სათაურებიხუტბა

პარასკევი დღე და
უმმეთის ცნობიერება

 

ძვირფასო მუსლიმებო!
დღეს პარასკევია… როგორც ჩვენი საყვარელი შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს: დღეებს შორის საუკეთესო დღე ჯუმა დღეა…“(მუსლიმი, ჯუმღ’ა, 18) დღეს ჩვენი, როგორც მორწმუნეების, ყოველკვირეული შეკრების დღეა. განსაკუთრებული დრო, როცა ჩვენი ერთობა, ძმობა და სულიერი კავშირი კიდევ უფრო მტკიცდება.

ძვირფასო მორწმუნეებო!
პარასკევის დღეს ჩვენი ვალდებულებების სათავეში პარასკევის ლოცვა დგას. უზენაესი გამჩენი ბრძანებს: ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა მოგიხმობენ ლოცვისთვის პარასკევ დღეს, მაშინვე ისწრაფეთ ალლაჰის ხსენებისკენ და შეწყვიტეთ ვაჭრობა. ეს თქვენთვისვეა უკეთესი, რომ იცოდეთ თქვენ!“ (სურა ჯუმღ’ა, 62/9) ეს მოწოდება არ არის მხოლოდ სხეულთა ერთ ადგილზე შეკრებისთვის; იგი სულთა შეერთებისა და გულთა ერთ ჭეშმარიტებაზე გაერთიანებისთვისაა. ეს არის მოწოდება, რომ გულები ერთმანეთს შეეხოს, ისევე როგორც მხრები ერწყმის ერთმანეთს. ეს არის მოწოდება, რომ ყველა მორწმუნემ — ენის, კანის ფერისა თუ სოციალური მდგომარეობის მიუხედავად — იგრძნოს ერთმანეთის მხარდაჭერა და ერთიანობა.

ძვირფასო მუსლიმებო!
პარასკევის ლოცვისკენ მოწოდება გვახსენებს, რომ დავტოვოთ ყოველგვარი დაყოფა, გაერთიანდეთ, განვუდგეთ განხეთქილებას და მტკიცედ ჩავეჭიდოთ ერთმანეთს — ანუ ვიქცეთ ერთიან თემად.

ეს მოწოდება მიგვითითებს იმ სანიმუშო ცხოვრებაზე, რომელსაც საჰაბები ეწეოდნენ — ისინი ქადაგებას ისეთი გულისყურით ისმენდნენ, თითქოს თავზე ჩიტი აჯდათ და უმცირესი მოძრაობითაც გაფრინდებოდა. (ებუ დავუდი, ტიბბი, 1)

ამავე დროს, ეს მოწოდება გვავალებს, რომ ისლამის ჭეშმარიტება და მუჰამმედის (ს.ა.ს.) მოწყალებით აღსავსე გზავნილი, გულიდან გულამდე ყველა კუთხე-კუნჭულში მივიტანოთ.

ძვირფასო მორწმუნეებო!
მორწმუნეები, რომლებიც პარასკევს ღმერთის წინაშე წარსადგენად საკუთარ სხეულზე, ტანსაცმელსა და სისუფთავეზე ზრუნავენ, ასევე უნდა აკონტროლონ თავიანთი სიტყვები და ქმედებები სოციალურ ცხოვრებაში და არ უნდა შეაქციონ ზურგი ერთმანეთს. ისინი ერთმანეთის პრობლემების წამალი და ერთმანეთის სირთულეების მომგვარებელნი უნდა იყვნენ; ისინი არ უნდა ჩაერთონ წვრილმან დავებში ან არ უნდა შემოიფარგლონ ზედაპირული გაგებით. მუჰამმედის (ს.ა.ს.) უმმეთი, რომელიც პარასკევის ლოცვის შესასრულებლად მეჩეთებში იკრიბება და ერთი და იგივე ყიბლას წინაშე დგას, ასევე უნდა შეინარჩუნონ ერთიანობა მეჩეთის გარეთაც და ერთად გამოიჩინონ მოთმინება სირთულეების წინაშე. მათ უნდა დაიცვან თავიანთი მეჩეთები, თავიანთი სიწმინდეები და სამშობლო.

ძვირფასო მუსლიმებო!
ამ მძიმე პერიოდში, როცა მსოფლიო კვლავ ეძებს მშვიდობის გზას, ჩვენი პასუხისმგებლობაა, შევინარჩუნოთ პარასკევის სული და გავაძლიეროთ მუსლიმთა ერთიანობა ჩვენს საზოგადოებაში.  პარასკევი ვაქციოთ არა მხოლოდ ლოცვის დღედ, არამედ შესაძლებლობად — განვაახლოთ ძმობის აღთქმა, გავაძლიეროთ ერთმანეთის მხარდაჭერა, ვიყოთ ერთმანეთის გვერდით სიხარულშიც და სიძნელეშიც.

ჩვენი ერთიანობა გამოვავლინოთ არა მხოლოდ მეჩეთში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში — ოჯახში, სამეზობლოში, საზოგადოებრივ ურთიერთობებში — ღირსებით, სიბრძნითა და მოთმინებით. დავიმახსოვროთ, ერთობაშია წყალობა, ხოლო დაშორებასა და დაყოფაში — სირთულე და სისუსტე.

დღევანდელ ხუტბას დავასრულებთ შემდეგი ჰადისით: ვინც წესისამებრ შეასრულებს მცირე განბანვას, შემდეგ პარასკევის ლოცვაზე მოვა და ყურადღებით მოუსმენს ხუტბას, მას პარასკევსა და მომდევნო პარასკევს შორის ჩადენილი ცოდვები მიეტევება…“ (მუსლიმი, ჯუმღ’ა, 27)

Comment here