სათაურებიხუტბა

ჩვენი რელიგიისადმი
მოწოდების
პასუხისმგებლობა

ძვირფასო მუსლიმებო!
მედინელებმა ალლაჰის შუამავალს (ს.ა.ს.) სთხოვეს, მათთვის ისეთი ადამიანი გაეგზავნა, რომელიც ისლამს შეასწავლიდა. ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა (ს.ა.ს.) ამ უმაღლესი მისიის აღსასრულებლად მუსღ‘აბ ბინ ღ’უმეირი შეარჩია.

მუსღ‘აბი, განურჩევლად დიდისა თუ პატარისა, ყველას ამცნობდა ისლამის ჭეშმარიტ სწავლებას და არაერთი ადამიანის გული ისლამს აზიარა. [1] იმდენად ნაყოფიერი აღმოჩნდა მისი მოღვაწეობა, რომ ერთი წლის თავზე მედინაში აღარ იყო დარჩენილა სახლი, სადაც ჩვენი შუამავლის (ს.ა.ს.) სახელი არ ყოფილიყო მოხსენიებული. [2]

ძვირფასო მორწმუნეებო!
ახალგაზრდა მუსღ‘აბის მიერ ასეთ მოკლე დროში მიღწეული დიდი წარმატების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მან თავის გზამკვლევად ღვთის შუამავალის (ს.ა.ს.) მშვენიერი ზნეობა და კეთილშობილური ხასიათი აირჩია.

ჩვენი შუამავალი (ს.ა.ს.) ტკბილმოუბარი, მომღიმარი სახისა და კეთილშობილი ბუნების პატრონი იყო. იგი წყალობის ელჩი გახლდათ, რომელიც კი არ ართულებდა, არამედ ამარტივებდა; კი არ აფრთხობდა, არამედ ახარებდა; ადამიანებს კი არ განიზიდავდა, არამედ სიყვარულითა და სითბოთი იზიდავდა ჭეშმარიტებისკენ.

პატივცემულო მუსლიმებო!
გამჩენი ბრძანებს: „მოუწოდე შენი ღმერთის გზისკენ სიბრძნითა და კეთილი შეგონებით…“ [3] როგორც ეს აიათი მიუთითებს, ისლამისკენ მოწოდება საზოგადოების მხოლოდ ერთი ნაწილის მოვალეობა არ არის. ისლამის სილამაზის ადამიანებისთვის გაცნობა და მისი მშვენიერების ჩვენს ცხოვრებაში წარმოჩენა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.

თითოეულმა მუსლიმმა, საკუთარი ძალისა და შესაძლებლობების ფარგლებში, სიტყვითა და საქციელით საუკეთესო მაგალითი უნდა მისცეს თავის ოჯახს, გარემოცვას და მთელ კაცობრიობას, და იზრუნოს მათთვის ჭეშმარიტების ასახსნელად.

შუამავლისეულ მოწოდებას ასრულებს ყველა, ვინც თავისი საქმითა და ქმედებით სამაგალითოა: მშობელი, რომელიც შვილის ორივე სამყაროში ბედნიერებისთვის იღვწის; მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეთა ცხოვრებაში დადებით კვალს ტოვებს; მეწარმე, რომელიც მომხმარებლის ნდობას ამართლებს; და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ნათესაურ კავშირებს უფრთხილდება და მეზობელთან კეთილგანწყობილია.

ძვირფასო მორწმუნეებო!
მოწოდების არსი ადამიანის გულში გზის პოვნაა. ზოგჯერ ეს ღიმილით ხდება, ზოგჯერ კი ერთი უბრალო სალამით. ყველას, ვისაც სურს, ღიმილიანი სახითა და ტკბილი სიტყვით ადამიანთა გულები მოიგოს, უნდა ახსოვდეს და საკუთარ თავს შეგონებად დაუდგინოს შუამავლის (ს.ა.ს.) სიტყვები, რომლებიც მან  ალის (რ.ა.) უთხრა: „ალლაჰს ვფიცავ, თუ ალლაჰი შენი საშუალებით ერთ ადამიანს სწორ გზაზე დააყენებს, ეს შენთვის უკეთესია, ვიდრე მთელი ქვეყნიერება და ყველაფერი, რაც მასშია.“ [4]

ძვირფასო მუსლიმებო!
ტექნოლოგიების განვითარებამ ისლამისკენ მოწოდებისთვის ახალი შესაძლებლობები შექმნა. დღეს შეგვიძლია მივაწვდინოთ ჩვენი სიტყვა ადამიანებს იმ ადგილებშიც კი, სადაც თავად არასოდეს ვყოფილვართ. თუმცა, რაც უფრო ფართოვდება ჩვენი სიტყვის გავრცელების შესაძლებლობა, მით უფრო იზრდება პასუხისმგებლობაც.

ამიტომ თითოეულმა ჩვენგანმა, ვინც სოციალურ ქსელებში რაიმეს აქვეყნებს ან აზიარებს, უნდა გაითვალისწინოს დიადი ღმერთის შეგონება: „საკმარისია მან სიტყვა წარმოთქვას და უეჭველად, მეთვალყურე მზადყოფნაშია ესწრას მას..“ [5]

რაიმეს გაზიარებამდე უნდა დავრწმუნდეთ მის სისწორეში, ხოლო სხვის ცხოვრებაზე საუბრისას პატივი ვცეთ მის პირად სივრცესა და ღირსებას. საკითხები, რომლებიც ცოდნისა და მეცნიერული მსჯელობისთვის არის განკუთვნილი, სოციალურ ქსელებში დაუფიქრებლად და ზომიერების გარეშე საჯარო განხილვის საგნად არ უნდა ვაქციოთ.

არ უნდა დაგვავიწყდეს: დაუფიქრებლად ნათქვამმა ერთმა სიტყვამ ან დაუდევრად გაკეთებულმა ერთმა გაზიარებამ შეიძლება ადამიანის გულში ისეთი იარა დატოვოს, რომლის ტკივილიც მას წლების განმავლობაში გაჰყვება.

ძვირფასო მუსლიმებო!
ისეთებად ვიქცეთ, რომ ჩვენი შემხედვარე ადამიანს ისლამის გაცნობა მოუნდეს; ჩვენი სიტყვის მომსმენს ჩვენი შუამავლის (ს.ა.ს.) მშვენიერი ზნეობის მიბაძვის სურვილი გაუჩნდეს; ხოლო ჩვენს მიერ გაწვდილ ხელში ადამიანმა არა მხოლოდ დახმარება, არამედ ნდობა, სიმშვიდე და უსაფრთხოება იგრძნოს. მოდი, ჩვენი სიტყვებით კი არ ვუთხრათ ადამიანებს, როგორი არის ისლამი, არამედ ჩვენი ცხოვრებით ვაჩვენოთ მათ მისი მშვენიერება.

ხუტბის კი შუამავალის (ს.ა.ს.) სიტყვებით დავასრულებ: „ალლაჰმა ნათელი მიჰმადლოს იმ ადამიანის სახეს, ვინც  ვინც ჩვენგან რამე მოისმინა და ზუსტად ისე გადასცა სხვას, როგორც მოისმინა.“ [6]

[1] იბნი საღ‘დი, ტაბაყათი, I, 219, 220.
[2] იბნი ჰიშამი, სირეთი, II, 278.
[3] სურა ნაჰლი, 16/125.
[4] ფედაილუს-საჰაბე, 34; ბუხარი, მეღაზი, 39.
[5] სურა ყაფი, 50/18.
[6] დარიმი, მუყადდიმე, 24.

Comment here