ძვირფასო მორწმუნენო!
წაკითხულ აიათში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:
„ალლაჰისგან ბოძებულმა მოწყალებამ ლმობიერი გაგხადა მათ მიმართ. არადა უხეში და ულმობელი გული რომ გქონოდა, შემოგეცლებოდნენ. აპატიე მათ, ითხოვე მათთვის მიტევება…“ (ალი იმრანი, 3/159)
ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „ვინც სხვას შეიწყალებს, ღმერთიც მას შეიწყალებს. თქვენ მიწაზე მყოფები შიწყალეთ, რათა ცაში მყოფებმა თქვენ შეგიწყალონ“. (იხ. თირმიზი, „ბირ“, 16)
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი უზენაესი რელიგია, ისლამი, თანაგრძნობისა და წყალობის რელიგიაა. ჩვენი გამჩენი ღმერთის ერთ-ერთი სახელი “ერ-რაჰმანი-ა”. ის არის წყალობის ერთადერთი წყარო. ამასთანავე, ალლაჰის ყველა შუამავალი წყალობის მაცნეა. შუამავალი მუჰამმედი, რომელიც უკანასკნელი შუამავალია, ღვთის მიერ სამყაროს წყალობადაა მოვლენილი.
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენმა შუამავალმა (ს.ა.ვ.) ადამიანთა ურთიერთობებში ძალადობის ნაცვლად თანაგრძნობა, ხოლო სიძულვილის ნაცვლად მოწყალება ჩამოაყალიბა. ის თანაგრძნობითა და მოწყალებით ეპყრობოდა ყოველ ცოცხალ და არაცოცხალ არსებას. მან გვამცნო, რომ ერთი სიცოცხლის მოსპობა მთელი კაცობრიობის მოსპობის ტოლფასია. რელიგიის, ენისა და კანის ფერის მიუხედავად, ყველა ადამიანი იმსახურებს პატივისცემას; მან გვასწავლა, რომ ადამიანის სიცოცხლე, ქონება და ღირსება ხელშეუხებელია. შუამავლის სწავლების მიხედვით ომსაც თავისი მორალი აქვს; ომის წარმოებისას დაუშვებელია უდანაშაულო ადამინების, ცხოველებისა და მცენარეების გამეტება.
ძვირფასო მორწმუნენო!
სამწუხაროდ, დღითი დღე ვშორდებით სწავლებას, რომელიც ალლაჰის შუამავალმა დაგვიტოვა. სამწუხაროდ, ყველანაირი ძალადობის მოწმენი ვართ ოჯახში, სამსახურში, ქუჩაში და მოკლედ ყოველდღიურ ცხოვრებაში. სამწუხაროდ, ძალადობას ყველაზე მეტად ქალები, ბავშვები და მოხუცები განიცდიან. თუმცა, არ აქვს მნიშვნელობა ძალადობა ვისგან მოდის, ვისკენ არის მიმართული და რა მიზეზითაა ის გამოწვეული, ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია. ნებისმიერი სიტყვა, დამოკიდებულება ან ქცევა, რომელიც ძალადობას კანონიერად თვლის, ყურანსა და სუნაში ადგილს ვერ იპოვის. ისლამის მიხედვით ძალადობა არის სისასტიკე და ადამიანთა უფლებების დარღვევა. ის ერთ-ერთი მძიმე ცოდვათაგანია.
ძვირფასო მორწმუნენო!
ძალადობა კაცობრიობის ყველაზე დიდი მტერია. ისინი, ვინც ძალადობასა და სიძულვილს ეყრდნობიან, ყველაზე დიდ ზიანს აყენებენ კაცობრიობის საერთო ოჯახს. ამ დიდი ბოროტების ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მაგალითი დღეს პალესტინაში ხდება. მჩაგვრელები, რომლებიც არ ცნობენ უფლებებსა და კანონებს, საჭიროდ თვლიან ჩვენი პალესტინელი ძმების მიმართ ყოველგვარი ძალადობა გამოიყენონ. სასტიკად იბომბება ტაძრები, საავადმყოფოები და სკოლები; უდანაშაულო ხალხი იდევნება და იძულებული ხდება სამშობლო დატოვოს. ღაზაში ფართომასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს და ამ პროცესში ყველაზე მეტად ქალები, ბავშვები და მოხუცები იჩაგრებიან. პალესტინაში ყველაზე ელემენტარული უფლებები, როგორიცაა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ბავშვების უფლებები, განათლების უფლებები, ოკუპანტი ტირანების მიერ უხეშად ირღვევა. ადამიანთა უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები კი თვალთმაქცურად დუმილს განაგრძობენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალადობა საბოლოო ჯამში ყველას დააზარალებს და სიკეთეს არავის მოუტანს. შუამავალი ასე გვასწავლის: „განკითხვის დღეს ყველაზე დიდი წამება მათ ელოდებათ, ვინც ამქვეყნად ადამიანებს აწამებდა და ძალადობდა“. (იხ. იბნ ჰანბელი, 4, 90)
ძვირფასო მორწმუნენო!
მშობლები და მასწავლებლები ის ადამიანები არიან, ვინც ადამიანთა გულებში თანაგრძნობისა და მოწყალების თესლს ნერგავენ. ჩვენი მასწავლებლები არიან ერთგული ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ ჩვენი მომავლის გასაუმჯობესებლად. ისინი არიან თავდადებული ადამიანები, რომლებიც მთელი ძალით ცდილობენ ჩვენი შვილები სიკეთისა და სიყვარულისკენ წარმართონ, აღზარდონ ისინი თავიანთი ეროვნული და სულიერი ფასეულობების ერთგულ და გარემოსა და ხალხისთვის სასარგებლო ადამიანებად.
ამ დღესთან დაკავშირებით, პატივისცემით და მადლიერებით ვიხსენებ ყველა ჩვენს მასწავლებელს, რომლებმაც სწავლა-განათლების საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს. გარდაცვლილებს ღვთის წყალობა არ მოჰკლებოდეთ, ხოლო ცოცხლებს კი ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და მშვიდობას ვუსურვებ.
შუამავალიც ასე ბრძანებს: „მე მხოლოდ მასწავლებლად ვარ მოვლენილი“. (იხ. დარიმი, „მუყადდიმე, 32“.
Comment here