
ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა ყურანის აიათში, რომელიც წავიკითხე, უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:
„მხოლოდ ის ააგებს ალლაჰის სამლოცველოებს, ვინც ირწმუნა ალლაჰი, დღე უკანასკნელი და აღავლინა ლოცვა, გაიღო ზექათი და არ აქვს შიში, გარდა ალლაჰისა. ეგების ჭეშმარიტ გზაზე მავალნი იყვნენ ეგენი!“ (თევბე, 9/18)
ჰადისის მიხედვით კი ძვირფასი შუამავალი ასე გვასწავლის: „დასახლებულ პუნქტებში ღმერთისთვის ყველაზე საყვარელი ადგილები მეჩეთებია“. (იხ. მუსლიმი, „მესაჯიდ“, 288)
ძვირფასო მორწმუნენო!
მეჩეთები და მესჯიდები ალლაჰის სახლებია. ისინი ისლამური ცივილიზაციის სიმბოლოა. ეს არის ქალაქების გული. ეს ჩვენი ერთიანობისა და სოლიდარობის ნიშანია. ეს არის სალოცავები, სადაც ვდგავართ დღეში ხუთჯერ და ვპოულობთ სიმშვიდეს ჩვენი გამჩენი წინაშე. ეს არის ადგილები, სადაც აღვავლენთ ღვთისმსახურებას, ვედრებას და სადაც ვინანიებთ ცოდვებს.
ძვირფასო მორწმუნენო!
მეჩეთშებში მუშაობენ სასულიერო პირები, რომლებიც ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოების წესებს გვასწავლიან. ისინი გვასწავლიან ყურანს, შუამავლის სუნას და ღვთისმსახურებას. აქვე შუამავლის ჰადისს შეგახსენებთ: „თქვენს შორის საუკეთესო ისაა, ვინც ყურანს სწავლობს და ასწავლის“ (იხ. თირმიზი, „ფედაილულ ყურან, 15)

ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი წმინდა ყურანში ასე ბრძანებს:
„(ო, მორწმუნენო!) და იყოს ხალხი თქვენგან სიკეთისკენ მომწოდებელი, მბრძანები მოსაწონისა და უკეთურების აღმკვეთი, და სწორედ, ეგენი არიან ნეტარნი“. (ალი იმრანი, 3/104)
მეჩეთის ძირითადი ფუნქცია ღვთისმსახურებაა, რადგან ის ღმერთის სახლია. ამ სახელწოდებიდან გამომდინარე ის წმინდა ადგილია. მეჩეთი ღვთისმსახურებისთვისაა აგებული, ამიტომ მისი სიწმინდე და ხელშეუხებლობა დაცული უნდა იყოს. ამიტომაა, რომ ადამიანები მეჩეთში შესვლის წინ განიბანებიან ხოლმე.
ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი ყველა ცოცხალ არსებას თავისი უშრეტი წყალობითა და შემწყნარებლობით მფარველობს და აარსებებს. ჩვენი მეჩეთებიც ყველა მუსლიმს, განურჩევლად მათი რასისა, ენის, კანის ფერისა და სქესისა, ერთნაირად ემსახურება და ყველას სულიერ ამაღლებაზე თანაბრად ზრუნავს. ჩვენი იმამები მომსახურებას უწევენ ჩვენს ხალხს ბევრ სფეროში, როგორიცაა ღვთსმსახურება, ყურანის კურსები, საოჯახო და რელიგიური ხელმძღვანელობის ოფისები, ახალგაზრდული ცენტრები და ა. შ. ჩვენ ვაქვეყნებთ წიგნებს და ჟურნალებს, რომელთა წაკითხვაც შეუძლიათ ქალებს, მამაკაცებს, ბავშვებს, ახალგაზრდებს და მოხუცებს, რათა გაეცნონ ჩვენს რელიგიას, ღირებულებებს, ისტორიასა და კულტურას. ჩვენ ვცდილობთ ავუხსნათ ისლამი არა რომელიმე ჯგუფს, არამედ მთელ კაცობრიობას. ჩვენ უპირველეს მოვალეობად მიგვაჩნია ვასწავლოთ ჩვენი წმინდა წიგნი, ყურანი, ყველა ასაკისა და პროფესიის ადამიანს. ჩვენ ვცდილობთ ვიბრძოლოთ ცოდნითა და სიბრძნით მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს გამოიყენოს ჩვენი რელიგია, გააფუჭოს ჩვენი ღირებულებები და ზიანი მიაყენოს ჩვენს ოჯახურ სტრუქტურას.
ძვირფასო მორწმუნენო!
ყოველწლიურად 1-7 ოქტომბერს მეჩეთებისა და რელიგიურ მოხელეთა კვირეული აღინიშნება. აღნიშნული კვირეულის ფარგლებში ჩატარდება მრავალი ღონისძიება, სადაც საუბარი იქნება მეჩეთებისა და რელიგიური პირების შესახებ არსებულ მდგომარეობასა და მათი ფუნქციისა და მნიშვნელობის ამაღლებაზე. ასევე, მადლიერებას გამოვხატავთ სასულიერო პირების მიმართ, რომლებმაც წარსულიდან დღემდე ადამიანთა სულიერ განვითარებაზე იზრუნეს.





Comment here