სათაურებიხუტბა

სავაჭრო საქმიანობაში პატიოსნება

ძვირფასო მორწმუნენო!
ღვთის შუამავალს ერთი ტრადიცია ჰქონდა. ის ხშრად დადიოდა მედინას ბაზარში, ხალხს ესაუბრებოდა და ბაზრის მდგომარეობას აკონტროლებდა. ერთხელაც, ერთ-ერთი ასეთი გასეირნებისას ხორბლის გამყიდველთან მივიდა, ხელით შეამოწმა ხორბლის მდგომარეობა და ნახა, რომ ხორბლის ზედა ნაწილი მშრალი, ხოლო ქვედა ნაწილი სველი იყო. შუამავალმა ხორბლის გამყიდველს მდგომარეობის ახსნა მოსთხოვა, იმან კი უპასუხა, რომ ხორბალი წვიმამ დაუსველა. შუამავალს არ მოეწონა და გამყიდველი ასე გააფრთხილა: „თუ ასეა, ხორბლის სველი ნაწილი ზევით არ უნდა ამოგეტანა, რომ ადამიანებს დაენახათ? ვინც ჩვენ გვატყუებს, ჩვენიანი არ არის!“  (იხ. მუსლიმ, „იმან“ 164)

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი ძვირფასი სარწმუნოება ისლამი მოგვიწოდებს, რომ სარჩო ალალი და ლეგიტიმური გზებით მოვიპოვოთ. ყოველგვარი სავაჭრო საქმიანობა, რომლის დროსაც ღვთის კმაყოფილების მოპოვების, ადამიანთა უფლებებისა და ალალი-არამის გაუთვალისწინებლობა ხდება, კატეგორიულად აკრძალულია. მოცემულ აიათში, რომელიც ხუტბას დასაწყისში წაგიკითხეთ, უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ერთმანეთს შორის უკანონოდ არ მიირთვათ თქვენი ქონება, მხოლოდ ვაჭრობა თუ იქნება ურთიერთთანხმობით. და თავი არ მოიკლათ. უეჭველად, ალაჰი მოწყალეა თქვენდამი! (ნისა 4/29)

ძვირფასო მუსლიმებო!
ისლამის მიხედვით სავაჭრო საქმიანობაში ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი სიმართლე და პატიოსნებაა. მორწმუნე სიტყვითაც და საქმითაც სანდო ადამიანია. მორწმუნე ადამიანი ყოველგვარი საქმიანობისას ღვთის კმაყოფილების მოპოვებისათვის იღწვის, ამიტომ რაიმის ყიდვისასაც და გაყიდვისასაც სრულ პატიოსნებას ავლენს. მისგან თაღლითობა და მოტყუება გამორიცხულია. მორწმუნემ იცის, რომ თაღლითობითა და ტყუილით მიღებული სარგებელი არამია და არ შეერგება.

ძვირფასო მორწმუნენო!
მორწმუნე, რომელსაც სწამს ღვთისა და განკითხვის დღისა, სავაჭრო საქმიანობაში ტყუილსა და თაღლითობას არ მიმართავს. ის წონასა და ზომაში არასოდეს იტყუება. არ მისდევს კონტრაბანდას და ან რაიმე მსგავსი სახის არალეგიტიმურ საქმიანობას. მორწმუნე საქონლის გაყიდვის მიზნით ტყუილზე არ დაიფიცებს და არც საქონლის ნაკლს დაფარავს. მორწმუნეს ასევე ეკრძალება ფასების არამართებული გაზრდა და სხვა ადამიანებს შორის გამართული მოლაპარაკებების ჩაშლა.

ძვირფასო მორწმუნენო!

ძვირფასი შუამავალი ერთ-ერთი ჰადისის მიხედვით ასე ბრძანებს: „პატიოსანი და სანდო ვაჭარი შუამავლებთან, ერთგულბთან და შაჰიდებთან ერთად იქნება“. (იხ. თირმიზი, „ბუიუ“ 4)

ამრიგად, ამქვეყნიური სარგებლის მიღების პროცესში საიქიოს ნუ დავივიწყებთ და ფუჭი სიმდიდრის გამო მუდმივ სამყოფელში ჩვენს მდგომარეობას საფრთხის ქვეშ ნუ დავაყენებთ. ყოველნაირად ვეცადოთ, რომ არამი ლუკმა ოჯახში არ შევიტანოთ. ჩვენი ოჯახის სარჩო ალალი გზებით მოვიპოვოთ.

დღევანდელი ხუტბა შემდეგი დარიგებით მინდა დავასრულო: „ენას, ხელსა და წელს ყურადღება მიაქციე. კარი, გული და შუბლი გახსენი. საქმიანობას, მეუღლეს და სარჩოს ყურადღებით მოეპყარი. არამს არ შეხედო. არამი არ ჭამო. არამი არ დალიო. სწორად აწონე და გაზომე. ამქვეყნიური ქონებისთვის სული არ გაყიდო. იცოდე, როდესაც ძლიერი ხარ მიტევება, ხოლო განრისხებისას თავის მოთოკვა უნდა შეგეძლოს!“    

Comment here