
პატივცემულო მუსლიმებო!
ჩვენი უზენაესი რელიგია — ისლამი — გვავალდებულებს, რომ ცხოვრების ყველა სფეროში დავამკვიდროთ მის მიერ განსაზღვრული პრინციპები. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მათგანია სასოება — გულითადი მინდობა ალლაჰზე.
სასოება ნიშნავს, რომ მუსლიმი სრულყოფილად ასრულებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობებს, იღებს ყველა საჭირო და გონივრულ ზომას, შემდეგ კი გულით მიენდობა ალლაჰის უსაზღვრო წყალობასა და მოწყალებას. იგი კანონიერი მიზნების მისაღწევად ეყრდნობა მიზეზებს, სიბრძნით იყენებს გონებასა და ნებას, ხოლო საბოლოო შედეგს მთლიანად ალლაჰის განჩინებას ანდობს.
ძვირფასო მორწმუნენო!
სასოება იმაში ვლინდება, რომ მშობელი მიჰყვება შუამავლის (ს.ა.ს.) სიტყვებს: „ვერც ერთი მშობელი ვერ დაუტოვებს შვილს იმაზე უკეთეს მემკვიდრეობას, ვიდრე კარგი აღზრდა, კარგი ზნეობაა,“ (თირმიზი, ბირრი, 33)
— თავად აძლევს შვილებს ღირსეულ მაგალითს და შემდეგ მათგან სათნოებასა და მაღალ ზნეობას ელის.
ასევე, სასოება იმაში გამოიხატება, რომ ახალგაზრდა მიჰყვება პრინციპს:
„აკეთეთ შენი საქმე კარგად, რადგან ალლაჰს უყვარს ისინი, ვინც საქმეს კარგად ასრულებს,“ (სურა ბაყარა, 2/195)
— თავის მომავალს აშენებს ცოდნის, ხელოვნებისა და პროფესიის საფუძველზე, ხოლო შედეგის მიღწევას ალლაჰის წყალობასა და შეწევნას ანდობს.
ძვირფასო მუსლიმებო!
ზოგჯერ სასოება იმაში ვლინდება, რომ ვაჭარი გულმოდგინედ და სამართლიანად იცავს საზომსა და სასწორს, შემდეგ კი ალლაჰს სთხოვს ჰალალ და ბარაქიან სარჩოს.
ზოგჯერ კი სასოება იმაში გამოიხატება, რომ გლეხი მიწას ძალისხმევით ამუშავებს, შემდეგ კი შუამავალის (ს.ა.ს.) ჰადისის თანახმად ამბობს: „ალლაჰი კმარა ჩვენთვის და რა დიდებული მფარველია იგი. მხოლოდ ალლაჰს მივენდეთ,“ (თირმიზი, სიფათულ-ყიამე, 8) — და მოსავლის ბარაქას ალლაჰს ევედრება.

ძვირფასო მორწმუნეებო!
ღმერთისადმი სასოება არ არის სიზარმაცის თავშესაფარი ან უსაქმურობის საბაბი, არამედ გამოღვიძებისა და თვითშემეცნების საშუალებაა.
ეს ნიშნავს აქტიურ ვედრებას, ღვთის დახმარების იმედით; დროის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნის შეძენასა და ტექნოლოგიების შექმნას; უნდა გვქონდეს მტკიცედ შეცნობილი, რომ წარმატებას ვერც ძალისხმევის გარეშე მიაღწევს და ვერც ღვთიური შეწევნის გარეშე სრულიქმნება.
პატივცემულო მუსლიმებო!
„რაც ალლაჰმა ინება, ის მოხდება“ — ამ საბაბით ზომების უგულებელყოფა,
„რაც განგებაა, მაინც ახდება“ — ამ გაგებით პასუხისმგებლობის მოხსნა,
„ალლაჰი მაინც შემეწევა“ — ამ ფიქრით შრომის მიტოვება —
ისლამური სასოების ჭეშმარიტ აღქმაში ადგილს ვერ დაიმკვიდრებს.
მუსლიმის ვალია იცხოვროს შემდეგი ცნობიერებით: „ზომები ადამიანისგანაა, განჩინება — ალლაჰისგან“, და დაუღალავად, დღე-ღამ იშრომოს.
ამ თემასთან უზენაესი გამჩენის შეგონება ცხადზე-ცხადია: „და რომ არფერია ადამიანი, გარდა იღვწოდა რასაც. უეჭველად, თავის შრომის შედეგს აუცილებლად იხილავს.“ (ნეჯმი, 53/39, 40)
ჩემო ძვირფასო ძმებო!
იმისათვის, რომ ჩვენმა გულებმა სიმშვიდე ჰპოვონ, ცხოვრების ყველა ასპექტში ღმერთზე მინდობა გვჭირდება; ეს იქნება სწავლა, შრომა, ოჯახების უზრუნველყოფა და სირთულეებთან ბრძოლა. ახლა დროა, დავფიქრდეთ და ხელახლა შევაფასოთ ჩვენი აღქმა ღვთისადმი სასოების თაობაზე. ახლა დროა, შრომა და ძალისხმევა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ვაქციოთ.
ხუტბას დავასრულებ რუსთველის ამ ბრძნული სიტყვებით: „რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების.“





Comment here