სათაურებიხუტბა

ენა – ადამიანს ან სამოთხეში, ან ჯოჯოხეთში განაწესებს

პატივცემულო მუსლიმებო!
ერთხელ შუამავალმა მუჰამედმა (ს.ა.ს.) საჰაბე – მუღ’აზ იბნი ჯებელს, ჰკითხა: „განა არ გინდა მოგახსენო ის, რაც შენს რწმენას სრულყოფს და დააგვირგვინებს?“ შემდეგ კი თავის მადლიან ენას ხელი ჩასჭიდა და თქვა: „აი, ამას გაუფრთხილდი!“ მუღ’აზმა იკითხა: „ალლაჰის შუამავალო! ნუთუ ჩვენ ჩვენი ნათქვამი სიტყვების გამო პასუხს ვაგებთ?“ ამის პასუხად ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს) ყოვლად მნიშვნელოვან სიტყვები წარმოთქვა: „ნუთუ ადამიანებს ჯოჯოხეთში არ მიაქანებს ის, რასაც ისინი თავიანთი ენით მოიხვეჭენ?“ (თირმიზი, იმანი, 8)

ძვირფასო მორწმუნეებო!
ენა – უზენაესი ალლაჰის მიერ ადამიანზე ბოძებული უდიდი ნიჭია და ამავდროულად მძიმე გამოცდა. ენა – გონების სარკე და გულის მთარგმნელია. ჩვენს გულში არსებული აზრები და გრძნობები მისი მეშვეობით ვლინდება. იგი პატარაა, მაგრამ მისი გავლენა – უდიდესი. ენისგან წამოსული სიტყვები შეიძლება იყოს როგორც სამოთხისკენ, ისე ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა. სიტყვა შეიძლება იყოს სითბოს მომტანი და ბედნიერების წყარო, ან პირიქით – სევდის და ტკივილის მიზეზი. ერთი სიტყვით შეიძლება გულებს შორის ხიდები აშენდეს, ობოლს ღიმილი მოჰგვაროს და გაჭირვებულს დახმარება გაუწიოს. მაგრამ სიტყვა ასევე შეიძლება დარდის მიზეზად იქცეს, ღამეების უძილოდ გათენება გამოიწვიოს, ან ცოდვაში ჩაგვითრიოს და ალლაჰის მოწყალებისგან დაგვაშოროს. როგორც პოეტი ამბობს:

„სიტყვას შეუძლია, ომი დაასრულოს,

სიტყვას შეუძლია, თავი მოჰკვეთოს,

სიტყვას შეუძლია, საწამლავი თაფლად და კარაქად აქციოს.“

პატივცემულო მუსლიმებო!
ენის სასარგებლო თვისებებთან ერთად, მას სერიოზული საფრთხეებიც ახლავს. ალლაჰის არსებობისა და ერთადერთობის უარყოფა, სიცრუისადმი მიჯაჭვულობა, უდანაშაულო ადამიანის ცილისწამება, ჭორაობაში დროის ფლანგვა და ადამიანთა შორის შუღლის გაღვივება – ენით გამოწვეული უდიდესი პრობლემებია. ხუმრობითაც კი ადამიანის ღირსების შელახვა და მასზე შეურაცხყოფის მიყენება ენის წარწყმედაა. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს) ბრძანებს:

 مَنْ كَانَ يُؤْمِنُ بِا للّٰهِ وَالْيَوْمِ الْآخِرِ فَلْيَقُلْ خَيْرًا أَوْ لِيَصْمُتْ

 „ვისაც სჯერა ალლაჰისა და უკანასკნელი დღის, ან კარგი სთქვას ან გაჩუმდეს!“ (ბუხარი, რიყაყი, 23)

ძვირფასო მორწმუნეებო!
ენის საფრთხეები მხოლოდ რეალურ ცხოვრებას არ ეხება. ციფრულ სამყაროშიც უამრავი ცოდვა და აკრძალული ქმედებაა, რომლებიც სწორედ ენით სრულდება. ტყუილი, ცილისწამება, დაცინვა და უხამსი სიტყვები რეალურ ცხოვრებაში აკრძალულია, ისევე როგორც ვირტუალურ სივრცეში. ადამიანების რეპუტაციის შელახვა, სხვათა დამცირება, უსამართლოდ დადანაშაულება და შეურაცხყოფა – ეს ყველაფერი ასევე უდიდესი ცოდვაა. თუ რეალურ ცხოვრებაში გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება მძიმე ცოდვაა, ვირტუალურ სამყაროში მისი გაზიარებაც იგივე პასუხისმგებლობას იწვევს. განსაკუთრებით დიდი ცოდვაა საზოგადოების მღელვარებაში ჩაგდება, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით არეულობის გამოწვევა და  ერთობის მოშლა.

 

პატივცემულო მუსლიმებო!
ხუტბის დასაწყისში წაკითხულ აიათში უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: “საკმარია მან სიტყვა წარმოთქვას და უეჭველად, მეთვალყურე მზადყოფნაში ესწრას მას.” (სურა ყაფი, 50/18)

მაშ, დავუფიქრდეთ თითოეულ სიტყვას, რომელიც ჩვენს ბაგეებს ტოვებს. მოვერიდოთ ყველა იმ სიტყვა, რომელიც არღვევს სიყვარულსა და თანადგომას, იწვევს სიძულვილსა და მტრობას. არავის ვავნოთ ჩვენი სიტყვებით – არც ოჯახში, არც მეზობლობასა და ნათესაურ ურთიერთობებში, არც სამუშაო ადგილას, არც ქუჩაში და არც ცხოვრების სხვა რომელიმე სფეროში. ვიყოთ მუსლიმები, რომელთა ხელისა და ენისგან სხვები დაცულნი არიან. ჩვენს სიტყვებში აისახოს ისლამის სილამაზე. გავიხსენოთ ალლაჰის შუამავალის (ს.ა.ს.) სიტყვები:

اَلْكَلِمَةُ الطَّيِّبَةُ صَدَقَةٌ
კეთილი სიტყვა ქველმოქმედებაა.” (ბუხარი, ჯიჰადი, 128)

პატივცემულო მუსლიმებო!

ხუთშაბათს ბარათის ღამეს შევეგებებით. ეს მნიშვნელოვანი პერიოდი გავატაროთ ღვთიმსახურებაში.

Comment here