სათაურებიხუტბა

ჰიჯრა: იდეალებისთვის
მოგზაურობა

 

წმინდა ყურანის აიათში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

„და რომელთაც ირწმუნეს, ჰიჯრაში წავიდნენ და იბრძოლეს ალლაჰის გზაზე, და რომელთაც შეიფარეს და დაეხმარნენ მათ, სწორედ ეგენი არიან ჭეშმარიტი მორწმუნენი. მათთვისაა მიტევება და სარჩო გულუხვი! (ენფალი, 8/74)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „მუსლიმი ის ადამიანია, რომლის ხელი და ენა სხვა მუსლიმებს ზიანს არ მოუტანს. მუჰაჯირი ის ადამიანია, რომელმაც ღვთის მიერ აკრძალულები მიატოვა“. (იხ.  ბუჰარი, „იმან“, 4)

ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენის წყალობითა და ნებით გასულ ოთხშაბათს ჰიჯრით ახალი წელი დადგა და 1445 წელი დაიწყო. უსაზღვრო მადლიერებას ვწირავთ ღმერთს, რათა კიდევ ერთ ჰიჯრით ახალ წელს დაგვასწრო. კეთილი იყოს ამ წლის დადგომა და ღვთის წყალობა არ მოგვკლებოდეს.

ჰიჯრის კალენდრის დასაწყისად შუამავლისა და მისი მიმდევარი მუსლიმების მექადან მედინაში მიგრაციის თარიღია მიჩნეული. ეს იყო 622 წელს. ამ წელს შუამავალი და მისი მეგობრები მექადან მედინაში გადასახლდნენ, რათა უკიდურესი შევიწროებისა და აგრესიისგან თავი დაეღწიათ და თავიანთი რწმენის შესაბამისად ეცხოვრათ. ხალიფა ომარის მმართველობის დროს, შუამავლისა და მისი მიმდევრების მექადან მედინაში გადასვლის თარიღი ისლამური კალანდრის დასაწყისად გამოცხადდა.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჰიჯრა, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს. ჰიჯრა ჩვეულებრივი მოგზაურობა ან ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადასახლება არ გახლავთ. ჰიჯრა არ არის რაიმე მატერიალური სარგებელის მიღების მიზნით გაწეული მცდელობა. ის წმინდა მოგზაურობაა, რომელიც სულიერების განსამტკიცებლად და იდეალების განხორციელებისთვის სრულდება. ჰიჯრა იმ ყველაფრის უარყოფა და მიტოვებაა, რომლებიც ადამიანის გაჩენის მიზანს ეწინაარმდეგება და ადამიანებს ამ დიადი მიზნის განხორციელებაში ხელს უშლის. ჰიჯრა ბოროტებისგან განრიდება და სიკეთისკენ ლტოლვაა. ჰიჯრა უსამართლობისა და ძალადობის მიტოვება და სამართლიანობისკენ გადადგმული ნაბიჯია. ჰიჯრა ცოდვებისგან განრიდება და ღვთის წყალობაზე სრული მიკედლებაა.  

ძვირფასო მორწმუნენო!
ჰიჯრის მიზანი ისეთი ინდივიდების აღზრდაა, რომლებსაც ადამიანური პასუხისმგებლობა ექნებათ გააზრებული და საზოგადოების სასარგებლო წევრები იქნებიან. ჰიჯრა არის მცდელობა იმისა, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სამართლიანობა, სიკეთე, თანადგომა და შემწყნარებლობა გაბატონდეს. ჰიჯრა არის სიყვარულის, ურთიერთპატივისცემისა და სიკეთის მთელ ქვეყანაზე გავრცელებისთვის ბრძოლა.

ძვირფასო მორწმუნენო!
ახლა კი ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მინდა გაგიზიაროთ. ბოლო დროს ხშირად ვიგებთ ტყის ხანძრების შესახებ. ხანძარი ანადგურებს ტყეს, რომლებიც ჩვენს ფილტვებს კვებავენ. ტყეებთან ერთად ბევრი ცოცხალი არსება ქრება. არ დავანთოთ ცეცხლი ტყიან ადგილებში, თუნდაც პიკნიკისთვის. არ დავტოვოთ ნარჩენები, რომლებიც ტყეებში ხანძარს გამოიწვევს. მოდით ვიყოთ ფხიზლად, რათა დავიცვათ გარემომცველი ბუნება და ჩვენი მომავალი. გავითვალისწინოთ ხელისუფლების გაფრთხილებები ხანძრისა და კატასტროფების შესახებ. გავუადვილოთ მათ საქმე. შუამავალი გვასწავლის, წარღვნაც რომ იყოს და ნერგი შეგვხვდეს, მაინც დარგეთო.  მოდით, აქამდე დამწვარი ტყეების ადგილას ახალი გავაშენოთ. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ტყეები და ჩვენი გარემო ჩვენი მისახედია. უსაფრთხოების დაცვა ჩვენი საერთო მოვალეობაა. დაე, ყოვლისშემძლე გამჩენმა დაიცვას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ერი ყველა სახის უბედურებისა და კატასტროფებისაგან.

Comment here