სათაურებიხუტბა

მარადისობის
გზაზე გაცილება

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი დიადი რელიგიის, ისლამის თანახმად, ადამიანი როგორც სიცოცხლეში ისე გარდაცვალების შემდეგაც ძვირფასია და ყოველგვარ პატივისცემას იმსახურებს.  როგორც ადამიანი დაბადების დროს იბანება,  ხოჩიჩში იდება და ეზანს, ყამეთსა და ვედრებებს ვუკითხავთ, ასევე, გარდაცვალებისას გასუფთავდება, სუდარათი შეიმოსება, ხელით წავიღებთ საფლავამდე და ლოცვა-ვედრებით ვემშვიდობებით. რადგან სიკვდილი დასასრული კი არ არის, არამედ მარადიული ცხოვრების დასაწყისია. მორწმუნისთვის სიკვდილი პირველ ეტაპს წარმოადგენს, სადაც ის ალლაჰის უსასრულო წყალობასა და სიკეთეს მიიღებს. ეს არის კარი, რომელიც სამოთხისკენ იღება, სადაც მის საყვარელ ადამიანებს შეხვდება.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი რელიგიური და ადამიანური ვალდებულებები გვაქვს გარდაცვლილთა მიმართ. პირველ რიგში, აუცილებელია მიცვალებულის განბანა და სუდარათი შემოსვა. ჩვენი ვალდებულებაა ასევე მიცვალებულისთვის ლოცვა-ვედრების აღვლენა და მისი მოწიწებით მარადისობის გზაზე გაცილება. მიცვალებულის ლოცვა სრულდება ისე, რომ მამაკაცები წინა რიგებში დგანან. დაუშვებელია მიცვალებულთან კამათი, მუსიკის ან ტაშის კვრით გაცილება, მიცვალებულის სახლის, ლოცვის ადგილის გვირგვინებით ან ფოტოებით მორთვა. ჩვენი ვალდებულებაა ასევე მიცვალებულისთვის ალლაჰის მიტევება ვთხოვოთ, მისთვის ვედრება აღვავლინოთ და მის შესახებ კარგი ვისაუბროთ. შუამავალმა მუჰამედმა (ს.ა.ს.) ბრძანა: „თუ მიცვალებულს სიკეთით მოიხსენიებთ, მას სამოთხე მიემადლება, ხოლო თუ ცუდად მოიხსენიებთ, ჯოჯოხეთს დაიმსახურებს. რადგან თქვენ ხართ ალლაჰის წინაშე მოწმენი დედამიწაზე.“ (მუსლიმი, ჯენაიზი, 60)

ძვირფასო მუსლიმებო!
გარდაცვლილის ოჯახის წევრების ნუგეშისცემა, მოთმინების სურვილის გამოხატვა, ტკივილის გაზიარება და ყურანის კითხვის საშუალებით მათი გულების დამშვიდება ისლამური ძმობის გამოვლინებაა. ამასთან, სამძიმარში გარკვეული საკითხების გათვალისწინება აუცილებელია. ისლამის მიხედვით, სამძიმარი არ უნდა გაგრძელდეს სამ დღეზე მეტ ხანს. სამძიმრის პერიოდში, მიცვალებულის ოჯახს მძიმე ხარჯის გაწევა ან სტუმრებისთვის დიდი მასპინძლობა არ მართებს. პირიქით, გარდაცვლილის ოჯახისთვის საჭმლის მომზადება მეზობლებისა და ნათესავების მოვალეობაა, რაც სუნნეთია. თავად ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.), როცა გაიგო, რომ მისი ბიძაშვილის, ჯაფერ იბნი ებუ თალიბის ოჯახი მძიმე განსაცდელში იყო, ბრძანა: „ჯაფერის ოჯახისთვის საჭმელი მოამზადეთ…“ (თირმიზი, ჯენაიზი, 21)

ძვირფასო მორწმუნენო!
სამწუხაროდ, ჩვენ ისე ვართ ჩართული ამქვეყნიურ ცხოვრებაში, რომ სიკვდილზე ფიქრიც კი აღარ შეგვიძლია. ნელ-ნელა ვშორდებით იმ ადათ-წესებს, რაც ისლამმა მიხვალებულის წესებთან დაკავშირებით გვიბრძანა. ზოგიერთი ადამიანი, რომლის კორპუსში ან ქუჩაში მიცვალებულია, ჩვეულებრივ განაგრძობს ცხოვრებას თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ზოგიერთი კი ტელევიზიებსა და ციფრულ პლატფორმებზე, რეიტინგის გამო, გარდაცვლილთა კადრებს უსასრულოდ ტრიალებს, რაც მწუხარე ოჯახის გლოვას უფრო მეტად ამძაფრებს. მუსლიმი ადამიანი ვერ იქნება გულგრილი გარშემო მიმდინარე მოვლენების მიმართ. ის ვერ მოიქცევა ისე, თითქოს არაფერი მომხდარა და გარდაცვლილის ოჯახს გულს ვერ ატკენს უხეში სიტყვებითა და საქციელებით.

ძვირფასო მორწმუნენო!
გარდაცვლილთა მარადისობის გზაზე გაცილება ისლამური ტრადიციების დაცვით განვახორციელოთ. მიცვალებულები სიკეთით მოვიხსენიოთ. მათი სახელით სიკეთე ვაკეთოთ, სარგებლის მომტანი ქველმოქმედება შევასრულოთ და ისეთი საქმის განხორციელება დავიწყოთ, რომელიც მათ სახელის უკვდავყოფასა და მათთვის ლოცვა-ვედრებას შეუწყობს ხელს. ასე, ჩვენც შევიტანთ წვლილს იმაში, რომ ჩვენს გარდაცვლილთა ნამოქმედართა წიგნები არ დაიხუროს.

ხუტბა ამ აიათით მინდა დავასრულო, რომელიც სიცოცხლისა და სიკვდილის არსს გვიხსნის: „უთხარი: უეჭველად, ჩემი ლოცვა და შესაწირი ჩემი, სიცოცხლე და  სიკვდილი ჩემი სამყაროთა ღმერთს,  ალლაჰს ეკუთვნის.” (ენღ’ამი, 6/162)

Comment here