სათაურებიხუტბა

ადამიანი რწმენით ამაღლდება

ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესმა გამჩენმა მრავალი წყალობა და სარჩო მოგვმადლა. ამ წყალობათა შორის არსებობს ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანი რამ. სწორედ ეს უაღრესად მნიშვნელოვანი და ღირებული წყალობა არის რწმენა, რადგან ადამიანი რწმენის მეოხებით ამაღლდება. ადამიანთა გულები შვებას მხოლოდ და მხოლოდ რწმენით მოიპოვებენ. ადამიანთა სინდისი რწმენით განიწმინდება. გონებას რწმენა ასხივოსნებს. საფლავსაც რწმენა მოჰფენს ნათელს და განკითხვის დღესაც რწმენა გადაგვარჩენს. საბოლოოდ კი, ღვთის წყალობით, რწმენა შეგვიყვანს სამოთხეშიც.

ძვირფასო მორწმუნენო!
რწმენა არის გულით დაჯერება და აღიარება ყველა იმ დებულებისა, რაც შუამავალმა გვასწავლა. როდესაც მთავარანგელოზმა ჯებრაილმა შუამავალს ჰკითხა, თუ რა იყო რწმენა, მან უპასუხა: „რწმენა არის დაჯერება იმისა, რომ არსებობს ღმერთი, ანგელოზები, წმინდა წიგნები, შუამავლები, განკითხვის დღე და ბედისწერა“ (იხ. იბნ ჰანბელი, 1, 28)

მორწმუნე ადამიანები, რომლებიც სიკეთეს აკეთებენ, სამოთხეში დამკვიდრდებიან და იქ სამარადჟამოდ დარჩებიან.(იხ. ქეჰფ 18/107-108)რაც შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებმაც არ იწამეს ჭეშმარიტი სარწმუნოება და შუამავლის შეგონებას დაცინვით შეხვდნენ, საიქიოში ჯოჯოხეთში მოხვედრა ელოდებათ. (იხ. ქეჰფ 18/ 103-106)

ძვირფასო მორწმუნენო!
ისლამის მიღების პირველი პირობა ღვთის რწმენაა. მორწმუნემ უნდა იწამოს, რომ ღმერთი არსებობს, ის ერთადერთია და მან გააჩინა ყველაფერი. მორწმუნე მხოლოდ ღმერთს ეთაყვანება, მას მორჩილებს და მისდამი სასოებს.

ღვთის რწმენით განმსჭვალულ მორწმუნეს სწამს ანგელოზების და იცის, რომ ისინი მუდმივად მასთან არიან და ღვთის ბრძანების შესაბამისად ეხმარებიან. მორწმუნე  თავს მშვიდად და დაცულად გრძნობს.

მორწმუნეს სწამს წმინდა წიგნების. ყურანი მისი ცხოვრების უალტერნატივო გზამკვლევია, რომელიც მის ცხოვრებას შინაარსს აძლევს. მორწმუნეს სწამს შუამავლების. ის მიჰყვება ძვირფასი შუამავლის შეგონებებს და მის სუნას პირნათლად ასრულებს. მორწმუნემ იცის, რომ საუკეთესო სიტყვა ყურანია, ხოლო შუამავალი საუკეთესო გზამკვლევი. (იხ. იბნ ჰანბელი, 3, 320)

მორწმუნეს სწამს საიქიოს არსებობისა. მან იცის, რომ ამქვეყნიური ცხოვრება წარმავალია, დროებითია და აქ რასაც დასთესს საიქიოში იმასვე მოიმკის. მორწმუნე ამ რწმნით ცხოვრობს. მას ასევე სჯერა ბედისწერისა და შემთხვევისა. მან იცის, რომ სიკეთეც და ზიანიც მხოლოდ ღვთის მიერ დგინდება და შესაბამისად სიკეთის დროს მადლიერებას, განსაცდელის დროს კი მოთმინებას გამოხატავს. მორწმუნემ ასევე იცის, რომ ღვთის მიერ მომადლებული აქვს თავისუფალი ნება, რომელსაც გონებისა და სინდისის კარნახით იყენებს. მორწმუნე მთელი თავისი არსებით ცდილობს აკეთოს სიკეთე და სულიერად ამაღლდეს. მან იცის, რომ უნდა ეცადოს, შედეგს კი ღვთისგან დაელოდოს.

ძვირფასო მორწმუნენო!
როდესაც მორწმუნის გულში რწმენა ფესვს გაიდგამს, ის ამ რწმენიდან გამომდინარე პრაქტიკულ ცხოვრებაშიც შესაბამისად იქცევა. შუამავალი ბრძანებს: „რწმენა სამოცდაათამდე საფეხურისაა. ამათგან უპირველესი შემდეგი სიტყვებია: „არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა ალლაჰისა“. ყველაზე დაბალი საფეხური კი გზაზე დაგდებული ისეთი რამის აწევაა, რომელიც გამვლელებს ხელს უშლის. სირცხვილის გრძობაც რწმენის ერთ-ერთი საფეხურია“. (იხ. ნესაი, იმან, 16)

ამრიგად, მოდით, ჩვენი რწმენის პირობების შესაბამისად ცხოვრებისათვის ყველაფერი გავაკეთოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ ჩვენგან არცერთ არსებას ზიანი არ მიადგეს. განუხრელად დავიცვათ ადამიანთა უფლებები. თვალი არ დავადგათ სხვის საკუთრებას, განსაკუთრებით კი ობლებისას. ირგვლის სიყვარული და სიკეთე უნდა გავავრცელოთ. როდესაც კარგ საქმეს გავაკეთებთ, ეს უნდა გვიხაროდეს და ღმერთს მადლობა შევწიროთ, ხოლო შეცდომის დაშვებისას უნდა მოვინანიოთ და ღმერთს მიტევება ვთხოვოთ. გვახსოვდეს, რომ ჩვენი რწმენა, ღვთისადმი მორჩილება, საუკეთესო ზნეობა, სიკეთის კეთება და გულწრფელი ღვთისმსახურება არის გზა ღვთის კმაყოფილების მოპოვებისკენ, რის შედეგადაც ღმერთი საიქიო ბედნიერებით დაგვაჯილდოვებს.  

Comment here