სათაურებიხუტბა

ღვთისმოსაობა:
ღვთის კმაყოფილების ცოცხლად
შენარჩუნების ცნობიერება ძვირფასო მუსლიმებო!

ერთხელ შუამავალმა თავის მეგობრებს ასე მიმართა: „ისეთი აიათი ვიცი, თუ ადამიანები მას მიეჯაჭვებიან, ყველას ეყოფა“. (იხ. დარიმი, „რიქაქ“ 16)

„სწორედ ესაა შეგონება იმათთვის, თქვენგან ვისაც სწამს ალაჰი და დღე უკანასკნელი. ხოლო ვისაც ეშინია ალლაჰის, დაუდგენს მას გამოსავალს“. (თალაყ 65/2)

ღვთის შუამავალმა ამ სიტყვებით ყოველგვარი სირთულისა და დარდისგან თავის დაღწევის გზა გვასწავლა. ეს არის ამქვეყნიური და საიქიო ბედნიერების გზა.

ძვირფასო მორწმუნენო!
ღვთისმოსაობა, ღვთისმოშიშობა გამჩენის გმაყოფილების ცოცხლად შენარჩუნების ცნობიერებაა. ეს არის მუდმივი სურვილი იმისა, რომ ღვთის კმაყოფილება და სიყვარული მოვიპოვოთ. ეს არის შფოთვა და შიში იმისა, რომ მისი კმაყოფილება არ დავკარგოთ. ეს არის მცდელობა, რომ მთელი ცხოვრება პასუხიმგებლობის გრძნობით განმსჭვალულებმა გავიაროთ. იყო ღვთისმოსავი, ეს ჰგავს ეკლებით სავსე გზაზე მთელი სიფრთხილით სიარულს, რათა ყოველ ფეხის ნაბიჯზე არსებულ ეკლებს თავი ავარიდოთ. ასეთ გზაზე გამოჩენილი სიფრთხილის მსგავსად, ცხოვრებისეულ გზაზე შემხვედრ ცდუნებებს თავი უნდა ავარიდოთ და ცოდვებისგან თავი დავიზღვიოთ.

ძვირფასო მორწმუნენო!
ღვთისმოსაობის ძირითადი საფუძველი თევჰიდია.

„არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და მუჰამმედი მისი შუამავალია“. 
ყოველი ღვთისმოსავი ადამიანი ამ სიტყვებს გულით ადასტურებს და ენით წარმოთქვამს. მას გულით სწამს გამჩენი და შუამავალი, რომელმაც ჭეშმარიტი სარწმუნოება ასწავლა. ღვთისმოსავ ადამიანს ყველაზე დიდი სიყვარული სწორედ ღვთისა და შუამავლის მიმართ გააჩნია.

ღვთისმოსაობის მეორე საფეხური ღვთისა და შუამავლის მიმართ მორჩილებაა. ყურანის მიხედვით, ღვთის წინაშე ყველაზე ღირსეული ის ადამიანია, რომელიც ღვთისადმი დაუმორჩილებლობას ყველაზე მეტად გაურბის. ღვთისმოსაობის საფარველში გახვეული მორწმუნე ყოველთვის ცდილობს ისლამის ყველა ბრძანება პირნათლად შეასრულოს. ღვთისმოსავი ადამიანი ლოცვებს წესისამებრ აღავლენს და ბოძებული წყალობიდან ღვთის გზაზე ხარჯავს. ღვთისმოსავი ადამიანი სამართლიანობის ბურჯია და მიცემულ სიტყვას ყოველთვის ასრულებს. ის ყველას უფლებას იცავს. პატივს სცემს მშობლებს, ნათესავებს, ახლობლებს, მეგობრებს, მეზობლებს და ზოგადად, ყველა არსებას. ღვთისმოსავი ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ ალალ სარჩოს მოიპოვებს. მისი ყოველი სიტყვა და საქმე მხოლოდ და მხოლოდ ღვთის კმაყოფილების მოპოვებას ემსახურება.

ღვთისმოსაობის მწვერვალი კი გულის ყველაფრისგან გათავისუფლება და იქ  მხოლოდ და მხოლოდ ღვთისადმი სიყვარულის მოთავსებაა. შუამავალმა გულზე ხელი დაიდო და სამჯერ ბრძანა: „აი, აქ არის ღვთისმოსაობა“. (იხ. მუსლიმ, „ბირ“ 32) ღვთისმოსავი ადამიანი გულის სიწმინდეს ინარჩუნებს და ერიდება ისეთი დამაზიანებელი ქმედებების ჩადენას, როგორიცაა დიდი ცოდვები. ღვთისმოსავი ადამიანი ასევე ერიდება პატარა ცოდვების ჩადენასაც, რადგან იცის, რომ სისტემატიურად ჩადენის შემთხვევაში ეს გზა ცეცხლის გზაა.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჰადისის მიხედვით შუამავალი ბრძანებს: „თუ ადამიანების თვალში ადამიანს ქონება განადიდებს, ღვთის თვალში მისი განმადიდებელი ღვთისმოსაობაა“. (იხ. თირმიზი, თეფსირულ ყურან“ 49)

გამომდინარე აქედან, მოდით ყველამ დავადგეთ იმ გზას, რომელიც ღვთის თვალში ჩვენს ფასს აამაღლებს და როგორც ამიერ სოფელში ისე საიქიოში პირნათელს გაგვხდის. მოდით, მტკიცედ შევიმოსოთ ღვთისმოსაობის საფარველით და განკითხვის დღეს ნუ შევრცხვებით. არასოდეს დავივიწყოთ, რომ ღმერთი ღვთისმოსავ ადამიანებს მეგობრებად უყურებს. ის გვპირდება, რომ ასეთი ადამიანები შიშისა და შფოთვისგან დაცულნი იქნებიან. (იხ. იუნუს, 10/ 62-63)   

Comment here