სათაურებიხუტბა

სწავლა სინათლეა

ძვირფასო მორწმუნენო!
შუამავალმა ნახა, რომ მედინაში, შუამავლის მეჩეთში ორი ჯგუფი იყო. ერთი ჯგუფი სულ ლოცვა-ვედრებას აღავლენდა, ხოლო მეორე კი- სწავლა-განათლების იყო დაკავებული. შუამავალმა ბრძანა, რომ ორივე ჯგუფი სიკეთის გზაზე იდგა. შემდეგ კი დასძინა: „მე მხოლოდ მასწავლებლად ვარ მოვლენილი“. (იხ. დარიმი, მუყადდიმე, 32) ამის შემდეგ შუამავალი იმ ჯგუფთან დაჯდა, რომლებიც სწავლით იყვნენ დაკავებული.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი სარწმუნოება სწავლა-განათლებას, შემეცნებასა და სიბრძნეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. პირველი ღვთური ბრძანებაც ეს იყო: „იკითხე, შენი გამჩენის სახელით (იხ. ალაყი, 96/1). ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მთელი ცხოვრება ამ გზავნილის პირობისამებრ, ცოდნის შეძენას უნდა ვესწრაფოდეთ. ყურანში ასევე ნაბრძანებია:

„„განა თანასწორნი არიან განსწავლულნი და უვიცნი?!(ზუმერი, 39/9)

აიათის შინაარსიდან გამომდინარე ცხადია, რომ ცოდნას ღვთის წინაშე დიდი მნიშვნელობა გააჩნია. ასევე მრავალი აიათით დამტკიცებულია, რომ სწავლა-განათლება და ცოდნის შეძენა მუსლიმებისთვის წმინდა ვალდებულებაა.

ძვირფასო მორწმუნენო!
ცოდნა ის ძვირფასი ხაზინაა, რომელიც კაცობრიობის განთარებაში უდიდეს როლს თამაშობს. ადამიანი საკუთარ თავსა და გარესამყაროს ცოდნის საშუალებით სწავლობს. ის სამყაროს არსებობას, მის წესრიგსა და გაჩენის მიზანს ცოდნის საშუალებით აღიქვამს. ცოდნა ის ძალაა, რომლის საშალებითაც ადამიანი საკუთარ ბუნებას წრთვნის. ასევე სწავლაა ის გზა, რომლითაც ადამიანი ჭეშმარიტებას, სამართლიანობას, მორალსა და სათნოებას გაითავისებს. ცოდნის შეძენით ხვდაბა ადამიანი, რომ ღვთის წინაშე პასუხისმგებლობა გააჩნია და ასევე ცოდნაა ის საშუალება, რომლის საშუალებითაც ადამიანი თავის უფლება-მოვალეობებს აღიქვამს.  

ძვირფასო მორწმუნენო!
ცოდნის უპირველესი წყარო თავად ღმერთია. ღმერთმა სამყარო და ადამიანი გააჩინა, ხოლო შემდეგ ადამიანს ის ყველაფერი ასწავლა, რაც მას ამ სამყაროში ცხოვრებისათვის სჭირდება. ცოდნის მიზანი უზენაესი გამჩენის შეცნობა და მისი კმაყოფილების მოპოვებაა. შედეგად ადამიანი როგორც საკუთარი თავის, ისე საზოგადოებისთვის სასარგებლო ინდივიდად ჩამოყალიბდება. თუ ცოდნის შეძენის მიზანი ღვთის კმაყოფილების მოპოვება არ იქნება, ის ამ უდიდესი მიზნის გარეშე კაცობრიობას დადებით შედეგებს ვერ მოუტანს. შუამავალი ღმერთს ასე ევედრებოდა: „ღმერთო! უსარგებლო ცოდნისგან დამიფარე! ღმერთო! მომმადლე სიკეთე იმისგან რაც მასწავლე. მომმადლე სასარგებლო ცოდნა და გამიმრავლე ის!“ (იხ. (თირმიზი, „დეავათ“, 128)

ძვირფასო მორწმუნენო!
შუამავალი ასე ბრძანებს: „უეჭველად, სწავლულები შუამავლების მემკვიდრეებს წარმოადგენენ. შუამავლები მემკვიდრეობით ოქროსა და ვერცხლს არ ტოვებენ. მათ მიერ დატოვებული ერთადერთი მემკვიდრეობა ცოდნაა“. (იხ. თირმიზი, „ილიმ“ 19). ამრიგად, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ შუამავლის მემკვიდრეობას ღირსეულად ვუპატრონოთ. უნდა ვეცადოთ, რომ ცოდნა სანდო წყაროებიდან მივიღოთ. ასევე დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ მომავალი თაობებისთვის სწავლა-განათლების მიცემას. ისინი მორწმუნე და ღირსეულ ადამიანებად უნდა აღვზარდოთ.  

ძვირფასო ძმებო!
მომავალი კვირიდან სკოლებში, პროფესიულ სასწავლებლებში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსა და უნივერსიტეტებში სწავლა იწყება. ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვალეობაა ჩვენს ბავშვებს, ჩვენს ახალგაზრდებს სწავლისათვის მაქსიმალურად კარგი პირობები შევუქმნათ. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სახლებიც იგივე სკოლაა და მშობლებისთვის ესოდენ მნიშნელოვანი მოვალეობა პირნათლად შევასრულოთ. ნუ მოვაკლებთ ყურადღებასა და მხარდაჭერას. უნდა შევუქმნათ გარემო, რათა მათ სკოლა, საგნები და მასწავლებლები უყვარდეთ და წარმატებას მიაღწიონ. ყველა აღსაზრდელსა და მშობელს ვულოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ვუსურვებთ წარმატებებს.

ხუტბას ბოლოს კი საუკეთესო მასწავლებლის, ძვირფასი შუამავლის სიტყვებს გავიხსენებ: „ვინც ცოდნის მიღებისათვის გზას დაადგება, ღმერთი მას სამოთხისკენ მიმავალ გზას გაუკაფავს“. (იხ. თირმიზი, „ილიმ“, 19)

 

Comment here