სათაურებიხუტბა

ჩვენი შუამავალი მუჰამმედი (ს.ა.ს)
და სავაჭრო ზნეობა

ძვირფასო მუსლიმებო!
ერთ დღეს, საყვარელი შუამავალის (ს.ა.ს) წინაშე ერთი საჰაბი მივიდა და ჰკითხა:

„ ღვთის შუამავალო! მე ვაჭარი კაცი ვარ. როცა რაღაცის ყიდვას ვაპირებ, ფასს თავიდან დაბალს ვამბობ და ნელ-ნელა ვზრდი. ხოლო როცა ვყიდი, მაღალ ფასს ვამბობ და შემდეგ ვაკლებ. ეს რამდენად მართებულია?   “

შუამავალმა (ს.ა.ს) მიუგო: „ ასე არასოდეს მოიქცე! თუ რამეს ყიდულობ, თქვი მისი ნამდვილი ფასი — უნდათ, მოგყიდონ, უნდათ, არა. თუ რამეს ყიდი, თქვი მისი ნამდვილი ფასი — უნდათ, იყიდონ, უნდათ, არა. “ (იბნი მაჯე, თიჯარეთი, 29)

ძვირფასო მორწმუნეებო!
ჩვენი აღმატებული სარწმუნოების — ისლამის — ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის სავაჭრო ზნეობა. ისლამის მიერ დაწესებული სავაჭრო ზნეობის საფუძველი ჰალალისა და ჰარამისადმი სიფრთხილის გამოჩენაა. ყურანში ვკითხულობთ:

وَاَق۪يمُوا الْوَزْنَ بِالْقِسْطِ وَلَا تُخْسِرُوا الْم۪يزَانَ
გამართეთ სასწორი სამართლიანად და არ დააკლოთ  წონაში. “ (რაჰმანი, 55/9)

ამით ისლამი გვასწავლის, რომ საზომსა და სასწორში სამართლიანობა უნდა გამოვიჩინოთ, ხოლო სიცრუესა და თაღლითობას განვუდგეთ.

ძვირფასო მუსლიმებო!
ჩვენი სავაჭრო ცხოვრების საუკეთესო მაგალითი თვითონ შუამავალი (ს.ა.ს) არის, რომელიც შუამავლურ მისიამდე თვითონაც ვაჭრობაში იყო. ის „მუჰამმედულ-ემინად“ — სანდო მუჰამმედად — იყო ცნობილი. შუამავალი (ს.ა.ს) ასწავლიდა შრომას, ჰალალი გზით საზრდოს მოპოვებას, და კიცხავდა ზარმაცობასა და მათხოვრობას. მან გააფრთხილა ისინი, ვინც  თაღლითობდნენ, სასწორს აკლებდნენ, სიცრუესა და ჰარამში ეფლობოდნენ — რომ მათთვის ჯოჯოხეთის ტანჯვა გარდაუვალი იქნებოდა.

ძვირფასო ძმებო და დებო!
სამწუხაროდ, დღეს ჩვენ იმ დროის მომსწრეები ვართ, რომელიც შუამავალმა (ს.ა.ს) ახსენა: „ მოვა ისეთი დრო, როდესაც ადამიანი ყურადღებას აღარ მიაქცევს იმას, ქონება საიდან მოიპოვა, ჰალალიდან თუ ჰარამიდან! “ (ბუხარი, ბუიუღ’ი, 23)

დღეს ზოგიერთი, სწრაფად გამდიდრების სურვილით, ჰალალ-ჰარამის საზღვარს აღარაფრად თვლის. ისლამში აკრძალულია: გაყიდული პროდუქტის რეალობის დამალვა, მონოპოლია და მომგებიანობის მიზნით საქონლის გადამალვა, სესხზე პროცენტის აღება, ფულის შავი გზით შოვნა. ასევე: დაპირების შეუსრულებლობა, ისეთ ვალდებულებაზე ხელის მოწერა, რასაც ვერ შეასრულებ. უცხო და ადგილობრივი კლიენტებისთვის სხვადასხვა ფასის დაწესება მოტყუებაა და ცოდვაა. სტიქიის, კრიზისის, სასწავლო წლის ან დღესასწაულების დროს საქონლის ფასების ხელოვნურად გაზრდა —  არის მორწმუნის ქონების მიტაცება და მძიმე ცოდვაა.

ბაზარში საქონლის ნაკლის დამალვა, ან გასაჭირში მყოფის გამოჟირვა და მისი ნამდვილი ღირებულების ქვემოთ ყიდვა — არის სიხარბე და ღალატი. შუამავალი (ს.ა.ს) ნათლად გვაფრთხილებს: „ მუსლიმი მუსლიმის ძმაა. დეფექტიანი საქონლის დეფექტის დამალვით მიყიდვა ჰალალი არ არის. “ (იბნი მაჯე, თიჯარეთი, 45)

ძვირფასო მორწმუნეებო!
ისლამის სწავლების თანახმად, სადაც სიკეთე ხელობას ერწყმის, ოფლს ვედრება ეწევა და ქონება მხოლოდ ჯიბეში კი არა, გულშიც გროვდება ეს არის მორწმუნის ნამდვილი მონაგარი. ყურანი გვამცნობს:

კაცთ,  რომელთაც ვერც ვაჭრობა და ვერც ყიდვა-გაყიდვა ვერ მოწყვეტს ალლაჰის მოხსენიებას, ლოცვის აღსრულებასა და ზექათის გაღებას. მათ ეშინიათ იმ დღის, როცა შეძრწუნდება გულნი და თვალნი.“ (ნური, 24/37)

ჩვენი ვალდებულებაა ისლამის სულისკვეთება იყოს ჩვენს ვაჭრობაში, ჰალალის გზით ვიშოვოთ ლუკმა-პური და მხოლოდ ღვთის კმაყოფილების დამსახურებას მივაპყროთ გული. არ დაგვავიწყდეს: ვაჭრობის ბარაქა სიმართლეშია, სიმშვიდე — ჰალალში, ნამდვილი მოგება კი — ალლაჰის კმაყოფილების მოპოვებაში.

ხუტბას დავასრულებ შემდეგი ჰადისით: „ სანდო და წრფელი ვაჭარი ანგარიშსწორების დღეს იქნება შუამავლებთან, მართლებთან და მოწამეებთან ერთად. “ (თირმიზი, ბუიუღ’ი, 4)

Comment here