
ძვირფასო მუსლიმებო!
ისტორია და დღევანდელობა გვიჩვენებს, რომ ერების ერთიანობას, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ხშირად ემუქრება შიდა თუ გარე ძალების ვერაგული ზრახვები. თუმცა, დიდებული და გმირი ხალხი, ღვთის შეწევნითა და წყალობით, ყოველთვის ახერხებს მოღალატეების მიერ დაგებული მახეების თავზე დამხობას. როდესაც საქმე სამშობლოს, ეროვნულ და სულიერ ღირებულებებს ეხება, ქალი და კაცი, ახალგაზრდა და მოხუცი — ყველანი ერთ გულად უნდა ვიქცეთ და ერთად დავიცვათ ჩვენი მომავალი.
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ, მორწმუნეებს, მთელი გულით გვწამს წმინდა აიათის: „ნუ სწუხარ! ჭეშმარიტად, ღმერთი ჩვენთანაა“ (სურა თევბე, 9/40). როდესაც საქმე ჭეშმარიტ ფასეულობებსა და სულიერ სიწმინდეებს ეხება, მორწმუნენი მტკიცედ დგებიან ყოველგვარი უსამართლობისა და მანკიერების წინაშე. მათ, ვინც საზოგადოებაში შუღლის გაღვივებასა და ნდობის შელახვას გეგმავს, უნდა იცოდნენ, რომ სიმართლისა და მშვიდობისმოყვარე ხალხი, ღვთის ნებით, ყოველთვის დაიცავს თავის სულიერ მთლიანობასა და საზოგადოებრივ ერთობას.
ჩვენი სულიერი სიმტკიცე, ცხოვრებისეული გამოწვევების დაძლევა და სამართლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცე — ეს არის ჩვენი მორჩილება ღვთისადმი, რწმენა ჩვენს მკერდში და უზენაესი ფასეულობების გაცნობიერება. ეს დიდი ჭეშმარიტება კი შემდეგ სიტყვებშიც ნათლად აისახება: სამშობლოს ფასს მიწაზე დაღვრილი სისხლი სძენს, ხოლო მიწა მხოლოდ მაშინ ხდება მამული, როცა ჰყავს შვილი, რომელიც მისთვის სიცოცხლესაც არ დაიშურებს.

ძვირფასო მუსლიმებო!
მრავალ საზოგადოებრივ საფრთხეს შორის ყველაზე ფარული და მზაკვრული მაინც ის ძალებია, რომლებიც ბოროტად იყენებენ ადამიანის რწმენას, უზენაეს რელიგიასა და წმინდა ფასეულობებს. ისინი ხშირად სიმართლის, სათნოებისა და სიკეთის ნიღბით გვევლინებიან, თუმცა საკუთარი მდაბიო, პირადი ამბიციებისთვის იყენებენ რელიგიურ და ზნეობრივ ცნებებს.
ისინი გულმოდგინედ მალავენ თავიანთ რეალურ მიზნებს, მანიპულირებენ ახალგაზრდების გულუბრყვილობით, უნგრევენ მათ მომავალს და პირადი ინტერესების გამო მორალურად დასაშვებად მიიჩნევენ ტყუილს, თვალთმაქცობასა და ორპირობას. ისინი ისეთ წმინდა მოვალეობებსა და სათნო საქმეებს, როგორიცაა ქველმოქმედება, ღვთიმსახურება და თანაგრძნობა, თავისი სავალალო მიზნების მისაღწევად მხოლოდ იარაღად იყენებენ. უზენაესი გამჩენი ასეთ ორპირთა ბუნებას შემდეგნაირად აგვიწერს: „როდესაც აფრთხილებენ: ნუ თესავთ არეულობას დედამიწაზე! ისინი პასუხობენ: ჩვენ მხოლოდ მშვიდობისმთესველნი ვართ. თვალი გაახილეთ! სწორედ ისინი არიან არეულობის მთესველნი, თუმცაღა არ აცნობიერებენ.“ (სურა ბაყარა, 2/11, 12).
ძვირფასო ძმებო!
ადამიანთა შორის განხეთქილებისა და უნდობლობის მთესველნი საკუთარ განზრახვაზე ადვილად არ იღებენ ხელს. ასეთი დესტრუქციული ძალები მუდამ ეცდებიან რელიგიური გრძნობებით მანიპულირებას და სხვადასხვა ნიღბითა თუ მეთოდით ჩვენი რწმენის, ურთიერთპატივისცემისა და სოციალური ჰარმონიის მოშლას. ყოველ ხელსაყრელ მომენტში ისინი შეეცდებიან საზოგადოებაში შუღლის დათესვას, ადამიანების დაპირისპირებას და ჩვენი საერთო მშვიდობის დარღვევას.
იმისათვის, რომ მყარად დავიცვათ თავი რელიგიური მანიპულაციებისა და ფარული მახეებისგან, უპირველესი გზა სწორ განათლებაზე გადის. ჩვენი უზენაესი წიგნი — წმინდა ყურანი და საყვარელი შუამავლის (ს.ა.ს.) სუნა მხოლოდ კომპეტენტური, სანდო და აღიარებული წყაროებისგან უნდა შევისწავლოთ, რათა შემდგომ ეს ცოდნა ცხოვრებაში სწორად დავნერგოთ. ამავდროულად, ჩვენი უმთავრესი მოვალეობაა, რომ მომავალი თაობა — ჩვენი შვილები და ახალგაზრდები — თავიდანვე ვაზიაროთ სუფთა, ჯანსაღ და ნამდვილ რელიგიურ ფასეულობებს. მხოლოდ ასეთი ცოდნით აღჭურვილ საზოგადოებაში ვერასოდეს ჰპოვებენ გზას ისინი, ვინც რწმენის ბოროტად გამოყენებას ცდილობს.
განსაკუთრებით ოჯახურ ცხოვრებასა და სოციალურ ურთიერთობებში უფრო მეტად უნდა განვამტკიცოთ ნდობა, გულწრფელობა, მეგობრობა და ძმობა. ნუ მივეცემით თვითკმაყოფილებას ფიქრით, რომ საფრთხეებმა უკვე ჩაიარა; როგორც მურწმუნეებმა, გამოვიჩინოთ შორსმჭვრეტელობა და გონიერება. ნუ დავივიწყებთ, რომ განხეთქილება არასოდეს იძინებს, ღალატი ყოველ წამს ეძებს ხელსაყრელ მომენტს, ხოლო მტერი ხშირად ცვლის თავის მეთოდებს.
ხუტბას კი შემდეგი ჰადისით დავასრულებ: „…რა ცუდია ის ადამიანი, რომელიც რელიგიას ამქვეყნიურ ინტერესებს სწირავს!… რა ცუდია ის ადამიანი, რომელიც საკუთარმა ვნებებმა და სურვილებმა სწორი გზიდან გადააცდინა!…“ (თირმიზი, სიფათულ-ყიამე, 17).





Comment here