
ძვირფასო მუსლიმებო!
ისლამის პირველ წლებში მორწმუნეები წარმართების მხრიდან დღითიდღე მზარდ ჩაგვრას, ტანჯვას, დევნასა და ბოიკოტს განიცდიდნენ. მიუხედავად ამ უდიდესი სიძნელეებისა, მუსლიმებს საკუთარი რწმენისთვის არასდროს უღალატიათ. საბოლოოდ, ჩვენმა შუამავალმა (ს.ა.ს.) და მისმა დიდებულმა საჰაბეებმა, უზენაესი ალლაჰის ბრძანებით, მექადან მედინაში ჰიჯრა (გადასახლება) განახორციელეს. სწორედ ეს წელი იქნა მიჩნეული ჰიჯრული კალენდრის დასაწყისად.
ძვირფასო მორწმუნენო!
ჰიჯრა მხოლოდ ერთი ადგილიდან მეორეზე გადასახლებას არ ნიშნავს. ჰიჯრა არის უმაღლესი იდეალი – დიადი ღმერთისა და მისი შუამავლის კმაყოფილების ყველაფერზე მაღლა დაყენება. ეს არის სიმართლისკენ მიბრუნებისა და ჭეშმარიტებაზე მყარად ჩაჭიდების სწრაფვა. ეს არის ეგოს არაკანონიერი სურვილებისგან, ეშმაკის დაუსრულებელი მზაკვრობისა და ცდუნებებისგან განდგომა და ცხოვრების კეთილი საქმეებითა და მშვენიერი მორალით განვლა. ჰიჯრა არის შეცდომებისა და ცოდვების მონანიება (თევბე) და ჩვენი უზენაესი გამჩენისადმი უსაზღვრო მოწყალებისა და შენდობის შევედრება. ეს არის აკრძალულიდან (ჰარამიდან) ნებადართულისკენ (ჰალალისკენ), ბოროტებიდან კი სიკეთისკენ ნაბიჯის გადადგმის სიმტკიცე.
ჩვენი შუამავალი (ს.ა.ს.) ამ საკითხზე ყურადღებას ამახვილებს და ბრძანებს: „მუსლიმი არის ის, ვისი ხელიდან და ენიდანაც სხვა მუსლიმები სიავეს არ ელოდებიან, ხოლო მუჰაჯირი არის ის, ვინც განერიდა და ყველაფერ იმას, რაც ღმერთმა აკრძალა.“ (ბუხარი, იმანი, 4)
პატივცემულო მუსლიმებო!
თითოეულ ჩვენგანს აუცილებლად აქვს განსახორციელებელი საკუთარი ჰიჯრა. მთავარია, შევამჩნიოთ ჩვენი შეცდომები, თვალი გავუსწოროთ საკუთარ არასწორ ნაბიჯებს, ვიყოთ საკუთარ თავთან ჰარმონიაში, მოვუსმინოთ ჩვენი ბუნებრივი სისპეტაკის ხმას და არასდროს დავივიწყოთ ჩვენი გაჩენის არსი და მიზანი.

ძვირფასო ძმებო!
მუსლიმის ჰიჯრა არის გზა – ამპარტავნებიდან თავმდაბლობისკენ, რისხვიდან მოწყალებისკენ, ეგოიზმიდან მოყვასის სიყვარულისკენ, უსამართლობიდან სამართლიანობისკენ და სასოწარკვეთილებიდან იმედისკენ;
მუსლიმის ჰიჯრა არის ენის ისეთი სენისგან განდგომა, როგორიცაა სიცრუე, ცილისწამება, განხეთქილება და ჭორიკნობა; ეს არის სიმართლის, ძმობისა და სიყვარულის სამოსის მორგება;
მუსლიმის ჰიჯრა არის საკუთარი თავისა და მომავალი თაობების დაცვა გარყვნილი იდეებისგან, ცრუ იდეოლოგიებისა და მცდარი გზებისგან; ეს არის საკუთარი რელიგიის, ფასეულობების, კულტურისა და ტრადიციების შესაბამისი ცხოვრებით ცხოვრება;
მუსლიმის ჰიჯრა არის ისეთი საზოგადოებრივი მშვიდობის დამრღვევი ცოდვებისგან შორს დგომა, როგორიცაა ალკოჰოლი, მრუშობა, მევახშეობა, ქრთამი, პროდუქტის ხელოვნური დასაწყობება (სპეკულაცია) და შავი ბაზარი; ეს არის კმაყოფილება მხოლოდ იმით, რაც ნებადართულია (ჰალალია);
მუსლიმის ჰიჯრა არის ნებისმიერი იმ ცოდვისგან თავის არიდება, რომელიც ლახავს ადამიანისა და საზოგადოების უფლებებს; ეს არის საკუთარი სიტყვის, ქცევისა და საქმისადმი განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა.
ძვირფასო მუსლიმებო!
მუსლიმებს მართებთ ხელახლა გაიაზრონ ჰიჯრის არსი და მნიშვნელობა, სწორად შეაფასონ ეპოქა, რომელშიც ცხოვრობენ, თვალი გადაავლონ საკუთარ განვლილ ცხოვრებას და ამით მისცენ სწორი მიმართულება მომავალს. მათი მოვალეობაა, საფუძვლად დაუდონ ისლამური ძმობა, მჭიდროდ დაუკავშირდნენ ერთმანეთს და ერთმანეთს გაუზიარონ როგორც მატერიალური, ისე სულიერი შესაძლებლობები.
ამ შემართებით, ჩვენს უზენაეს გამჩენს ვევედრებით, რომ მომავალ სამშაბათს დამდგარი ჰიჯრული წელი გამხდარიყოს ჩაგრულთა სახეზე ღიმილის მომგვრელი, კაცობრიობისთვის მშვიდობის მომტანი და ჩვენი ერთობის, ერთსულოვნებისა და ძმობის განმამტკიცებელი.
ხუტბას კი შემდეგი აიათით დავასრულებ: „ჭეშმარიტად, მათ, ვინც იწამეს, გადასახლდნენ და ალლაჰის გზაზე თავიანთი ქონებითა და სულით იღვაწეს, და მათ, ვინც შეიფარეს ისინი და დაეხმარნენ – სწორედ ისინი არიან ერთმანეთის მფარველნი და მოეგობრები…“ (ენფალი, 8/72)





Comment here