სათაურებიხუტბა

მოდით, ერთმანეთს მტკიცედ ამოვუდგეთ
გვერდში და ჩვენი
პასუხისმგებლობები გავიაზროთ

პატივცემულო მუსლიმებო!
ადამიანის ცხოვრება გამოცდებით არის სავსე. ზოგჯერ ეს გამოცდები გვტკენს გულს, გვიხუთავს სულს და გვაყენებს მძიმე რეალობის წინაშე. ასეთ დროს მორწმუნის ვალია, მოთმინებითა და რწმენით შეხვდეს განსაცდელს, შეეკედლოს უზენაეს ალლაჰს და იმედი არ დაკარგოს მისი წყალობისა. ჩვენ ვთხოვთ ალლაჰს, შეიწყალოს გარდაცვლილები, განკურნოს ავადმყოფები და ყველას უბოძოს სიმტკიცე და მოთმინება.

ძვირფასო მორწმუნეებო!
მორწმუნეთა ერთიანობა ისლამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია. როგორც ჩვენი საყვარელი შუამავალი მუჰამმედი (ს.ა.ს) ბრძანებს: მორწმუნე მორწმუნის მიმართ ისეთივეა, როგორც შენობის აგურები, რომლებიც ერთმანეთზე მჭიდროდ არიან დაკავშირებული“. (ბუხარი, სალათი, 88)

როგორც ჰადისში წავიკითხეთ, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ვიყოთ ერთიანი, გავიზიაროთ ერთმანეთის სიხარული და ტკივილი, დავიცვათ მშვიდობა და ურთიერთპატივისცემა. საზოგადოების სიმტკიცე სწორედ ამ სულიერ კავშირზეა დამოკიდებული.

ძვირფასო მუსლიმებო!
მიუხედავად სირთულეებისა, ჩვენ შეგვიძლია, ერთიანობითა და სოლიდარობით დავძლიოთ ყველა გამოწვევა. მნიშვნელოვანია, არ მივცეთ ბოროტებას საშუალება, დაგვაშოროს ერთმანეთს და დაგვიკარგოს ნდობა. პირიქით, უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სულიერი და ზნეობრივი ღირებულებები და ვიზრუნოთ ერთმანეთზე.

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პასუხისმგებლობაა მომავალი თაობის აღზრდა. ჩვენი შვილები უნდა აღიზარდონ რწმენით, ზნეობითა და პასუხისმგებლობის გრძნობით. მათი სულიერი და ინტელექტუალური განვითარება მხოლოდ ოჯახისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

ძვირფასო მორწმუნეებო!
დღევანდელ სამყაროში მრავალი გამოწვევა არსებობს ჩვენი შვილებისა და ახალგაზრდების წინაშე. სხვადასხვა გავლენა — იქნება ეს მავნე ჩვევები, არასწორი ცხოვრების სტილი თუ არაჯანსაღი საინფორმაციო გარემო — აზიანებს მათ სულიერ სამყაროს. ამიტომ, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ყურადღება მივაქციოთ მათ აღზრდას, დავიცვათ ისინი მავნე გავლენებისგან და სწორ გზაზე ვატაროთ.

მშობლები, მასწავლებლები და მთელი საზოგადოება პასუხისმგებელია, რომ ახალგაზრდებს შესთავაზონ ჯანსაღი გარემო, სწორი მაგალითი და სულიერი მხარდაჭერა. აუცილებელია, რომ ბავშვებმა იგრძნონ სიყვარული, დაცულობა და ზრუნვა — განსაკუთრებით საკუთარ ოჯახში.

ძვირფასო მუსლიმებო!
ჩვენ ვევედრებით უზენაეს ალლაჰს, რომ დაგვიცვას ყველა განსაცდელისგან, გვაძლიეროს რწმენაში და მოგვმადლოს კეთილდღეობა როგორც ამქვეყნად, ისე იმქვეყნად.

ხუტბას კი შემდეგი აიათით დავასრულებ: ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაიცავით თქვენი თავი და თქვენი ოჯახი ცეცხლისგან, რომლის საწვავი ადამიანები და ქვებია…“ (სურა თაჰრიმი, 66/6)

 

Comment here