სათაურებიხუტბა

ყადირის ღამე: ათას თვეზე უკეთესი ღამე

ძვირფასო მორწმუნენო!
დრო უსწრაფესად გადის და ჩვენ სიხარულსა და მწუხარებას ერთდროულად განვიცდით. ჩვენ უკვე შვებისა და ღვთიური წყალობის, რამადანის თვის დასასრულს ვუახლოვდებით. ამ პანდემიის პერიოდში, როდესაც გადამდები დაავადების გამო დიდი განსაცდელის წინაშე ვდგავართ, რამადანი განსაკუთრებული სულიერი სიმშვიდისა და მხნეობის მომტანია. ჩვენ დიდი მღელვარებით ველოდებით ყადირის ღამეს. ამ ძნელბედობის ჟამს, ეს ძვირფასი ღამე, ჩვენი სულიერი ამაღლებისა და სიმშვიდის მომტანი იქნება. უსაზღვრო მადლიერებას ვუძღვნით უზენაეს გამჩენს, რათა კიდევ ერთხელ დაგვასწრო ამ ძვირფას თვეს და ყადირის ღამეს. დალოცვილ იყოს ყადირის ღამე.

ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესმა გამჩენმა მთელი კაცობრიობის ჭეშმარიტ გზაზე დასაყენებლად, უმეცრებისა და უსამართლობის აღსაკვეთად, სიბნელისა და იუმედობის გასაფანტად  ყურანი მოგვივლინა. ღმერთმა ღირებულება შეჰმატა ყველაფერ იმას, რასაც ყურანთან მჭიდრო კავშირი გააჩნია. მისი წაკითხვა, გაგება და პრაქტიკულ ცხოვრებაში გატარება დიდი მადლი და წყალობაა. ყურანის მოვლინება რამადანის თვეში დაიწყო, ამიტომ ეს თვე დანარჩენი თერთმეტი თვის სულთანია. ყურანის მოვლინება ყადირის ღამეს დაიწყო, ამიტომ ეს ღამე ათას თვეზე უფრო სასიკეთოა.

ძვირფასო მორწმუნენო!
ყადირის ღამე, ყველა მორწმუნის გულში, სიმშვიდისა და სათნოების დამკვიდრების ღამეა. ყადირის ღამე საუკეთესო შემთხვევაა მათთვის, ვისაც ღვთური წყალობის, შენდობის, სულიერი ამაღლებისა და განწმენდის იმედი აქვთ. უზენაესი გამჩენი ყურანში ბრძანებს:

„უეჭველად, ჩვენ გარდმოვავლინეთ იგი[1] ყადირის[2] ღამეს!
 რა გამცნობს შენ, რას ნიშნავს ყადირის ღამე?
ყადირის ღამე ათას თვეზე უკეთესია!
ღმერთის ნებით გადმოდიან ანგელოზები და სულ[3], ყოველი ბრძანების შესასრულებლად.
ის ღამე, ცისკრის ამოსვლამდე, მშვიდობითა და ბედნიერებითაა აღსავსე! (ყადირი 97/1-5)

ძვირფასო მორწმუნენო!
გამომდინარე აქედან, მოდით, ამ ყადირის ღამეს, როდესაც ყურანი პირველად იქნა მოვლენილი, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, რაოდენ ღრმა და შინაარსიანია ჩვენი ურთიერთობა ყურანთან. მოდით, გავიხსენოთ ჩვენი ამქვეყნად მოვლინების მიზანი, დავფიქრდეთ და გავიხსენოთ ღვთისადმი შეფიცული პირობა, რომ მისი თაყვანისმცემლები ვიქნებოდით და ეს პირობა კიდევ ერთხელ განვაახლოთ. ეს ძვირფასი ღამე ღვთისმსახურებით, ვედრებით, ხსენებით, თაყვანისცემით, მონანიებითა და მადლიერების შეწირვით გავატაროთ. კიდევ ერთხელ გულმხრუვალედ ვთხოვოთ გამჩენს, რომ ეს განსაცდელი, მსოფლიო პანდემია  და სხვა ფიზიკური თუ სულიერი განსაცდელები  დაასრულოს და გვაშოროს. და ასევე გავიხსენოთ ვედრება, რომელსაც შუამავალი გვასწავლის, რათა ყადირის ღამეს  ღმერთს შევევედროთ:

„ღმერთო! შენ მიმტევებელი ხარ, მიტევება გიყვარს, მომიტევე! (იხ. თირმიზი, „დეავათ“ 84)

[1]         [1] წმინდა ყურანი
[2]         [2] როგორც ბუჰარი და მუსლიმი გადმოგვცემენ, ყადირის ღამე, მთვარის კალენდრის მიხედვით მეცხრე თვის, ე.ი. რამაზნის თვის 27-ე  ღამეა
[3]         [3] მთავარანგელოზი ჯებრაილი

 

Comment here