
ძვირფასო მორწმუნენო!
ჰიჯრით მეათე წელს ალლაჰის შუამავალი და მისი თანამგზავრები არაფატში შეიკრიბნენ, რათა ჰაჯის ღვთისმსახურება აღესრულებინათ. იმ დღეს შუამავალმა ალლაჰის ბრძანებები და აკრძალვები გამოაცხადა ესენი იყო ისლამის საყოველთაო გზავნილები და ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. აღნიშნული ქადაგება, მოგვინებით, „გამოსამშვიდობებელი ქადაგების“ სახელით გახდა ცნობილი. ამ ქადაგებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი ცოცხალ არსებათა ხელშეუხებლობა და დაცულობა იყო. იმ დღეს შუამავალმა კაცობრიობას შემდეგნაირად მიმართა:
„ხალხნო!
როგორც ეს დღეები, ეს თვეები და ეს ქალაქია წმინდა და ხელშეუხებელი, ისეთივე ხელშეუხებელია თქვენი სიცოცხლე, თქვენი ქონება და თქვენი სული. ისინი ყოველგვარი ხელყოფისგან დაცულია“ (ბუჰარი, „ილიმ“ 9)

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი რელიგიის, ისლამის მიხედვით, ადამიანი, გაჩენილთა შორის, ყველაზე ამაღლებული არსებაა. ის ყველა სახის პატივისცემას იმსახურებს. ყველა ადამიანი, ქალი იქნება თუ კაცი, მიუხედავად მათი წარმომავლობისა, ეროვნებისა, კანის ფერისა და სხვა განსხვავებისა, ხელშეუხებელია და მათი სიცოცხლე წმინდაა. აქედან გამომდინარე, დაუშვებელია აბორტის გზით ნაყოფის სიცოცხლის შეწყვეტა, თუ მედიცინით აუცილებელი და რელიგიურად ლეგიტიმური მიზეზი არ არსებობს. არავის აქვს უფლება სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს. დაუშვებელია ისეტი ტრადიციის მიმდევრობა, რომელიც მკვლელობებს ახალისებს. დაუშვებელია სახელმწიფოს ადგილას თავის დაყენება და დამნაშავის სიკვდილით დასჯის მცდელობა. მოკლედ, არავის აქვს უფლება სხვას სიცოცხლე წაართვას, სხეულს ზიანი მიაყენოს ან მისი პატივი და ღირსება შელახოს. ხუტბას დასაწყისში მოცემული იყო აიათი, სადაც უზენაესი გამჩენი ბრძანებს: „და ვინც მორწმუნეს მოკლავს განზრახ, ჯოჯოხეთია მისი საზღაური, სადაც დარჩება მუდმივად. განურისხდა მას ალლაჰი და დაწყევლა იგი და გაუმზადა მას სასჯელი საშინელი!“ (ნისა, 4/93)

ძვირფასო მორწმუნენო!
სამწუხაროა, რომ ყოველდღიურად ჩვენი სამყარო საცხოვრებლად გაუსაძლისი ხდება. მოძალადე მკვლელები, რომლებიც საკუთარი თავის გარდა სიცოცხლის უფლებას არავის აძლევენ, ისტორიაში იშვიათი სახის გენოციდს სჩადიან, განსაკუთრებით ღაზასა და სხვა მუსლიმურ ქვეყნებში. სამწუხაროდ, როგორც მუსულმანები, ჩვენს ისლამურ მგრძნობელობას დღითიდღე ვკარგავთ და მორალურად ვეცემით. ძალადობა გავრცელებულია ყველგან; ოჯახში, სკოლაში, საქმიან ცხოვრებაში და ქუჩაში. ბოროტი ადამიანების ამბიციები და გაუმაძღრობა ასეთ დღის წესრიგს გვთავაზობს. ყოველდღიურად ბევრი უდანაშაულო ადამიანი იღუპება და ბევრი ცრემლი იღვრება. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ღმერთის შიში, შემდგომი ცხოვრების გაცნობიერება და პასუხისმგებლობის გააზრება არ იქნება ჩადებული ადამიანთა გულებში და თუ დამნაშავეებისთვის არ იქნება დაწესებული შემაკავებელი სასჯელი, ბოროტი ადამიანები დანაშაულის ჩადენას ისევ გააგრძელებენ. ყურანში ვკითხულობთ: „ჰეი, გონიერნო! სამაგიეროს გადახდაში სიცოცხლეა თქვენთვის. ეგების დაცული იქმნეთ ყოველივე ცუდისაგან!“ (ბაყარა 2/179)
დიახ, კრიმინალებისთვის სახელმწიფოს მიერ კანონის წინაშე დაკისრებული შემაკავებელი სასჯელი მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს და საზოგადოებრივი წესრიგის დამყარებას უზრუნველყოფს.
ძვირფასო მორწმუნენო!
შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „მუსლიმი ის ადამიანია, რომლის ხელისგან და ენისგან ადამიანებს საფრთხე არ მოელით“. (იხ. იბნ ჰანბელი, 6, 22)
ჩვენი მოვალეობაა, რომ არასოდეს დავთმოთ გულმოწყალება და ჩვენი ხელით და ენით ზიანი არავის მივაყენოთ. არასოდეს მივმართოთ ძალადობას და ძალადობის გავრცელებას ხელი არ შევუწყოთ. ჩვენი შვილები და ახალგაზრდები ისე აღვზარდოთ, რომ ჩვენი ერისთვის და კაცობრიობისთვის სამაგალითონი და სასახელონი იყვნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ყველა ადამიანის სიცოცხლეს წმინდად მივიჩნევთ, როგორც საკუთარს, თუ სხვასაც იგივს ვუსურვებთ, რაც საკუთარი თავისთვის გვსურს, მაშინ სრულყოფილი მორწმუნე, სამაგალითო მუსლიმი და კარგი ადამიანები ვიქნებით





Comment here