
პატივცემულო მუსლიმებო!
უზენაესმა ღმერთმა მოგვმადლა გონება და თავისუფალი ნება, რათა ღირსეულად მოვაწყოთ როგორც ამქვეყნიური, ისე საიქიო ცხოვრება; მოგვივლინა შუამავლები და გამოგვიგზავნა წიგნები. სიტყვებით — „უეჭველად, ალლაჰის წინაშე ერთადერთი რელიგია ისლამია“ (ალი იმრანი, 3/19) — მან ისლამი დაადგინა მთელი კაცობრიობისთვის ქვეყნიერების აღსასრულის ჟამის მოსვლამდე.
ისლამი არის რელიგია, რომელიც კაცობრიობას მშვიდობისა და ბედნიერებისკენ მოუწოდებს. იგი წმენდს გონებას ცუდი აზრებისგან, ხოლო სულს — ეგოიზმისა და სიხარბისგან; აჩვენებს ადამიანებს ხსნის გზას. იგი ასწავლის, როგორ დავამკვიდროთ დედამიწაზე სამართლიანობა, კეთილშობილება და სიკეთე.
ძვირფასო მორწმუნეებო!
ისლამის არსი არის თევჰიდი (ერთღმერთიანობა). თევჰიდი ნიშნავს იმის გულწრფელ აღიარებასა და გაცხადებას, რომ სიდიადე და უზენაესობა მხოლოდ ერთ ღმერთს — ალლაჰს ეკუთვნის. ეს არის ჭეშმარიტი მფლობელისადმი მორჩილება, ვნებების მონობისგან გათავისუფლება და ნამდვილი თავისუფლების მოპოვება. თევჰიდი გვასწავლის, რომ ალლაჰის გარდა არავის წინაშე მოვიხაროთ ქედი და სიმართლესა და ჭეშმარიტებაზე მყარად, ღირსეულად ვიდგეთ.
უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „იგია ალლაჰი, ღმერთი თქვენი. მის გარდა სხვა ღვთაება არ არსებობს. იგი არის ყოველივეს გამჩენი. მაშ, მხოლოდ მას ეთაყვანეთ. იგი არის ერთადერთი, ვისაც შეიძლება დაეყრდნოთ.“ (ენღ’ამი, 6/102)
ძვირფასო მუსლიმებო!
ისლამის საზოგადოებრივ ცხოვრებაში გამოვლინება არის ვაჰდეთი, ანუ ერთობა, ერთსულოვნება და ძმობა. მორწმუნეებს ჰყავთ ერთი ღმერთი, ერთი შუამავალი, ერთი წიგნი და ერთი საორიენტაციო მხარე (ყიბლა). ამიტომ მათ უნდა იყვნენ შეკრულნი ერთმანეთთან ყოველ ვითარებაში და ერთობლივად აღუდგნენ წინ უსამართლობასა და ძალადობას. განსხვავებები უნდა აღვიქვათ როგორც სიმდიდრე და არა დაყოფის მიზეზი; ისინი უნდა იქცეს არა განხეთქილების, არამედ ურთიერთგაძლიერებისა და ერთიანობის საფუძვლად. ამაზე უზენაესი გამჩენი ნათლად ბრძანებს: „უეჭველად, თქვენი ეს სარწმუნოება ერთი და იგივე სარწმუნოებაა. და მე თქვენი ღმერთი ვარ. მაშ, თაყვანი მეცით მე!“ (ენბია, 21/92)

ძვირფასო მორწმუნეებო!
დღეს კაცობრიობა სერიოზული კრიზისების წინაშე დგას. ჩვენი სამყარო, რომლის ქაოსსა და დაპირისპირებაში ჩათრევას ცდილობენ, კვლავ შეიძლება იქცეს მშვიდობისა და თანაარსებობის სივრცედ — წმინდა ყურანის სიცოცხლისმომნიჭებელი პრინციპების წყალობით. ადამიანთა გულების გამოცოცხლება და ერთმანეთთან დაახლოება კი შესაძლებელია ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ს.) მაღალი ზნეობისა და მისაბაძი ცხოვრების გზის მიბაძვით.
პატივცემულო მუსლიმებო!
რწმენის ჭეშმარიტი მფლობელი ღმერთია. მან იგი ზემოგვივლინა და თავადვე დაიცავს განკითხვის დღემდე. (ჰიჯრი, 15/9) ამ რელიგიის წიგნი არის წმინდა ყურანი, ხოლო მისი შუამავალი — მუჰამმედ მუსტაფა (ს.ა.ს.), რომელმაც ისლამი ყველაზე სრულყოფილად იცხოვრა და ასწავლა. შესაბამისად, ვერავინ და ვერც ერთი ჯგუფი ვერ მიითვისებს ისლამს თავის საკუთრებად. არავის აქვს უფლება, შფოთი და განხეთქილება გააჩინოს, დააზიანოს მუსლიმთა ერთობა და მოგვიშალოს, სიმშვიდე და მშვიდობა. უნდა გვახსოვდეს, რომ ისლამი არის ისეთი უზენაესი რელიგია, რომელიც ვერ მოექცევა ვიწრო ჩარჩოებში და ვერ შემოიფარგლება ერთი სივრცით.
უზენაესმა ალლაჰმა არ დაგვაშოროს ერთობას, ძმობასა და ერთსულოვნებას.
ხუტბას კი საყვარელი შუამავალის (ს.ა.ს.) შემდეგი ვედრებით დავასრულებ: „ღმერთო ჩემო! დაგვიფარე განხეთქილების, ორპირობისა და ცუდი ზნეობისგან.“ (ებუ დავუდი, ვითრი, 32)





Comment here