ვედრებასათაურები

მგრძნობელობა
და პასუხისმგებლობა

პატივცემულო მუსლიმებო!
ბედნიერი ინდივიდისა და მშვიდობიანი საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სათნოება მგრძნობელობა და პასუხისმგებლობის გრძნობაა. ეს თვისება გულისხმობს სხვებისთვისაც იმავე სიკეთის სურვილს, რაც საკუთარი თავისთვის გვინდა; საკუთარი მოვალეობების გაცნობიერებასა და მათ შესასრულებლად ძალისხმევის არდაშურებას. ჭეშმარიტი მგრძნობელობა ნიშნავს, სხვის სიცოცხლესა და ქონებას საკუთარივით გავუფრთხილდეთ, ხოლო ადამიანთა ღირსება და პატივი ისეთივე სიწმინდედ მივიჩნიოთ, როგორც საკუთარი.

ძვირფასო მორწმუნეებო!
ოჯახის, საზოგადოებისა და მთელი კაცობრიობის წინაშე პასუხისმგებლობის გამოჩენა მუსლიმობის ერთ-ერთი ფუნდამენტური მოთხოვნაა. უზენაესი გამჩენი ბრძანებს: ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გაუფრთხილდით თქვენ პასუხისმგებლობასთუ თქვენ სწორ გზას ადგახართ, გზააბნეულნი ვერაფერს დაგაკლებენ (მაიდე, 5/105).

დიახ, გულგრილობა და უდარდელობა მუსლიმს არ შეეფერება. ჭეშმარიტი მორწმუნე ისაა, ვინც მუდამ ესწრაფვის თავისი მოვალეობების სრულყოფილად შესრულებას.

პასუხისმგებლიანი მუსლიმი პატივისცემითა და შემწყნარებლობით ეპყრობა მშობლებს, მეუღლესა და შვილებს. საზოგადოებრივი ჰარმონიის მისაღწევად მას ძმობისა და თანაგრძნობის მორალი ცხოვრების ყველა სფეროში გადააქვს. მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა იმყოფებოდეს, იგი გულით გრძნობს ყოველი ჩაგრულისა და დაზარალებულის ტკივილს და აკეთებს ყველაფერს, რაც მის ძალებს შესწევს.

ძვირფასო ძმებო!
მუსლიმისგან მოითხოვება, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით მოეპყრას მისთვის მინდობილ სამყაროსა და ბუნებას. როგორც საკუთარ სახლს, სამუშაო ადგილსა და სალოცავს უფრთხილდება და ასუფთავებს, ასევე გულმოდგინედ უნდა მოუაროს მთელ გარემოს. მუსლიმის ვალია, განსაკუთრებული მზრუნველობა გამოიჩინოს ტყის, მიწისა და წყლის რესურსების მიმართ. მან დღესვე უნდა მიიღოს საჭირო ზომები, რათა ხვალ არ გაიღვიძოს თავზარდამცემი ამბებით — „ჩვენი ფილტვები (ტყეები) იწვის!“

ძვირფასო მორწმუნეებო!
მუსლიმისგან, რომლის მთელი ცხოვრება და ყოველი ღვთისმსახურება დროის მკაცრი განრიგითაა მოწესრიგებული, მოითხოვება დროის მიმართაც მაქსიმალური პასუხისმგებლობის გამოჩენა და მისი ფუჭად არდაკარგვა. შრომა და პროდუქტიულობა ხომ მუსლიმის უპირველესი ნიშანია, მისი დასვენება კი მხოლოდ ერთი საქმის დასრულება და მეორის დაწყებაა.

მორწმუნე ჰგავს ფუტკარს. ფუტკარივით ის ყოველთვის კარგ, სუფთა და ჰალალ (ნებადართულ) ნივთიერებებს ეზიდება. ყოველთვის კარგ რამეს აწარმოებს, მუდამ სიკეთეს მიჰყვება. ის არაფერს არც ღვრის, არც ტეხავს და არც აზიანებს (იბნი ჰანბელი, II, 199). ეს წმინდა ჰადისი ამ თემას საუკეთესოდ და ყველაზე ლამაზად აჯამებს.

ძვირფასო მუსლიმებო!
არასოდეს დაგვავიწყდეს, რომ ჩვენთვის და ჩვენი მომავალი თაობებისთვის სიცოცხლისთვის ვარგისი, უსაფრთხო სამყაროს აშენების ერთადერთი გზა ჩვენი გარემოს, დროისა და გარშემომყოფების მიმართ მგრძნობელობისა და პასუხისმგებლობის გამოჩენაზე გადის.

ამიტომ, ჩვენს დღევანდელ ქადაგებას ვასრულებთ შუამავლის (ს.ა.ს.) შემდეგი სიტყვებით: სადაც არ უნდა იყო, გქონდეს ალლაჰის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა! თუ განზრახ ან უცოდინარობით ცუდ საქმეს ჩაიდენთ, მაშინვე ჰქმენით კარგი საქმე, რათა მან წაშალოს ცუდი. მაშ, ადამიანებს მოეპყარით კარგი ზნეობით!“ (თირმიზი, ბირრი, 55).

Comment here