სათაურებიხუტბა

ყურბან ბაირამი

ძვირფასო მორწმუნეებო!
​სულიერი სიმშვიდითა და უდიდესი სიხარულით ვეგებებით კიდევ ერთ ყურბან ბაირამს — ალლაჰის უსაზღვრო წყალობის, მორჩილების, სოლიდარობისა და საყოველთაო ზეიმის მადლმოსილ დღესასწაულს. დღეს ჩვენი გულები თექბირის  ხმებით ივსება, მეჩეთები — მორწმუნეთა გულმხურვალე ვედრებით, ხოლო სამყარო — გამჩენის წყალობისა და მიტევების მადლით იმოსება.

​უსაზღვრო მადლობასა და ქებას აღვავლენთ უზენაესი ალლაჰის მიმართ, რომელმაც მშვიდობით მოგვაღწევია ამ ბარაქიან დღეებამდე. სალამს და მშვიდობა ვუგზავნით მის რჩეულ შუამავალს, მუჰამმედ მუსტაფას (ს.ა.ს.), რომელმაც საკუთარი ცხოვრებითა და მაგალითით გვასწავლა, რომ ყურბანი მხოლოდ მსხვერპლშეწირვა კი არა, არამედ გამჩენისადმი სრული მორჩილების, ერთგულებისა და სულიერი სიახლოვის უზენაესი გამოხატულებაა, ხოლო ბაირამი — სიყვარულის, ძმობისა და ურთიერთპატივისცემის დღეა.

პატივცემულო მუსლიმებო!
​დღეს ბაირამია…
​ეს არის თევჰიდისა (ერთღმერთიანობისა) და ვაჰდეთის (ერთიანობის) დღე; დღე, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მილიონობით მორწმუნე ერთი ყიბლისკენ მიმართავს მზერას, ერთადერთ ღმერთს სცემს თაყვანს და ისლამური ერთობის უდიდეს სურათს ქმნის. არაფატზე აღვლენილი ვედრება, ქაღ’ბას გარშემო შესრულებული ტავაფი და ერთხმად აღვლენილი თექბირები შეგვახსენებს, რომ ყოველი მუსლიმი ერთიანი მუსლიმური თემისა და უმმათის განუყოფელი წევრია.

​დღეს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში აღსრულდება ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ს.) წმინდა სიტყვები: დღეს ჩვენი პირველი საქმე სადღესასწაულო ლოცვის შესრულებაა, შემდეგ კი — ყურბანის შეწირვა. ვინც ასე მოიქცევა, იგი ჩვენს სუნნეთს მიჰყვება“ [1].

​ყურბანი არ არის მხოლოდ რიტუალური მსხვერპლშეწირვა. იგი არის შუამავლი იბრაჰიმის (ა.ს.) მორჩილების, შუამავლი ისმაილი (ა.ს.) თავდადებისა და ადამიანის ღვთისადმი უანგარო ერთგულების სიმბოლო. ამიტომ, როდესაც ბესმელეთი, თექბირითა და ვედრებებით ვწირავთ ყურბანს, ჩვენ მხოლოდ მატერიალურ დოვლათს კი არ ვანაწილებთ, არამედ ჩვენს გულებში თანაგრძნობას, სოლიდარობასა და ღვთისმოშიშების ცნობიერებას განვამტკიცებთ.

ძვირფასო მორწმუნეებო!
​დღეს ბაირამია…

​ეს არის დრო, როდესაც განსაკუთრებული ძალისხმევით უნდა განვამტკიცოთ ოჯახური, ნათესაური და საზოგადოებრივი კავშირები. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) გვასწავლის: ადამიანებო! გაავრცელეთ სალამი თქვენ შორის, გამოკვებეთ ადამიანები და გაამყარეთ ნათესაური კავშირები“ [2].

​სწორედ ამიტომ, დღეს არის:
​მშობლების მოკითხვისა და მათგან დალოცვის მიღების დღე;

​ნათესავთა, მეგობართა და მეზობელთა კავშირების განმტკიცების დღე;

​ავადმყოფთა, მოხუცებულთა და მზრუნველობას მოკლებულთა გულების გათბობისა და სტუმრობის დღე;

​ბავშვების დასაჩუქრების, მათთვის სადღესასწაულო განწყობის შექმნისა და გულებში ბაირამის სიყვარულის ჩანერგვის დღე.

​ამ დიდებულ დღეს არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი მიცვალებულებიც — მათ სულებს ჩვენი ვედრებებით, ქველმოქმედებითა და კეთილი მოგონებებით მივაგებთ პატივს.

ძვირფასი მუსლიმებო!
​დღეს ბაირამია…

​მიტევებისა და საყოველთაო შერიგების დღე. დღე, როდესაც უნდა დასრულდეს ყოველგვარი წყენა, გულები უნდა გათავისუფლდეს წყენისგან და ძმური სიყვარული უნდა განმტკიცდეს.

​უზენაესი ყურანში გვამცნობს: მორწმუნენი მხოლოდ და მხოლოდ ძმები არიან. მაშ, გამოასწორეთ თქვენს ძმებს შორის არსებული …“ [3].

​დღეს, სადღესასწაულო სიხარულთან ერთად, ჩვენს გულებში განსაკუთრებით უნდა გავიხსენოთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ტანჯული, დევნილი და ომის ქარცეცხლში მყოფი ჩვენი ძმები და დები. მათი ტკივილი ჩვენი ტკივილია, მათი გასაჭირი კი — ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა. ვალდებულნი ვართ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში — ვედრებით, მატერიალური დახმარებითა და თანაგრძნობით — მათ გვერდში დავუდგეთ.

ძვირფასო მუსლიმებო!​შევევედროთ უზენაეს ალლაჰს, რომ ეს მადლმოსილი ბაირამი დაგვიდგინოს:
​ჩვენს სულებში — მუდმივი სიმშვიდის,
​ჩვენს სახლებში — ულევი ბარაქის,
ჩვენს ოჯახებში — სიყვარულისა და სიმტკიცის,

​ხოლო მორწმუნეთა შორის მტკიცე ერთობისა და ძმობის საფუძვლად.

​ხუტბას ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ს.) ბრძნული დარიგებით დავასრულებ: ვინც ალლაჰის სახელით თავშესაფარს გთხოვთ, შეიფარეთ. ვინც ალლაჰის სახელით რამეს გთხოვთ, მიეცით. ვინც მიგიწვევთ, მიიღეთ მისი მიწვევა. ხოლო ვინც სიკეთეს გაგიკეთებთ, სიკეთითვე უპასუხეთ...“ [4].

​ალლაჰმა მოგვმადლოს მადლმოსილი, მშვიდობიანი და გამჩენის წიაღ მიღებული დღესასწაული.

​[1] ბუხარი, ღ’იდეინი, 3.
[2] იბნი მაჯე, ეტღ‘იმე, 1.​
[3] ჰუჯურათი, 49/10.
​[4] ებუ დავუდი, ზექათი, 38.

Comment here