტებასა და მოთმინებას ამცნობენ!“ (ასრი 103/1-3)

ძვირფასო მორწმუნენო!
ყველა ის სიტყვა და საქმე, რომელიც ჩვენს ოჯახებს, ახლობლებს, მთელ კაცობრიობსა და ყველა გაჩენილ არსებას სასიკეთო შედეგებს მოუტანს, სათნო საქმეებად ითვლება და ისინი ღვთის კმაყოფილების მოპოვების მიზეზი გახდება. ჩვენი ოჯახების ბედნიერება, ჩვენი სამომავლო წარმატება, ჩვენი ერთიანობა და სიმშვიდე ის სიტყვასა და საქმეზეა დამოკიდებული, რომლებსაც მიმდინარე ყოველდღიურობაში წარმოვაჩენთ. ყველა ის სიტყვა და საქმე, რომლებიც ჭეშმარიტებას, სიყვარულსა და სიკეთეს მოკლებულია, შედეგად იმედგაცრუებას, ნგრევას, არეულობასა და განადგურებას მოიტანს. ყველა დაუფიქრებელი სიტყვა, ყველა უყურადღებო ნაბიჯი, ყველა გაუაზრებელი ქმედება შედეგად საზოგადოებრივი სიმშვიდის დარღვევას, გათიშულობას, მტრობას და არეულობას გამოიწვევს. ასეთი ქმედებები ანგრევს ოჯახებს და ჯანსაღ ურთიერთობებს.  

ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი ყურანში ბრძანებს:

„და უეჭველად, თავზე გადგანან მცველები (ანგელოზები)
ღირსეულნი, საქმეთა აღმნუსხველნი!
იციან, რასაც აკეთებთ!
უეჭველად, ღვთისნიერნი ნეტარებაში იმყოფებიან!
და უეჭველად, ცოდვილები აგიზგიზებულ ცეცხლში არიან“, (ინფითარ 82/10-14)

ამრიგად, მოდით, ჩვენი ჭეშმარიტი რწმენა პრაქტიკულ ცხოვრებაში გამოვავლინოთ. გვახსოვდეს, რომ უზენაესი გამჩენი თითოეულ ჩვენგანს ასე მოგვმართავს:

“اِقْرَأْ كِتَابَكَۜ كَفٰى بِنَفْسِكَ الْيَوْمَ عَلَيْكَ حَس۪يبًاۜ”

„წაიკითხე შენი წიგნი! დღეს ანგარიშგებად შენს წინააღმდეგ კმარა შენი სული!

ამრიგად, მოვემზადოთ იმ დღისთვის, როდესაც ღმერთი ამ სიტყვებს ბრძანებს. ჩვენი სიცოცხლე სიკეთის კეთებაში გავატაროთ. ჩვენი მთავარი მოტივაციის წყარო ღვთის კმაყოფილების მოპოვება უნდა იყოს. ვაკეთოთ ისეთი საქმეები, რომლებიც სასარგებლო იქნება როგორც ამქვეყნად, ისე საიქიოშიც. ჩვენი სიტყვა და საქმე ერთი, ხოლო ჩვენი ქცევები და მანერები სამაგალითო და მისაბაძი უნდა იყოს. ხუტბას დასასრულს კი შემოგთავაზებთ ჰადისს, რომლის მიხედვითაც შუამავალი ბრძანებს:

„ღმერთო, უსარგებლო ცოდნის, უგრძნობი გულის, უძღები ბუნებისა და მიუღებელი ვედრებისგან დამიფარე!“(იხ. მუსლიმ, ზიქირ, 73)

[1] ესაა დრო, ან სამხრობის ან აბსოლუტური დრო

Comment here